თფილისის წყალმომარაგების მოსაგვარებლად ნატახტარ-ბულაჩაურის წყაროების კვლევა იწყება
„საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 3 სექტემბერი, N196.
როგორც მკითხველებს მოეხსენებათ ქალაქის საბჭომ დაამტკიცა გამგეობის წევრის ი. ბესელიძის მოხსენება ნატახტრის და ბულაჩაურის წყაროების გამოკვლევის შესახებ, რათა ორივე ვარიანტის აღმასრულებელ ხარჯთ-აღრიცხვათა და პროექტების მიხედვით აირჩიოს ერთი მათგანი. წალკის წყაროების საკითხი ტეხნიკურ დაბრკოლებათა გამო უქმდება. ორივე ვარიანტის გამოსარკვევათ საჭიროა 700 000 მან., აქედან 400 000 მან. ბულაჩაურის პროექტისათვის, ხოლო 300 000 მან. ნატახტარის პროექტისათვის. რადგანაც ბულაჩაურის წყაროები ზამთარში 1.5 მილიონი ვედრო წყალზე მეტს არ იძლევა (ზაფხულში კი 5 მილიონ ვედრომდე), თფილისისათვის საკმაო წყლის დანარჩენი ნაწილი მდ. არაგვიდან იქნება გამოყვანილი, რისთვისაც საჭიროა ფილტრების გაკეთება. ნატახტრის წყაროების გამორკვევის დროს მხედველობაში იქნება მიღებული ის გარემოება, რომ საჭირო გახდება გადასაქაჩავი მანქანის მოწყობა ქვემო ჰაუზიდან ზემო ჰაუზში დღე ღამეში 2 მილიონ ვედრო წყლის გადასაქაჩავათ. ვარიანტების გამოსარკვევად საჭირო მუშაობის ხელმძღვანელობა დაევალა ინჟინერ პ. მამრაძეს, ხოლო მის მრჩევლებათ დაინიშნენ ინჟ. ქურდიანი და ინჟ. ოზეროვი.
ქალაქის გამგეობამ დანიშნა განსაკუთრებული საკონტროლო კომისია, რომელშიაც შედის ინჟ. დიასამიძე, ხმოსანი პ. გოთუა და ერთიც ქალაქის კონტროლის წარმომადგენელი. ამ კომისიას ევალება გამოარკვიოს პერიოდულათ გაკეთებულ სამუშაოს რაოდენობა და თვალყური ადევნოს, თუ რამდენად ნაყოფიერათ და მიზანშეწონილათ სწარმოებს მუშაობა. კომისიამ კვირაში ერთხელ უნდა ინახულოს ის ადგილი, სადაც მუშაობა სწარმოებს და შეადგინოს კომისიის მუშაობის აქტები, რომელიც გამგეობას წარედგინება შესაფერი განკარგულებათა მოსახდენათ.