სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძნობს

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. 19 ნოემბერს ის კახეთში, სოფელ კისისხევში ახალგაზრდა მეღვინეებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც მასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძეც ესწრებოდნენ, საპრეზიდენტო კანდიდატმა ყურადღება მეღვინეობის დარგის განვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ სექტორში წამყვანი როლი „კერძო სექტორსა და კერძო ადამიანს აკისრია“.

„ამ სახელმწიფოს რაც ყველაზე მეტად სჭირდება არის ეკონომიკა დაფუძნებული ძლიერ თავისუფალ ადამიანზე და თქვენ ხართ ამის წინა ფრონტი და ხაზი“, – მიმართა მან მეღვინეებს და რეგიონების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისივე განმარტებით, თბილისსა და რეგიონებს შორის არსებული დისბალანსი უნდა აღმოიფხვრას, რაც არის „ტიპიურად ჩამორჩენილი ქვეყნის ფორმა“, როდესაც დედაქალაქის განვითარებას რეგიონები ვერ ეწევიან და შესაბამისად „ვერ ვითარდებიან“.

შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მხრივ ღვინის ექსპორტს გაუსვა ხაზი. „ქართული ღვინის გატანით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქართველო არ არის მხოლოდ დახმარების მიმღები, სუსტი, ღარიბი, ქვეყანა, ეს არის ძლიერი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ძლიერი წარსული, კულტურა და ცივილიზაცია“, – განაცხადა მან.

მეღვინეებთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ქართულ ოცნებაში შემავალი ფრაქცია „ქართულ ოცნება – სოციალ-დემოკრატებთან” დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებს შეხვდა და მათთან პოლიტიკაში ქალების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ერთ-ერთი ძალიან დიდი ძალა წინ წასვლის არიან ქალები და ეს ბუნებრივიც არის, შვილი როცა გყავს, შვილიშვილი, შენ წინ იყურები, უფრო ქალები არიან ჩართული ასეთი არის მოცემულობა ბუნებრივი, უფრო ქალები არიან ჩართული და უფრო ისინი ზრუნავენ ამ შვილების მომავალზე“, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა ახალი კონსტიტუციის ფარგლებში, პრეზიდენტის ფუნქციას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ის არ იქნება ჩართული „პოლიტიკურ პოლიტიკაში“. „მე მინდა, რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ ის თანამედროვე ქართული საზოგადოება, არა რაღაც კოპიო, რომელიღაც სხვა ქვეყნის, თანამედროვე, სამართლიანი და ქართული“, – განაცხადა მან.

ქალთა ორგანიზაციის წევრებთან საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება“.

მანვე ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ კი ნარკომანიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ეს არის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს“. მისივე თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს საინფორმაციო კამპანიები, რათა „დავანახოთ [ახალგაზრდებს] თუ რას ნიშნავს, ეს მათი ჯანმრთელობისა და მომავლისთვის და როგორ შეიძლება, რომ სხვა კუთხით დაინახონ თავიანთ ცხოვრებაში პერსპექტივა“.

სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირების საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრირების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ „ჩვენ ეს ადამიანები უნდა გავითავისოთ, მივიღოთ, საზოგადოებაში ჩავთვალოთ“.

ზურაბიშვილთან ერთად, შეხვედრას ქართული ოცნების დეპუტატები გია ჟორჟოლიანი და მარიამ ჯაშიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)