ქართულ ოცნებას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს
ქართული ოცნების უკვე ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. უმრავლესობიდან ბექა ნაცვლიშვილის წასვლით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.
ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს განაცხადა. „მე დავტოვე უმრავლესობაც, ფრაქციაც, პარტიაც და შესაბამისად, ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას პარლამენტში“, – აღნიშნა მან.
ნაცვლიშვილის განმარტებით, უმრავლესობიდან მისი წასვლა პარლამენტის მიერ დაგროვებითი პენსიის შესახებ მისი საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებამ განპირობა.
დეპუტატის თქმით, ეს იყო „მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება“. „ეს იყო ინდივიდუალიზმსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის ინდივიდების მიმართ განსხვავება. უმრავლესობამ დაუჭირა ინდივიდუალიზმს მხარი. მე მქონდა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო პასუხისმგებლობას და ამ საზოგადოების ერად ჩამოყალიბებას ეფუძნებოდა“, – განაცხდა მან.
მისივე შეფასებით, თუ ჩვენ ერთმანეთის მიმართი სოლიდარობა არ გვექნება, „ნებისმიერი ინიციატივა და კანონპროექტი იქნება ფუჭი, [რადგან] ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს“.
ბექა ნაცვლიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ წევრი იყო. ფრაქციას დეპუტატის წასვლით დაშლის საფრთხე არ ემუქრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)