„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს
„საქსტატის“ მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვრის მონაცემებით*, საქართველოს მოსახლეობა 3 723 500-ს შეადგენს.
მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. მათი 58.7% ქალაქებში, 41.3% კი – სოფლად ცხოვრობს.
„საქსტატის“ მონაცემებით, მთლიანი მოსახლეობის 1/3 (1.2 მილიონი) თბილისშია კონცენტრირებული.
რეგიონების მიხედვით მოსახლეობა შემდეგნაირადაა გადანაწილებული: იმერეთი – 497 400; ქვემო ქართლი – 433 200; აჭარა – 349 000; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 316 200; კახეთი – 312 500; შიდა ქართლი – 257 300; სამცხე-ჯავახეთი – 154 100; გურია – 109 000; მცხეთა-მთიანეთი – 93 600; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29 700.
მოსახლეობის 14.8% 65 წლის ან მეტისაა. ნულიდან 14 წლამდე პირების წილი 20.3%-ია, ხოლო შრომისუნარიანი ასაკის მქონე მოსახლეობის წილი (15-64 წელი) 64.9%-ს შეადგენს.
2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა 3.7 მილიონია. 2002 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა 4.4 მილიონი იყო, რაც 1989 წელს ჩატარებული აღწერის მაჩვენებელზე ერთი მილიონით ნაკლებია.
*მოცემული მაჩვენებელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას არ მოიცავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)