უბნების 100 % დათვლილია: სალომე ზურაბიშვილი 38.64 %, გრიგოლ ვაშაძე 37.74 %
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, ყველა უბანი უკვე დათვლილია.
3 705 უბნის დათვლის შედეგად, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 615 624 ხმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 38.64 %-ია. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი, მხარი 601 188 ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 37.74 %-ია.
დავით ბაქრაძემ, რომელმაც პირველადი შედეგების მიხედვით, ხმების 10.97 % მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა, არჩევნებში დამარცხება გუშინვე აღიარა და მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, უბნების 100 %-ის დათვლის შედეგად, შალვა ნათელაშვილმა ხმების 3.74 % მიიღო, დავით უსუფაშვილმა და ზურაბ ჯაფარიძემ 2.26-2.26 %, კახა კუკავამ კი – 1.33 %. სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებმა ამომრჩევლის 1 %-იანი მხარდაჭერის მიღებაც ვერ შეძლეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში სულ 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46.74%-ია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)