სუს-მა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, „კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე“, სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სუს-ის მიერ 26 დეკემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში, ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების (გ.ა.) სახელზე მისთვის გადასაცემად მოქალაქემ (ზ.კ.)10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა. ჩარიცხული თანხა მოგვიანებით ლევან შონიას გადაეცა.
„აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებებით“, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
ლევან შონიას მიმართ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 340-ე მუხლით მიმდინარებს, რაც კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებას გულისხმობს და ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან შინაპატიმრობით ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ლევან შონიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი მიმდინარე წლის ივლისში, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით დატოვა. მას ეს თანამდებობა 2013 წლის დეკემბრიდან ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)