თბილისში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების გამო, 7 ადამიანი გარდაიცვალა
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლის გამო, სახლში დაგროვებული მხუთავი აირის შედეგად, 31 იანვარს 7 ადამიანი გარდაიცვა.
მომხდარიდან მალევე, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში ნახშრჟანგი დაგროვდა.
მომხდარის ადგილზე მისული ყაზტრანსგაზის თანამშრომლის განმარტებით, ბინა, სადაც უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, ყაზტრანსგაზის მიერ გეგმიურად შემოწმებული იყო და წესების დარღვევით დაყენებული წყლის გამათბობელიც ჩაიხსნა. თუმცა, როგორც ჩანს, მოგვიანებით, გამათბობელი კვლავ კუსტარულად დამონტაჟდა.
შემთხვევის ადგილზე მომხდარის შესწავლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. შსს-ის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო, ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ადგილზე იმყოფებიან თბილისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებიც. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განმარტებით, ზოგადად, ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს და აუცილებელია გარკვეული რეგულაციები.
„რამდენიმე დღის წინ, მე მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს და რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, დაგეგმილია, აირის აღმომჩენი დეტექტორების შემოღებაც, რომელიც აუცილებელია „და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“.
რეგულაციების გამკაცრებაზე გააკეთა აქცენტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემაც. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციები უკვე გამკაცრებულია და სამომავლოდ მათი კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)