ლორის ექვსი მუსლიმური სოფელი საქართველოსთან შეერთებას მოითხოვს
(1918 წლის დეკემბერში მიმდინარე სომხეთ საქართველოს ომის შემდეგ ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების ჩარევით ბორჩალოს მაზრის ლორის რაიონი, რომელიც მანამდე საქართველოს იურისდიქციის ქვეშ იყო, დაიყო რამდენიმე ზონად. მათ შორის გამოიყო ნეიტრალური – სადაო ზონაც, სადაც გარდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისა ცხოვრობდნენ მუსლიმები (აზერბაიჯანელები) და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც. ლორის მუსლიმები სომხეთ-საქართველოს ომში საქართველოს მხარეს იბრძოდნენ და შემდგომშიც მუდმივად მოითხოვდნენ ნეიტრალური ზონის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას, თუმცა ამ პროცესს მოკავშირეთა ძალები ეწინააღმდეგებოდნენ). გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“ (N94, 1919 წ.) იბეჭდება ლორის რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა შუამდგომლობის წერილი, გამოგზავნილი საქართველოს დამფუძნებელი კრების მისამართით.
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წელი, 1 მაისი, N94.
ლორის რაიონის ექვსი სოფლის მუსულმან მცხოვრებთაგან საქართველოს დამფუძნებელ კრებას მოუვიდა შუამდგომლობა ამ რაიონის საქართველოს სახელმწიფოსათვის შეერთების შესახებ. შუამდგომლობაში ნათქვამია: უხსოვარი დროის მართლმორწმუნეთა ტაძრები, ძეგლები და სასაფლაონი, რომელიც აქამდე ჩვენში უვნებლადაა დაცული უეჭველათ ამტკიცებს, რომ ლორის სამუსლიმანო რაიონი მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო საქართველოს ტერიტორიისა და ამ რაიონის მოსახლენი ბურჯად იდგნენ საქართველოს საზღვრების სიმტკიცისთვის. საქართველოს ერთგულებაში ჩვენ არ განვსხვავებულვართ მის ერთმორწმუნე ქვეშევრდომთაგან. ეს ერთგულება ჩვენ ბორჩალოს მაზრის მუსულმანობამ და განსაკუთრებით ლორის მაცხოვრებლებმა დავამტკიცეთ, რომ როგორც წარსულში, ისე ეხლა, 1919 წელს, როგორც ოსმალოს ჯარის შემოსვლის დროს, ისე სომხების ქართველებზე და მის ტერიტორიაზე თავდასხმისას. ჩვენ ყველა მუსულმანები, მსგავსათ მთელი ბორჩალოს მუსულმანებისა და მათთან სხვა და სხვა ეროვნებისა, გარდა მცირე მოპოლიტიკოსე სომხებისა, ჩვენი ერთგულება და საქართველოს ტერიტორიიდან განუყოფელობა დავამტკიცეთ სხვა და სხვა დროს ჯერ ამიერ-კავკასიის, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობისადმი მირთმეულ საზოგადო დადგენილებებით, სადაც სრულიად გარკვეულათ და კატეგორიულათ იყო მოთხოვნილი ჩვენი თვით გამორკვევის მიხედვით ლორის რაიონი საქართველოს ტერიტორიიდან განუყოფლობა და მისი ტფილისის სამმართველოსთან დაქვემდებარება. რათა ეს რაიონი არ მიემატოს გუმრის სომეხთა ახლათ შემდგარ ტერიტორიისათვის, რომელთაც ჩვენს მხარეს არასდროს ჰქონია რაიმე საერთო და არც ექნება. მიუხედავათ ჩვენის ასეთი კატეგორიულის განცხადებისა საქართველოს მთავრობა ლორის რაიონს რატომღაც, ვითომდა სადაო ტერიოტორიათ სთვლის საქართველოსა და სომხეთს შორის, რაიც ძლიერ დამღუპველ მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ ტფილისთან დაკავშირებული ვართ ეკონომიურათ, პოლიტიკურათ, სულიერათ და ყოველ მხრივ. ამიტომ მისგან ჩამოშორება არ შეგვიძლიან. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას ყოველგვარი ზომები მიიღოს ჩვენს დაუყონებლივ საქართველოს ტერიტორიისათვის შესაერთებლათ.
ამ შუამდგომლობას ხელს აწერს 6 სოფელი განურჩევლათ სარწმუნოებისა და ეროვნებისა.