ახალი კონფიგურაცია პარლამენტში
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი გამოაკლდა. უმრავლესობის დატოვების შესახებ მისი განცხადება პარლამენტის ბიურომ დღეს განიხილა და ცნობად მიიღო. მან უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატებიც“ დატოვა.
მანამდე ფრაქცია ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა დატოვეს, რის გამოც 7-კაციანი ფრაქცია დაიშალა. გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდნენ. ამით პატრიოტთა ალიანსმა ფრაქცია შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ოფიციალურად გამოაკლდა.
ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატებში“ დანარჩენი სამი წევრიდან ორი – სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ. უმრავლესობის შემადგენლობაში დარჩა დეპუტატი რუსლან პოღოსიანიც.
უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველებიდან“ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმაც. ფრაქცია „ქართულ ოცნება – მრეწველებს“ კი ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ წევრი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე შეუერთდა.
უმრავლესობის რიგებში დაწყებული გადაადგილებების გამო, ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსი დაკარგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)