საპარლამენტო კვირა – 18-22 მარტი

საკომიტეტო მოსმენები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

18 მარტს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებები განიხილეს. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ საკანონმდებლო დონეზე იქნება დაცული.

კომიტეტმა პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივაც განიხილა, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადების უფლების მინიჭებას გულისხმობს.

კომიტეტზე დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებიც განიხილეს. დეპუტატის განცხადებით, მის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი შეაჩერებს მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის პროცესს და გააუმჯობესებს ასეთ დასახლებებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, აამაღლებს მათი ცხოვრების დონეს, ხელს შეუწყობს დასაქმებას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კანონმდებლებმა კანონპროექტის იმ ნაწილს დაუჭირეს მხარი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგთა ნაწილში ანაზღაურების გაზრდას ეხება.

კომიტეტზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტიც განიხილეს, რომელიც დეპუტატებს შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, კანონპროეტით, როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმება აიკრძალება.

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

18 მარტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა. ცვლილებათა პაკეტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, ტყის კოდექსზე მუშაობა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და კანონპროექტი „არის ასოცირების შეთანხმების ვალდებულების შესრულებისკენ წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“. „ტყის კოდექსი“ არის საკმაოდ მოცულობითი პროექტი და ეხება ტყის მართვის ყველა ასპექტს. „მთელი რიგი საკითხები, რომელიც ჩვენ დღეს კანონქვემდებარე აქტებით და ისიც არასრულად გვქონდა დარეგულირებული, დღეს კანონის დონეზე ხდება მისი დარეგულირება“, – აღნიშნა მან.

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

18 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კანონმდებლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, „წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი ის არის, რომ პროცესი იყოს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საზოგადოების მონიტორინგი პროცესისადმი“.

საკომიტეტო მოსმენას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ის სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. „კლანის“ ინტერესებზეა მორგებული. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციასაც. მიუხედავად ამისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

18 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც კოლეგებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ გააცნო. მისი თქმით, დოკუმენტი ადგენს საკუთრების უფლების საფუძვლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და არეგულირებს მიწის საკუთრებაში გადაცემის მექანიზმებს.

კომიტეტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წევრის აკაკი ბობოხიძის საკანონმდებლო ინიციატივაც განიხილეს. ინიციატორის განმარტებით, ტექდათვალიერების წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი სამართლებრივი პასუხისმგებლობა 2025 წლამდე არ უნდა დაეკისროს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილდებიან.

კომიტეტზე „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილების პაკეტი დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმაც წარმოადგინა. კანონპროექტის მიხედვით, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს: „დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის მეთოდოლოგია ანდა საგადასახადო რეჟიმი“. დეპუტატმა კომიტეტზე კიდევ ერთი ინიციატივა გამოიტანა, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადებას ითვალისწინებს.

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

18 მარტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე და საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამსაქმებელს დამატებით გადასახადს არ უწესებს. პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი არ დაუჭირა.

ამავე სხდომაზე კომიტეტის წევრები მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე 24 კანონპროექტთა პაკეტსც გაეცნენ. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის კომპლექსურ მიდგომებს და სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, მკაცრდება სანქციები სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე და სასამართლოს საქმის სიმძიმისგან გამომდინარე უვადო პატიმრობის გამოყენების და მსჯავრდებული პირისთვის ერთი ან რამდენიმე უფლების ჩამორთმევის დისკრეცია ენიჭება.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტიც გააცნო, რომლებიც, მისი განცხადებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს.

  • ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სხდომა

18 მარტს ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, თამილა ბარკალაიას მოუსმინეს. მინისტრის მოადგილემ დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე სამინისტროს ანგარიში წარმოადგინა.

პლენარული სხდომები

19 მარტს პარლამენტში პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. დეპუტატების გამოსვლის შემდეგ, პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილა. საკითხი სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამოიტანა და განმარტა, რომ „უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე – ამას აქვს სუფთა პოლიტიკური საფუძველი“.

კენჭისყრაზე ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ჩავარდა. წინადადებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე კვაჭანტირაძის გადაყენების კენჭისყრაზე ხელახლა გამოტანის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა. შესვენების შემდეგ, სასესიო დარბაზში დაბრუნებულმა ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ თავადვე განაცხადა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი კენჭისყრა საჭირო აღარ გახდა.

ამის შემდეგ, დეპუტატებმა ევროპული საქართველოსა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. პარლამენტმა კანონპროექტებს კენჭი 20 მარტის პლენარულ სხდომაზე უყარა და მხარი მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დაუჭირა. ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კი ჩააგდო.

მინისტრის საათი

20 მარტს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს მთავრობის წევრს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმინეს. პარლამენტში წულუკიანის მოსმენა ორ დღეს გაგრძელდა და ის ოპოზიციასა და მინისტრს შორის მწვავე დებატების ფონზე წარიმართა.

21 მარტს დეპუტატებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს. მინისტრმა გამოსვლის დიდი ნაწილი ანაკლიის კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრებლობასა და მათი რამდენჯერმე გადავადების საკითხზე საუბარს დაუთმო. მინისტრის თქმით, ყველას აერთიანებს სურვილი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით დასრულდეს.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერს და განათლების მინისტრს მოუსმინეს

22 მარტს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს. ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერს, ინტერპელაციის წესით, კითხვით პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა და მისგან შესაბამისი ახსნა განმარტება მოითხოვა.

პრემიერმა კანონდებლებს დაახლოებით 13 წუთიანი სიტყვით მიმართა და კრიმინოგენური ვითარება მიმოიხილა. მისი განცხადებით, მტკიცება, რომ კრიმინალის თვალსაზრისით, ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, შეიცვალა მიდგომა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ და ის უფრო გამჭვირვალე და ზუსტი გახდა და საერთაშორისო სტანდარტებს გაუტოლდა.

იმავე დღეს, ასევე ინტერპელაციის წესით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმინეს. მინისტრს კითხვებით საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონებმა” მიმართა. ინტერპელაციის წესით დასმული კითხვები შეეხებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას,2020 წლიდან ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის არასავალდებულობას და არჩევითობას, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო გრანტის განაწილების წესს შეეხებოდა. განათლების მინისტრის მოსმენა თითქმის ცარიელ დარბაზში წარიმართა.

ვიზიტები

  • საქართველოს პარლამენტის იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე იმყოფებოდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილე 150 კომპანიას შორის, ქართული 30-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. ამავე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ყურადღება იაპონია-საქართველოს პოლიტიკურ კავშირებზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ ეს დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებში უნდა გადაიზარდოს. დეპუტატები ბიზნესფორუმის ფარგლებში, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენაც დაესწრნენ.
  • საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა. პარლამენტის ინფორმაციით, ის აშშ-კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლებს შეხვდა. დიმიტრი ცქიტიშვილი ვერმონტის შტატის სენატორს ბერნი სანდერსს და ამერიკის პროფესიული კავშირების (AFL-CIO) და ამერიკული სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
  • 19-21 მარტს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ესტუმრა და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა. პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი შავი ზღვის ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.

შეხვედრები

  • 18 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ანდრია ბასილაიას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის შესახებ კანონმდებლობას, ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
  • 18 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გაეროს ბავშვთა ფონდის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე ასევე, საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე.
  • 20 მარტს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის ქვემო სილეზიის მარშალს, სეზარი პრჟიბილსკის და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
  • 20 მარტს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან მარიან ივანუშასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქართველოში საქმიანობის პერიოდში განხორციელებული აქტივობები მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერად შეაფასეს.
  • 20 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში (რეზიდენციით – ბაქო) ბერტ შუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის ეფექტიანობა და მისი როლი ინსტიტუციური განვითარებისთვის, ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა და ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.
  • 20 მარტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ნატალია მოურავიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ევრობანკის წარმომადგენელმა ირაკლი კოვზანაძეს საქართველოში EBRD-ის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
  • 21 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გერტ-ჰაინრიხ არენსს და ODIHR-ის მრჩეველს, ოლექსი ლიჩკოვახის შეხვდა. შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს და ამ კუთხით, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
  • 21 მარტს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ფონდი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოში განათლება გახდა წამყვანი პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
  • 22 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა რუმინეთის დიპლომატიური აკადემიის რექტორს დან პეტრეს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა, ისაუბრეს დიპლომატიური აკადემიის საქმიანობაზე და კვლევებისა და ანალიტიკური მიმართულებებით აკადემიასთან თანამშრომლობის სიკეთეებზე.

სხვა ღონისძიებები

  • 19 მარტს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. „ეს არის მაგალითი, თუ რამდენად დიდი აღიარება შეიძლება ჰქონდეს პედაგოგს, რომელიც მაქსიმალურ შრომას დებს თავის საქმეში. ლადო აფხაზავა არა მხოლოდ ჩიბათის სკოლის, არამედ ქართული პედაგოგიკის წარმატების სიმბოლო გახდა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.
  • 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა და პარლამენტში აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობის ნიშნად ხელებზე ფერადი წინდები მოირგეს.
  • 22 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა სახელწოდებით „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“. ღონისძიებაზე პარლამენტის სპიკერმა არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება, არის სუსტი სამოქალაქო საზოგადოება. ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირი ფორმით იყო ჩართული წინასააჩევნო კამპანიაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)