ყვითელი ჟილეტები და ბარიკადები პარიზში
დღეს პარიზი საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღისათვის ემზადება. ყვითელი ჟილეტების მოძრაობა ახალ და მოულოდნელ ფენომენად იქცა, რომელსაც ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.
1-2 დეკემბრის შაბათ-კვირას პარიზის ცენტრი განსაკუთრებულმა არეულობამ მოიცვა, რამაც ძალადობრივ პროტესტს თვალშეჩვეული ფრანგებიც კი შოკში ჩააგდო. კლებერის გამზირზე ბარიკადებზე რამდენიმე კვირის წინ გამოჩენილი ყვითელჟილეტიანები იდგნენ, რომლებიც გააფთრებულ შეტაკებებში წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს, დაწვეს მანქანები და დააზიანეს ტრიუმფალური თაღი.
როდის და რატომ დაიწყო „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა?
ყვითელი ჟილეტების მოძრაობა სოციალ მედიაში სპონტანურად შეიქმნა და მას გამოკვეთილი სტრუქტურა, ლიდერები ან ორგანიზაციული სახე არ გაააჩნია. მოძრაობის პროტესტი თვეების განმავლობაში მწიფდებოდა, თუმცა თვალშისაცემი პროტესტი 17 ნოემბერს დაიწყო. მოძრაობა თავდაპირველად საწვავზე ფასების ზრდის გასაპროტესტებლად გამოჩნდა.
ფასების ზრდა საფრანგეთის მთავრობის მცდელობას უკავშირდება, შეამციროს საწვავის (გაზის, დიზელის) გამოყენება, რათა შესაბამისად, დაიკლოს ნახშირორჟანგის გამოყოფამ, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ეკოლოგიასა და კლიმატის ცვლილებაზე.
ფასების ზრდამ ყველაზე მეტად სოფლად და ნაკლებ დასახლებული ადამიანების ჯიბეებს დაარტყა. თუკი დიდ ქალაქებში გადაადგილებისათვის მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რკინიგზა და გადაადგილების სხვა საშუალებები გააჩნიათ, რურალურ თემებში მისვლა-მოსვლის ძირითადი საშუალება ავტომობილია, რადგანაც მათთვის მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებები ხშირად არაა ხელმისაწვდომი.
ამდენად, გადასახადების გაზრდის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით, ყველაზე მეტად ღარიბები ზარალდებიან. მდიდარ ქალაქელებს ავტომობილები ისედაც ნაკლებად სჭირდებათო.
მეამბოხე ფრანგებს „ყვითელი ჟილეტების მოძრაობა“ იმიტომ დაარქვეს, რომ მათ სინათლისამრეკლავი ყვითელი ჟილეტები აცვიათ, რომელთა თან ტარებაც ფრანგ მძღოლებს კანონით ევალებათ.
რა მასშტაბისაა პროტესტი და რა ჯგუფები მონაწილეობენ მასში?
2 დეკემბრის მონაცემებით, პროტესტმა სულ მცირე სამი ადამიანი შეიწირა. მარსელში 80 წლის ქალი ფანჯრის დარაბების დაკეტვისას ცრემლსადენი გაზის ყუმბარის მოხვედრისას დაიღუპა. დაშავდა 110 ადამიანი და დაკავებული იქნა 287. პირველ დეკემბერს 130 000-ზე მეტი ფრანგი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში.
მაინც როგორი პოლიტიკური გემოვნებისა არიან ყვითელ ჟილეტებში ჩაცმული ამბოხებული პროტესტანტები? ამ კითხვაზე საფრანგეთშიც ძლიერ იმტვრევენ თავს. ფილოსოფოსმა შანტალ მუფმა (Chantal Mouffe) მემარცხენე გაზეთ „ლიბერასიონს“ (Libération) უთხრა, გამოხატვის ისეთი ანტი-პოლიტიკური ფორმები, როგორიც ვიხილეთ, შეიძლება როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოპულიზმად გარდაისახოსო. მანვე დაამატა, თუმცაღა მოვლენების განვითარებას ისეთი სუნი სდის, მემარცხენე პოპულისტური პოლიტიკური მოძრაობის პერსპექტივები იკვეთებაო.
„ლიბერასიონმა“ „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციები პარიზის 1968 წლის მაისის მოვლენების შემდეგ ყველაზე ძალადობრივ დემონსტრაციებად შეაფასა. გაზეთი ხაზს უსვამს ასევე მოპროტესტე ყვითელ ჟილეტიანთა შემადგენლობის მრავალფეროვნებას. ქუჩაში გამოსულთა შორის არიან ულტრამემარჯვენეები და ნაციონალისტები, ასევე – ანარქისტები, ულტრა-მემარცხენეები და სხვა ჯგუფები.
ყვითელი ჟილეტების მოძრაობას მხარი აუბეს სკოლის მოსწავლეებმაც. პარიზის ცენტრში იმდინარე დრამატული მოვლენების პარალელურად, პროტესტი სკოლებსაც მოედო. მთელ საფრანგეთში 100-მდე სკოლა იყო სრულად ან ნაწილობრივ ბლოკირებული მოწაფეთა მიერ. პარიზის ჩრდილოეთით მდებარე კომუნა ობერვილიეში (Aubervilliers) პოლიციამ 7 მოზარდი დააკავა ჟან-პიერ ტიმბოს ლიცეუმის მიმდებარედ (Le lycée professionnel Jean-Pierre TIMBAUD) მანქანებისა და ნაგვის ურნების დაწვისათვის.
პროტესტის რა ფორმებს მიმართავენ ყვითელჟილეტიანები?
გასულ შაბათ-კვირას პარიზში 60-მდე მანქანა დაწვეს, ასობით მაღაზია დალეწეს, გადახერხეს ბანკომატი. პარიზის გარდა მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა პრივინციებშიც.
ყვითელჟილეტიანებმა მოძრაობა შეაფერხეს რამდენიმე ავტობანზე. საცობების გამო ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარზე სატვირთო ტრაილერების რამდენიმე კილომეტრიანი საცობიც წარმოიქმნა. სატრანსპორტო კომპანიებმა თქვეს, ათობით მილიონი ევროს ზარალი ვნახეთო.
აქციების მონაწილეებმა მოახერხეს საწვავის შემნახველი დეპოების ბლოკირებაც, რის შედეგადაც, მთელ საფრანგეთში 75 ბენზინგასამართ სადგურში საწვავი გათავდა.
საფრანგეთის მთავრობა დროებით ნებდება მოპროტესტეებს. პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს 6 თვით გადაავადოს გადასახადის გაზრდა საწვავზე, მანამდე კი კონსულტაციებს გავმართავთო, ამბობს იგი.
ფილიპმა ასევე განაცხადა, ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ფასები აღარ გაიზრდებაო.
ამდენად, მაკრონის ამბიციას, კლიმატის ცვლილებასა და საბიუჯეტო დეფიციტს გადასახადებით ებრძოლოს, დიდი დარტყმა მიადგა.
მზარდი უთანასწორობა მდიდარ ქალაქებსა და ღარიბი პროვინციებს შორის
ვალერი კასანოვა, ყვითელი ჟილეტების მოძრაობის წევრი, სოფლად მცხოვრები ფრანგი ქალი BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „დღევანდელ საფრანგეთში მხოლოდ მშრომელთა კლასი და მდიდრები დარჩნენ, საშუალო კლასი კი გაქრაო“.
კასანოვას შეხედულებას, რომ ფრანგულ საზოგადოებაში უთანასწორობა იზრდება, უფრო და უფრო ხშირად აღნიშნავენ საფრანგეთში. ფრანგული ეროვნული, რევოლუციური და რესპუბლიკური იდეალებისათვის თანასწორობას ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია, რაც ამძაფრებს ფრანგთა წინააღმდეგობას გადასახადებისადმი, რომლებიც სოციალური უთანასწორობის გამაღრმავებლად აღიქმება.
ფრანგმა პოლიტიკის მეცნიერმა დომინიკ რეინიემ (Dominique Reynié) განაცხადა, ეს მოვლენები პროვინციების პარიზის, ამაყი და contempruous (ზიზღნარევი? ქედმაღალი) დედაქალაქის წინააღმდეგ გამოსვლააო. მანვე დასძინა, პარიზი დანარჩენი საფრანგეთისაგან განსხვავებული არასოდეს ყოფილა და ნაპრალი საფრანგეთის პროვინციებსა და დედაქალაქს შორის ძალიან ღრმააო.
2018-19 წლის ბიუჯეტი, საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის (Institut des Poliqiques Publiques) კვლევის თანახმად, ყველაზე მძიმეს საფრანგეთის მოსახლეობის ნალებად შეძლებულ 25%-ს დაარტყამს, ხოლო უმდიდრესი 1% ყველაზე მეტად იხეირებს.
რეზონანსი
ყვითელი ჟილეტების მოძრაობა გადაედო მეზობელ ბელგიასაც. პარასკევს, 30 ნოემბერს რამდენიმე ასეულმა მომიტინგემ ბრიუსელიდან შეუერთა თავისი ხმა ფრანგ ყვითელ ჟილეტიანებს.
დემონსტრანტებმა ქუჩაზე, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტები მდებარეობს, პოლიციის მანქანას ცეცხლიც წაუკიდეს და მახლობლად ტროტუარებიდან ქვაფენილები აჰყარეს. პოლიციამ 60-მდე მონაწილე დააკავა. სამართალდამცავებთან შეტაკების პარალელურად, ისინი პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელის საწინააღმდეგო ლოზუნგებსაც გაიძახოდნენ.
ბელგიელი მოპროტესტეებიც უსვამდნენ ხაზს ქვეყანაში გაძვირებულ ცხოვრებას, შემცირებულ მსყიდველობითუნარიანობასა და მდიდარ ელიტასა და ნალებ შეძლებულთა ხელფასებს შორის დრამატულ სხვაობას.
პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა პარლამენტარებს განუცხადა, პროტესტის გვესმის და მზად ვართ მათი გაბრაზება ისეთ პროექტად ვაქციოთ, რომელსაც დადებითი შედეგი ექნებაო.