საპრეზიდენტო არჩევნები 2018: ყოველკვირეული მიმოხილვა N2

2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით Civil.ge ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას აგრძელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების საქმიანობის, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის ამ გამოცემაში გასული კვირის (17-23 სექტემბრის) განმავლობაში განვითარებულ მნიშვნელოვან საარჩევნო მოვლენებს გაგაცნობთ.

ცესკოს საქმიანობა

  • საარჩევნო პროცედურები

16 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩევბელთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს მიმართა და შეახსენა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიებში პირადი მონაცემების გადამოწმებისა და შესწორების შეტანის ბოლო ვადა 10 ოქტომბერია.

22 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ პრესკონფერენციაზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესზე ისაუბრეს . ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საკონსულოებში აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდნენ ან საზღვარგარეთ მისამართზე უნდა იყვნენ რეგისტრირებულები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღიცხვაზე არ იმყოფებიან, მათ 7 ოქტომბრის ჩათვილით, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნა დაახლოებით 40 ქვეყენაში იგეგმება.

  • კანდიდატების რეგისტრაცის და შემდგომი პროცედურები

23 სექტემბერს ცესკო-მ პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 25 კანდიდატი დაარეგისტრირა. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 – საინიციატივო ჯგუფის მიერ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის ვადა 16 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ.

კანდიდატების რეგისტრაციის მოთხოვნით, ცესკოში სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ცესკო-ს ინფორმაციით, 21 კანდიდატობის მსურველს რეგისტრაციაზე სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი, ხოლო 19 საინიციატივო ჯგუფს იმ მოტივით, რომ მათ დადგენილ ვადაში მხარდამჭერთა სია ვერ წარმოადგინეს.

  • შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

17 სექტემბერს ცესკო-ში შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ელიზაბეთ რუდთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან პიტერ ვიბერთან. ასევე, ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ლამბერტო ზანიერთან, სადაც საქართველოში ეროვნული უმცირესობების საარჩევნო უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

18 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეხევდრა გაიმართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებთან, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნებზე 400-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება, აქედან 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი. ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დამკვირვებლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.

19 სექტემბერსვე ცესკო-ს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების დროებითი კომიტეტის წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. დამკვირვებლები საქართველოში წინასაარჩვენო გარემოს გაცნობის მიზნით 18 სქეტმბერს ჩამოვიდნენ და ვიზიტი 21 სექტემბერს დაასრულეს.

20 სექტმებერს ცესკოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ცესკო-ს ინფორმაციით NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისიის წარმომადგენლები საქართველოში 17 სექტემბერს ჩამოვიდნენ და საარჩევნო პროცესებს თბილისსა და რეგიონებში დააკვირდებიან.

20-23 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ხარვეზები

პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა აღმოჩნდა, რაც პოლიტიკური პარტიების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. ცესკო-ში საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განმარტეს, რომ სათანადო რეაგირებისთვის პროკურატურაში შესაბამისი დოკუმენტები უკვე გადაგზავნიალია.

პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია

პრეზიდენტობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

  • დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო

გასული კვირის განმავლობაში, რეგიონებში აქტიურ შეხვედრებს მართავდა ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე. მისი მთავარი გზავნილები – პენსიის 50 ლარით ზრდა, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნვა, საპრეზიდენტო ფონდის 50%-დან სტუდენტების დაფინანსება და უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ლეგალური დასაქმების უზრუნველყოფაა.

ბაქრაძის თქმით, საქართველოს ცვლილებები სჭირდება. „ქვეყანაში დაგროვილია უამრავი პრობლემა და გაჭირვება, დღეს კი არავინ არ არის ამის მიმხედი“, – განაცხადა მან.

ბათუმში მხარდამჭერებთან გამრთულ შეხვედრაზე, დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებზე ბევრი ამომრჩევლი მივა, რომლებიც „აირჩევენ არა კონკრეტულ სახელს და გვარს, არამედ აირჩევენ ცვლილებებს, აირჩევენ უკეთესობას, აირჩევენ საიმედო ხვალინდელ დღეს და გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომ შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ“.

  • გრიგოლ ვაშაძე – ძალა ერთობაშია 

თბილისსა და რეგიონებში ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავს გრიგოლ ვაშაძე.

ქობულეთში გამართულ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა და ხალხის ნებაა ცვლილებები„არა სიღარიბეს, არა უმუშევრობას, არა ნარკოკარტელებსა და ბიზნესის რეკეტსარა ივანიშვილის კორუფციულ მმართველობას საქართველოში“, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ 28 ოქტომბერს მოქალაქეები საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირებენ და „საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება“.

გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის ინიციატივასაც გამოეხმაურა და მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, ქუთაისს ჩამოართვას საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი… პარლამენტი არის და იქნება ქუთაისში“, – განაცხადა მან.

გრიგოლ ვაშაძე კანაფის კულტივაცია-რეალიზებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანაფისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების აკრძალვისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის, ის საკუთარ გუნდთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

„ჩვენი პოზიციაა, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანებს არ უნდა აპატიმრებდნენ. მოხმარება დანაშაული არ არის, წარმოება და გასაღება კი, დანაშაულია“, – განაცხადა ვაშაძემ 20 სექტემბერს.

გრიგოლ ვაშეაძემ თანაგუნდელებთანე ერთად, 19 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტიც გააპროტესტა. ინციდენტის დროს, ნაციონალური მოძრაობის წევრს გია უკლებას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრები გია უკლებას „ლაჩრულად“ თავს დაესხნენ. „ეს არაა კერძო დეპუტატზე თავდასხმა, არამედ ჩვენი სახელმწიფოს, დემოკრატიისა და იდეალების შეურაცხყოფაა. თითოეული ძალადობის ფაქტზე ახალი ინიციატივებითა და ხედვებით გიპასუხებთ, რომელსაც მოქალაქეები გაიზიარებენ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

  • დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა

კახეთში, რთველში მიიღო მონაწილეობა შენების მოძრაობის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, მან ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე საკუთარი პოზიციები სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში დააფიქსირა. ხორბლის საგზაო სატრანსპორტო საშუალებებით შემოტანის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით, რასაც ამ სფეროში დასაქმებული მძღოლების პროტესტი მოჰყვა, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხორბლის იმპორტთან და მძღოლებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან „მორიგი გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯი იყო

17 სექტემბერს დავით უსუფაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა20 სექტემბერს კი, ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა.

  • კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო 

ძირითადად სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს თავისუფალი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა.

16 სექტემბერს, მან სამების ტაძრიდან თავისუფლების მოედნემადე მარიხუანის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ „მარიხუანის ბიზნესი სხვა არაფერია თუ არა ერთი ოჯახის გამდიდრება ქართველი ახალგაზრდობის განადგურების ხარჯზე“.

18 სექტემბერს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში კახა კუკავამ მიგრანტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „თუ არ დავაწესებთ შეზღუდვებს მიგრანტების ნაკადზე თურქეთიდან, სხვადასხვა არაბული ქვეყნებიდან, პაკისტანიდან და ა.შ. ჩვენს პატარა ერს 21-ე საუკუნეში უბრალოდ გაქრობა ემუქრება“. მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო გზავნილი სწორედ მიგრანტებს ეხება.

კახა კუკავა 19 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტებსაც შეხვდა, რომლებსაც დამფინანსებელ კომპანიაში არსებული ფინასური პრობლემების გამო, მუშაობა „საგანგებო რეჟიმში“ უწევთ. 21 სექტემბერს კახა კუკავა თბილისში მყოფ ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა.

  • შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია

ყოველ ხუთშაბათს, Facebook-ის პირდაპირი ეთერის საშუალებით მოქალაქეების კითხვებს პასუხობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი. ის გურჯაანში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა და მინისტრებს დაზარალებულებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევისკენ მოუწოდა.

21 სექტემბერს ის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პარლამენტის გადატანა კი არ სჭირდება, ქვეყანას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმის გადატანა და გადაგდება ისტორიის სანაგვეზე. რაც შეეხება პარლამენტს ის უნდა იყოს ქუთაისში“.

შალვა ნათელაშვილმა 22 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე დენის ტარიფის შესაძლო გაძვირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, დენის ტარიფის „შემცირება“ დაიწყება.

  • სალომე ზურაბიშვილი – მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას შეხვედრები დასავლეთ საქართველოსა და კახეთში გამართა. მის შეხვედრებში ქართული ოცნების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

22 სექტემბერს ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე, დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების ერთი ჯგუფი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ისინი დარბაზში არ შეუშვეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ზუგდიდის შეხვედრას ესწრებოდა, ინციდენტის შესახებ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაწვდიან. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც „2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი“.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა მის წინააღმდეგ აგორებული „ცრუ კამპანიის“ შესახებ ისაუბრა. „მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დავიწყე, ჩემი მისამართით ცრუ ბრალდებები ისმის…ამ ცრუ ცნობების გავრცელების მიზანია, დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან. თითქოს მე სადმე ვთქვი, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე კი, პირიქით განვაცხადე, რომ საინფორმაციო კამპანიას ჩავუდგებოდი სათავეში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციაა საჭირო და ის მზად არის, რომ ამ საინფორმაციო კამპანიას სათავეში ჩაუდგეს. მედიაში მისი ეს განცხადება კანონპროექტის იმ ნაწილს დაუკავშირეს, რომელიც მარიხუანის მოყვანა-კულტივაციას ეხება, რასაც საზოგადოებისა და ეკლსიის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა მოჰყვა. პატრიარქის კორეპისკოპოსმა იაკობმა მას „კანაფის დედოფალიც“ უწოდა.

ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, სალომე ზურაბიშვილმა აფხაზური ენის დაცვაზეც ისაუბრა და განცხადა, რომ აფხაზური ენის, კულტურის, იდენტობის ერთადერთი დამცველები ქართველები არიან. “რუსეთი, რაც უფრო მძლავრად შედის აფხაზეთში, მით უფრო ქრება აფხაზური ენა, იდენტობა. პრეზიდენტს ევალება, დაიცვას აფხაზური ენა, დაიცვას ჩვენი მოსახლეობა და მე ამას გავაკეთებ“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)