ქართველთა და ესტონელთა აჯანყება დენიკინის წინააღმდეგ სოჭის ოლქში

გაზ. „საქართველო“, 1919 წლის 26 აპრილი, №89.

            ნოვოროსიისკის გაზეთ „ჩერნომორსკაია გაზეტა“-ში  2 აპრილს შემდეგი ცნობებია დაბეჭდილი სოჭის ოლქში აჯანყების თაობაზე:

            „მარტის 20-22-ს ჯარში გასაწვევ გლეხთა ნაწილმა, განსაკუთრებით ქართველებმა და ესტონელებმა აჯანყება მოახდინეს იარაღით ხელში, როგორც სჩანს იარაღი ქართველებისგან აქვთ მიღებული.

            ყველა გაწვეული სომხის გლეხები და თითქმის ყველა რუსობა სოჭის ოლქისა რუსეთის ერთგულად დარჩა,

            სომხისა და რუსებისგან შემდგარმა რაზმებმა, ყაზახების ბატარეიამ და ნოვოროსიისკის დესანტმა 29 მარტს ბრძოლაში გაანადგურა „მწვანე არმია“

„აჯანყება, როგორც გადმოქვცემენ ქართველების მოწყობილი იყო. ისინი ჰფიქრობდნენ, რომ მოხალისეებს, რომელნიც გართულნი არიან დონსა და ყირიმში და თითქოს თავზარდაცემულნი არიან ფრანგების წასვლით რუსეთიდან, გაუძნელდებოდათ დეზერტირების დამშვიდება. დეზერტირების ურიგობანი საბაბს მისცემდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს დაეჭირათ ჯერ სოჭი, მერე ტუაპსე და შემდეგ არხისპოსოვკა. აქ განზრახული აქვთ დროებით შეჩერდნენ, რომ შემდეგ აიღონ ნოვოროსიისკი, თუ გენერალი დენიკინს დიდი დამარცხება შეხვდებოდა დონში“.

            „მეამბოხეებმა შეკრიფეს რაზმი 2 000-მდე და აიღეს ქ. ხოსტა, რომელიც სოჭისა და ადლერს შუა არის. დააპატიმრეს რაზმის უფროსი და ქალაქის თავი. „სტრაჟნიკებსა“ და მცხოვრებს აჰყარეს იარაღი სჩხრეკდნენ ბინებს, მიჰქონდათ ფული, ვერცხლი, ოქრო და სხვა ძვირფასეულობა.

            კრასნაია პოლიანაში მეამბოხეებმა დააპატიმრეს კაპიტანი მიხაილოვი. მისი ბედი გაურკვეველია. მეამბოხეებმა ხოსტაში დაჰყვეს 1 დღე. აქედან გაემართნენ სოჭისაკენ.

            სოჭის ოლქში გამოცხადებულ მობილიზაციით ყველა გაწვეული სომეხი, ბერძენი და უმრავლესობა რუსის და ქართველების გლეხობისა მორჩილად გამოცხადდა გასაწვევ პუნქტზე. მაგრამ გოლიცინის, კორშის, კრასნაია პოლიანას და სხვა სოფლების ქართველ და რუსის გლეხობის უმრავლესობისა გაიხიზნა მთებში მასწავლებელ კილებერის მონაწილეობით, რომელიც თავის თავს ბოლშევიკს უწოდებს. ამბობენ დეზერტირებს იარაღი – 3000 ვინტოვკა და ოფიცრობა ქართველებმა გაუგზავნესო. ქართველებმა ნება მისცეს საბჭოთა მთავრობის წარმომადგენლებს ამიერ-კავკასიის გზით შესულიყვნენ სოჭის ოლქში.

            მეამბოხეებმა აიღეს ხოსტა და გამოჩდნენ ზღვის პირას, აგრეთვე ადლერის სამხრეთით. მარტის 27-ს ერთმანეთს მოწყვეტილი იყო შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვანი პუნქტები – გაგრა, ტუაპსე, ადლერი. სოჭაში იმყოფებოდა შავი სახადით ავადმყოფი კავკასიის ჯარის მთავარსარდალი გენერალი, ბარონი ვრანგელი. ინგლისელებმა დაუყონებლივ გამოაგზავნეს ფოთიდან ორი ნაღმოსანი. ერთ ნაღმოსანი გენერალი ვრანგელითა და მისი ოჯახობით სოჭიდან ტუაფსეში წავიდა. მეორე სოჭში დარჩა.

            მარტის ოცდა რვაში ნოვოროსიისკიდან გადმოვიდა სოჭაში დესანტი ყაზახების ორი ასეული, ბოლო ცნობებით აჯანყება მოსპობილია“.