არასამთავრობოები პარლამენტის თავმჯდომარეს სამოქალაქო სექტორის „დისკრედიტაციაში“ ადანაშაულებენ
რვა წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 8 ოქტომბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისინი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას გმობენ და მას ქართული ოცნების „აგრესიული რიტორიკის“ გაგრძელებად, არასამთავრობო ორგანიზაციების „დელეგიტიმაციისა“ და „დისკრედიტაციის“ მცდელობად აფასებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭირვალობამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, განაცხადეს, რომ „აგრესიული რიტორიკა“ მათი 1 ოქტომბრის განცხადების შემდეგ გაძლიერდა, რომელიც „ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა“.
„დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობოებმა ასევე აღნიშნეს, რომ პრობლემებზე „სისტემური და სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, ფაქტობრივად ყოველდღე, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, საზოგადოებას სთავაზობს ყურადღების გადატანას პრობლემის შინაარსიდან კრიტიკის ავტორებზე, რითაც ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები“.
„გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც თავის მხრივ აძლიერებს საზოგადოების პოლარიზების და საკითხების პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით გამოყენების რისკებს. ამ პირობებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, „უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას“. ისინი ასევე მოუწოდებენ ქართული ოცნების პოლიტიკოსებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და „მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან“.
პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციები „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული განცხადების გამო ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრეც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი ხელმძღვანელები პარტიულ ინტერესებს ატარებენ, რომ ისინი პირადი ინტერესებით მოქმედებენ და მათი საზოგადოებრივი აზრის კვლევები დაუსაბუთებელია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)