თბილისის მახლობლად ნატო-საქართველოს წვრთნები ჩატარდება
18-29 მარტს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” ჩატარდება.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ში ნატოს 21 მოკავშირე (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და აშშ) და ოთხი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ფინეთი, საქართველო და შვედეთი) 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება. პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სწავლებაა და ნატო-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ქვაკუთხედს წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და დასძინა, რომ „სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას“.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრთან“ (JTEC) ერთად უხელმძღვანელებს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული წვრთნების ცენტრი (JFTC) უწევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)