მინისტრები: აღმოსავლეთ ევროპა მნიშვნელოვანია

ჩვენი კავშირისათვის 2019 განსაკუთრებული წელია აღმოსავლეთ სამეზობლოსთან, კერძოდ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ურთიერთობების კუთხით.

წერენ:

  • მარგო უოლსტრომი – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • იაცეკ ჩაპუტოვიჩი – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ტომას პეტრჟიჩეკი – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

წელს, ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეალური ფუნქციონირების მე-10 წლისთავს აღვნიშნავთ.

ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პარტნიორობა რეგიონში ცვლილებებს მოახდენდა, მაგრამ გავიხსენოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მღელვარებით აღსავსე პირველი წლები – რწმენა, რომ ჩვენ შევქმნიდით რაღაც ახალსა და ტრანსფორმაციულს.

წლების მანძილზე, აღმოსავლეთ პარტნიორობამ არათუ გადალახა სიძნელეები, არამედ განვითარდა და თავდაპირველ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა.

ევროკავშირის მასშტაბით, EaP აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ერთადერთ ყოვლისმომცველ მიდგომად რჩება. მისი მიზნები და პრიორიტეტები ფართოდაა აღიარებული.

ის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) უმნიშვნელოვანესი ნაწილია და წარმოადგენს ერთგვარ ქოლგას, რომელიც პარტნიორ სახელმწიფოებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთო მნიშვნელობის საკითხების განხილვის საშუალებას აძლევს.

 ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს უნიკალური პარტნიორობა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინიციატივაა.

ეს არის საშუალება, გავავცელოთ ჩვენი საერთო ფასეულობები, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ეფექტური მმართველობა და თითოეული ქვეყნის უფლება აირჩიოს საკუთარი მომავალი, რასაც ევროკავშირიცა და მისი წევრი სახელმწიფოები თანმიმდევრულად იცავენ ამ 10 წლის განმავლობაში.

პოლიტიკური ტრანსფორმაცია ჯერჯერობით არ დასრულებულა და კვლავ ბევრი რამაა გასაკეთებელი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა უმრავლესობა ევროპული ღირებულებებსა და ევროპულ იდენტობს იზიარებს, რაც მათ წინსვლის დამატებით მოტივაციას ანიჭებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით, ევროკავშირი და მისი აღმოსავლეთ პარტნიორები ინვესტირებას აგრძელებენ აღმოსავლეთ ევროპის განვითარების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში.

რას მივაღწიეთ?

საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელშეკრულებები რეფორმებს უხსნის გზას და ხელს უწყობს ეკონომიკურ, სოციალურ და რეგიონულ განვითარებას.

პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებს ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე და, რაც მთავარია, მის მკაფიოდ განსაზღვრულ წესებსა და ხარისხის სტანდარტებზე უჩნდებათ წვდომა.

ევროკავშირი EaP-ის 5 სახელმწიფოსათვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია (ბელარუსისთვის – მეორე). მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სავაჭრო მოცულობები სტაბილურად იზრდება.

ჩვენ ველით, რომ გაზრდილ ვაჭრობას გაზრდილი ინვესტიციები მოჰყვება.

ევროკავშირმა საგარეო საინვესტიციო გეგმა აამუშავა, რომელიც მეწარმეებს ფინანსური მხარდაჭერით, გარანტიებითა და ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფს. ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდა ჩვენს საერთო ეკონომიკურ ინტერესებშია.

მზარდი სავაჭრო ნაკადების მომსახურებისათვის, სატრანსპორტო სფეროში ინვესტიციები და ციფრული და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო.

ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი აამუშავა (TEN-T).

მსოფლიო ბანკთან ერთად, ხორციელდება თითქმის €13-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმა, რომლის მეშვეობითაც 4 800 კმ გზის საფარი, სარკინიგზო ხაზი და 6 პორტი აშენდება.

ევროკავშირი ენერგო სექტორში ხელს უწყობს დივერსიფიკაციის, ტრანსფორმაციის, ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარებას.

ჩვენ ვმუშაობთ ნახშირორჟანგის გარემოში გაბნევის შემცირებასა და გამონაბოლქვის მონიტორინგის ეროვნული გეგმების შემუშავებაზე.

ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის ზრდის, უფრო მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისათვისათვის.

როუმინგის ტარიფები

ციფრული ტექნოლოგიების სფეროში, ჩვენ მოვუწოდებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს როუმინგის ტარიფების დარეგულირებისაკენ, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ევროკავშირის როუმინგ ზონასთან ჰარმონიზაციის კუთხით.

2014 წლიდან, 30 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა Erasmus Plus-ის ფარგლებში საუნივერსიტეტო გაცვლით და სამოხალისეო პროექტებში, ხოლო EU4Youth-ის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნების 23 000-მდე ახალგაზრდას გაეწია დახმარება მეწარმეობისა და დასაქმების საქმეში.

მაგრამ ჩვენი პარტნიორობა გაცილებით მეტია, ვიდრე ასოცირების შეთანხმებები, თავისუფალი ვაჭრობის სფეროები, უვიზო მიმოსვლა და ახალგაზრდათა უნარ-ჩვევებზე მუშაობა.

ეს არის მდგრადი განვითარება და ინოვაცია. ეს არის მედეგობა. ის აკავშირებს ქვეყნებს, ხალხებს და მოიცავს არაერთ საკითხს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, პლურალიზმის, დამოუკიდებელი მედიისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას.

ყველა პარტნიორს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. აღმოსავლეთ პარტნიორობა დღეს გვევლინება, როგორც ასეთი ინდივიდუალური მიდგომის შემუშავების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ყველას შეუძლია დაუახლოვდეს ევროკავშირს საკუთარი ამბიციებისა და შესაძებლობების შესაბამისად.

სომხეთმა და ევროკავშირმა გაძლიერებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

აზერბაიჯანმა და ბელარუსმა თავისი გზები აირჩიეს.

ევროკავშირის ლიდერებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა 2017 წლის ბრიუსელის სამიტზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მიზნობრივი ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობასა და მხარდაჭერას.

ჩვენი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, რეფორმების წარმატებულობაზეა დაფუძნებული. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების მართვა. პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების სრული პასუხისმგებლობით გატარება.

მაღალი ამბიციები

ჩვენ პარტნიორი ქვეყნებისგან გაზრდილ ამბიციებს მოველით, განურჩევლად მათი სახელშეკრულებო ურთიერთობის ხასიათისა ევროკავშირთან.

მეტი ძალისხმევის სანაცვლოდ, ისინი მეტ სარგებელს მიიღებენ, ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში – შესაბამისად – ნაკლებს.

ჩვენ გვსურს მე-10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე მიღწევებს გავუსვათ ხაზი (და არა მხოლოდ). ასევე უნდა განვსაზღვროთ ისიც თუ საითკენ უნდა ვიმოძრაოთ და როგორ.

რაში გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობა – რატომ არის უკეთესი თანამშრომლობა და პრობლემების ერთობლივად მოგვარება?

როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროპეიზაციის გზაზე მკაცრი რეფორმების გატარება გააგრძელონ?

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღრმა და ყოვლისმომცველი დაკვირვება ჩვენს ურთიერთობებზე და განვსაზღვროთ სამომავლო შეთავაზებები.

ურთიერთობები აღმოსავლეთ მეზობლებთან, განსხვავდება ერთმანეთისაგან. და მაინც, აღმოსავლეთი მნიშვნელოვანია ევროპისათვის, ხოლო ევროკავშირი – ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორებისათვის.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ორივე მხარეს არგია: ერთმანეთისაგან ვსწავლობთ, ერთმანეთთანვადაპტირდებით და ურთიერთზე გავლენას ვახდენთ. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ტრანსფორმაციული პოლიტიკა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორებს ჩვენთან აახლოებს, ხოლო ჩვენ – მათთან.

ის, რაც უნიკალურს ხდის ევროპას, არის არა მხოლოდ პოლიტიკა და ეკონომიკა, არამედ მისი კულტურაც.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა ევროპული კულტურის ნაწილია. ევროპის ენერგია და ადაპტაციის უნარი ასევე დამოკიდებულია მის მზადყოფნასა და უნარზე, ისარგებლოს საერთო მემკვიდრეობის ქვეყების მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციებით.

დღეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ვიმყოფებით ინფორმაციულ-კომუნიკაციური ომის რეჟიმში.

არ არის სადავო, რომ დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში გაწეული ძალისხმევის წყალობით, ვართ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები ხელს უწყობს ჩვენი აღმოსავლეთ მეზობლების მოდერნიზაციას, საზოგადოებების გარდაქმნას, რაც მათი ცხოვრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან მე-10 წელს ახალი მიზნები მკაფიოა: ახალი ენერგიითა და დინამიკით უნდა გავაგრძელოთ ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან მუშაობა.

მომავალზე საუბრისას, ჩვენ გვჭირდება, როგორც თანმიმდევრული, ისე შემოქმედებითი მიდგომა, რათა ვიპოვოთ ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური მონაწილეობისა და ამბიციის შესატყვისი ფორმულა.

საჭიროა ვიპოვოთ შესაბამისი მექანიზმები, რომელიც ჩვენს პარტნიორობას მიმზიდველობის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს. ეს კი, თავის მხრივ, ერთგვარი მძღოლი იქნება განვითარებისა და მოდერნიზაციის გზაზე.

ამისათვის უნდა ვისაუბროთ ჩვენს მიზნებზე, პრიორიტეტებზე და საშუალებებზე. რადგან ჩვენ ევროპელები, ევროკავშირის შიგნით თუ გარეთ მყოფნი, ერთად ვართ ძლიერნი.

ის, რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ, ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.

Source
euobserver.com