პროკურატურა: ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია
საქართველოს მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული წერილის ასლს ასაჯაროებს და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე უწყება მამუკა ხაზარაძის მიერ მუქარის შემცველი წერილის შესახებ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის „გადამოწმებისა და უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას მოკლებულია“.
ამის შესახებ მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პროკურატურის განმარტებით, TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ 4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მუქარის შემცველი წერილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უწყების მხრიდან „მყისიერი რეაგირება მოჰყვა“ და ის გამოკითხვაზე პროკურატურაში გამოიძახეს. თუმცა, ხაზარაძის მხრიდან პროკურატურაში მისვლის შესახებ უარის შემდეგ ის 5 მარტს დამატებითი მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.
„მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი“, – აცხადებენ პროკურატურაში და განმარტავენ, რომ „არაერთი მოთხოვნის მიუხედავად“, მამუკა ხაზარაძემ მისთვის წერილის გადამცემი შუამავლის ვინაობა არ დაასახელა.
შესაბამისად, უწყების განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებას დოკუმენტის ასლი წარედგინა და არა დედანი, ავთენტურობის დადგენის მიზნით მისი „ექსპერტული კვლევის ინიცირება“ ვერ მოხდება. ამასთან, ხაზარაძის მიერ ე.წ. შუამავლის გაუმჟღავნებლობის გამო, გამოძიება ვერც მის დაკითხვას მოახერხებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან“, – აცხადებენ პროკურატურაში.
რა წერია პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილში?
პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილის ასლის მიხედვით, სავარაუდოდ, გიორგი გახარია წერილის ადრესატებს ეუბნება, რომ მოლაპარაკებების მცდელობის მიუხედავად, მათი მხრიდან ბრძოლა და დესტრუქციული ქმედებები კვლავ გრძელდება და ეს მხოლოდ ფინანსებს არ ეხება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, გახარია, მამუკა ხაზარაძისგან და მისი ბიზნესპარტნიორებისგან რამდენიმე პუნქტის „უპირობო“ შესრულებას ითხოვს. კერძოდ:
- ტელეკომპანია იმედის მსგავსად, ტელეკომპანია პირველი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე უნდა გადასულიყო;
- მამუკა ხაზარაძეს ნაციონალური მოძრაობის რევანშის მიუღებლობის შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გაკეთებინა, სადაც ხაზგასმული იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ბიზნესისადმი დამოკიდებულება. გარდა ამისა, ხაზარაძეს იდენტური პოზიციის მქონე ბიზნესმენებისთვის ერთობლივი მოქმედებისკენ უნდა მოეწოდებინა;
- არტარეას ობიექტურობის მაღალი ხარისხი უნდა დასტყობოდა.
აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, წერილის ავტორი ჯანსაღი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა (მოლაპარაკებების საგანი წერილში დაკონკრეტებული არ არის). “წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“, – ვკითხულობთ წერილის ბოლო პუნქტში.
ხაზარაძის ადვოკატის თქმით, ბიზნესმენმა წერილის მეორე პუნქტი შეასრულა
მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში აღნიშნა, რომ 5 მარტს გამოკითხვის დროს, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მუქარის შემცველი წერილის მიღებიდან მეორე დღეს, მან განცხადება გაავრცელა, რომლითაც მიღებული წერილის მეორე პუნქტი დააკმაყოფილა.
„ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს, რათა დაპირისპირებებმა არ გადაგვიყოლოს და დამღუპველი შედეგები არ მოუტანოს ქვეყანას“, – ამბობდა ის.
ადვოკატმა ისიც განმარტა, თუ რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით აცხადებს ბანკირი, რომ მუქარის შემცველი წერილი უშუალოდ შს მინისტრისგან იყო. „როგორც მამუკამ განმარტა, შუამავალი წავიდა შესახვედრად [გახარიასთან] და დაბრუნდა წერილით“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, „შუამავალი არ არის გახარიას ახლობელი და არ მუშაობს სამინისტროში“.
- მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრისგან მიღებული მუქარის შემცველი წერილის მიღების შესახებ 4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
- 5 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მისულმა ხაზარაძემ განმარტა, რომ მან მუქარის შემცველი წერილის ასლი გამოძიებას გადასცა, დედანი კი ექსპერტიზისთვის ლონდონში გაგზავნა.
- შს მინისტრი ხაზარაძისთვის მსგავსი წერილის გაგზავნას არ ადასტურებს და ბანკირის განცხადებას „პრივილეგირებული ბიზნესმენის“ მხრიდან „პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით“, „იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას“ უწოდებს.
- მთავარ პროკურატურაში TBC ბანკის მიერ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ მიმდინარე წლის 9 იანვარს განაცხადეს. გამოძიება ხაზარაძეს და ბანკის კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს, „სამგორი M“-ისა და „სამგორი თრეიდ“-ის მიერ თიბისი ბანკისგან აღებული 17 მილიონ აშშ დოლარის სესხებას ედავება. გამოძიების მტკიცებით, თიბისი ბანკმა აღნიშნულ კომპანიებს აღებული 17 მლნ დოლარი საერთოდ ჩამოაწერა და ვალი არც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გაუსტუმრებიათ.
- კომპანიების „სამგორი M“-ისა და „სამგორი თრეიდ“-ის მფლობელი ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელია, რომელიც ამავდროულად „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელიცაა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამ მომენტისთვის, ტელევიზიის 100 %-იან წილს მისი შვილი ვახტანგ წერეთელი ფლობს. პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილის მიმართვის ადრესატები, სავარაუდოდ, ტელეკომპანიის მფლობელებიც არიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)