პრეზიდენტი ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს და დემოკრატიის გაუარესების გამო „შეშფოთებას“ გამოთქვამს

29 ნოემბერს გაკეთებულ მოკლე განცხადებაში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუარესების გამო „შეშფოთებულია“.

განცხადების დასაწყისში მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მეორე ტურში მაღალი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობას გიხდით არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის. თქვენმა ასეთმა მაღალმა აქტიურობამ ნათლად აჩვენა, რომ თქვენთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვიდვებლებს „მაღალი პროფესიონალიზმისთვის“, ხოლო მედიასაშუალებებს არჩევნების „ინტენსიური და კვალიფიციური გაშუქებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საკუთარი დაკვირვებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებების ანალიზის საფუძველზე, „მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე“. „საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“, – განაცხადა მან.

მანვე სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მისი ადმინისტრაციის მზადყოფნა გამოხატა, რომ „დავიწყოთ თანამშრომლობა როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე“. „ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდნტი“, – დასძინა მარგველაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)