თფილისის თვითმმართველობა აბრების გაქართულებას მოითხოვს

„საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 6 სექტემბერი, N199.

თფილისის ქალაქის თვითმმართველობის გამგეობამ დაწესებულებებზე ქართული წარწერების შემოღების შესახებ 2 სექტემბრის სხდომაზე დაადგინა:

1. ქალაქში ყველა საზოგადო, სავაჭრო, სამრეწველო და სხვა და სხვა დაწესებულებებზე მთავარი წარწერანი უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე.

2. მეპატრონეთ უფლება ეძლევათ გარდა ხსენებული მთავარი წარწერისა, რომელიც ქართულ ენაზე იქნება სხვა ენაზედაც იქონიონ მცირედი წარწერანი მეორე ხარისხოვან ადგილზე გამოკიდული.

3. ვადა ასეთი წარწერის დამზადებისა დღეიდან სამი თვეა, ე. ი. პირველი დეკემბრამდე.

4. მართლწერის და სტილის დასაცავათ ყველა მეპატრონე ვალდებულია წარწერის ტექსტი წინდაწინ წარუდგინოს ქალაქის თვითმმართველობის სამდივნოს დასამტკიცებლად.

5. თუ ვინიცობაა მეპატრონეეებმა მეოთხე მუხლში მოყვანილი ვალდებულება არ შეასრულეს და ისე დაუკვეთეს სახელოსნოებს წარწერათა დამზადება, მაშინ ხელოვანი და შემსრულებელნი ასეთი წარწერებისა თვით არიან ვალდებულნი წარადგინონ თვითმმართველობის დასამტკიცებლათ წარწერათა ტექსტი.

6. სახლის პატრონები ვალდებულნი არიან არსებული წარწერანი სახლის ფასადებზე ან ფარნებზე სახელმწიფო ენაზე წარწერით შესცვალონ ამავე ხნის განმავლობაში.

7. ქალაქის გამგეობა თუ კი ვინმე მოისურვებს მას უკვეთოს ხსენებულ წარწერათა მომზადება ამას შეასრულებს თავისი ტეხნიკური ძალებით ან და სხვაზე იჯარით გადაცემით, მაგრამ ეს დაკვეთა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 20 სექტემბრისა.

8. მეპატრონეები, რომლებიც არ შეასრულებენ დადგენილებას დასჯილნი იქნებიან პირველათ ჯარიმებით 500 მანეთამდე და თუ ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში კიდევ არ შეასრულეს მაშინ დაწესებულების დაკეტვით.

თფილისის ქალაქის თვითმმართველობის გამგეობა