ევროპარლამენტის არჩევნები იმართება

სალომე სალაძე, ვენიდან

23-26 მაისს ევროპელი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებისკენ მიემართებიან. ევროპის 28 ქვეყანაში მცხოვრები 340 მილიონი ამომრჩეველი მომავალი ხუთი წლის ვადით 751 ევროპარლამენტარს აირჩევს.

ნიდერლანდები პირველი ქვეყანაა, სადაც ევროპარლამენტის არჩევნები უკვე ჩატარდა. პირველადი, არაოფიციალური შედეგები აქ საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა – ეგზიტპოლის მიხედვით, პირველ ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია გავიდა და უკან ჩამოიტოვა მემარჯვენე ფავორიტები – პრემიერ-მინისტრის ლიბერალური პარტია და ქრისტიან-დემოკრატები.

23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდება არჩევნები დიდ ბრიტანეთში. ერთი დღით გვიან, 24 მაისს, ირლანდიასა და ჩეხეთში გაიხსნა საარჩევნო უბნები. ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეები კი თავიანთ არჩევანს 25 და 26 მაისს გააკეთებენ.

იძულებითი არჩევნები დიდ ბრიტანეთში

განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი დიდი ბრიტანეთისკენ. კავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებისდა მიუხედავად, ქვეყანა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრად რჩება და ვალდებულია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. აქ ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაწყებულია და 26 მაისს დასრულდება.

მას შემდეგ რაც ბრიტანეთის მთავრობამ კავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო, ქვეყანას ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა და, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ევროკავშირის დატოვების ხელშეკრულება დეპუტატებმა სამჯერ უარყვეს და გასვლის თარიღმა 31 ოქტომბრამდე გადაიწია. თავად მეიმ კი ახლახან განაცხადა, რომ 7 ივნისს ოფიციალურად დატოვებს პრემიერის პოსტს.

რას წარმოადგენს ევროპარლამენტი?

ევროპარლამენტის არჩევნები პირველად 1979 წელს გაიმართა. 1987 წლამდე პარლამენტს შეზღუდული უფლებები ჰქონდა ხოლო „ერთიანი ევროპული აქტის“ მიღების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა მისი მნიშვნელობა. მისი ძრითადი ფუნქცია საკანონმდებლოა – განიხილოს ევროკომისიის წინადადებები და ევროკავშირის საბჭოს თანამონაწილეობით მიიღოს გადაწყვეტილებები, ასევე დაამტკიცოს ბიუჯეტი.

ევროპარლამენტის არჩევნები ყოველ 5 წელში ტარდება და მისი მთავარი დანიშნულებაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 18 წელს მიღწეულმა მოქალაქეებმა (გამონაკლისია ავსტრია და მალტა, აქ 16 წლიდან შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის მიღება), აირჩიონ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში და ამავე დროს იზრუნებენ გაერთიანებაში შემავალ ყველა ქვეყანაზე.

არჩევნების პრინციპი ერთია – ევროპის 28 ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიები ირჩევენ სასურველ კანდიდატებს და იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია რამდენ ხმას მიიღებს საკუთარი მოქალაქეებისგან, ევროპარლამენტში შეჰყავთ მიღებული ხმების პროპორციული რაოდენობის კანდიდატი. შემდეგ ეს კანდიდატები კი ევროპარლამენტში ფრაქციებში – ევროპულ პარტიებში – ერთიანდებიან.  ანუ, ევროპარლამენტარები ჯგუფდებიან არა იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან არიან არჩეულნი, არამედ მათი პარტიების პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით.

ევროპარლამენტში გაყვანილი დეპუტატების რაოდენობის კვოტა ევროპული ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად ითვლება, რაც ნიშნავს, რომ ერთი დეპუტატის გასაყვანად სხვადასხვა ქვეყანაში ხმების სხვადასხვა რაოდენობაა საჭირო – მაგალითად 2014 წელს ბელგიიდან ერთ-ერთი დეპუტატი 11, 710 ხმით აირჩიეს, იტალიაში კი ერთ-ერთმა პარტიამ მილიონზე მეტი ხმა აიღო, მაგრამ პარლამენტში ვერ მოხვდა.

კრიზისების ტალღა

ევროპარლამენტის ბოლო არჩევნები 2014 წელს ჩატარდა. წარმავალ პარლამენტს კრიზისების მთელ ტალღასთან მოუწია გამკლავება.

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური მიგრანტთა კრიზისი გახლდათ, რომელიც 2015 წელს განსაკუთრებით გამწვავდა. ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით ერთი მილიონი მიგრანტი შემოვიდა ევროკავშირში და თავშესაფარი მოითხოვა, რამაც რიგ ქვეყნებში მოსახლეობის უკმაყოფილება და ევროსკეპტიციზმის გაძლიერება გამოიწვია.

ამას განწყობას აზვიადებენ და აღვივებენ მემარჯვენე პოპულისტები, რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოებაში მიგრანტებისადმი შიშის დათესვას ლამობენ. მათი თქმით ამდენი იმიგრანტი ჩვენს ღირებულებებს და იდენტობას ემუქრებაო. თუმცა

სწორედ ულტრა-მემარჯვენე პარტიების გააქტიურებაა წარსული პოლიტიკური ხუთწლედის ძირითადი ტენდენცია. 2017 წელს, საფრანგეთში, მარინე ლე პენის დამარცხებამ და ემანუელ მაკრონის პრეზიდენტად არჩევამ გააჩინა იმედი, რომ აღნიშნული ძალები უკანა პლანზე გადაინაცვლებდნენ, მაგრამ პირიქით კი მოხდა – ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, უნგრეთი, პოლონეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, დანია, გერმანია, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებით გააქტიურდნენ მემარჯვენე-პოპულისტური პარტიები. რამოდენიმე მათგან მთავრობაშიც კი მოგვევლინა. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ასეთ ჯგუფი ევროკავშირის წინააღმდეგია, ევროპარლამენტის არჩევნებში მათი შესაძლო წარმატება საკანონმდებლო ორგანოს არასტაბილურობას მოასწავებს.

ევროკავშირისთვის კიდევ ერთი დიდი, ამ დრომდე მოუგვარებელი გამოწვევა არის ბრექსითი. 2016 წლის 23 ივნისს შემდეგ ბრიტანელების 51,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მიერ ევროკავშირის დატოვებას. თუმცა გასვლის პროცედურის მოგვარება აქამდე ვერ ხერხდება – ძირითადად, ბრიტანელების ჭოჭმანის გამო. დიდი სახელმწიფოს მიერ კავშირის დატოვება ტექნიკურადაც ურთულესი პრობლემაა, პოლიტიკურად კი ამან კრიზისის განცდა გააღრმავა და ერთიანი ევროპის მოძლე ულტრა-მემარჯვენეებს იმედი მისცა, კავშირს დიდი დღე აღარ უწერიაო.

იმედგაცრუების განცდას აძლიერებდა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი იტალიაში. ქვეყნის საგარეო ვალმა რამოდენიმე მილიარდ ევროს მიაღწია. ეკონომიკის ექსპერტები შიშობდნენ, რომ იტალიის კრიზისს სრულიად ევროკავშირის ჩათრევა შეეძლო, რაც გაერთიანებისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩენილიყო.

კრიზისების სიას დაემატა დემოკრატიის დეფიციტი, დემოგრაფიული პრობლემები, უმუშევრობის მატება და ასევე ევროკავშირის გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები,  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ტრამპის არჩევით გამოწვეული გაურკვევლობა აშშ საგარეო პოლიტიკაში და რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია.

ევროპარლამენტარების ახალი ნაკადი ამ პრობლემებს გადაიბარებს.

თუმცა იყო წარმატებებიც – ევროკავშირმა მოახერხა ევროს კრიზისის გადალახვა. საბერძნეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ, რომელთა საბანკო სისტემებსაც კატასტროფას უწინასწარმეტყველებდნენ, კრიზისის ყველაზე მძიმე ფაზა დაძლიეს.

მთავარი კითხვა: პოპულისტების აღზევება?

რთულად სათქმელია რამდენი წევრის შეყვანას მოახერხებენ პოპულისტური პარტიები ევროპარლამენტში. როგორც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერმა რამოდენიმე თვის წინ განაცხადა, ევროპაში არსებული ულტრამემარჯვენე პარტიები, მიუხედავად რიგ საკითხებში მათი განსხვავებული აზრებისა, აპირებენ ევროპარლამენტში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას და ევროკავშირის, განსაკუთრებით კი მისი მიგრაციის პოლიტიკის შეცვლას.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 18 მაისს, ევროპის 11 ქვეყნის პოპულისტური პარტიების წარმომადგენლებმა ყრილობა გამართეს, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილების საჭიროებას.

თუმცა, შედეგის წინასწარმეტყველება ძნელია. ავსტრიაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მემარჯვენე-პოპულისტური „თავისუფლების პარტიის“ რეიტინგის საგრძნობი ვარდნა გამოიწვია. ასევე, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია თებერვალში იტალიაში მატეო სალვინისა და რუსული მხარის მოლაპარაკების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ.

დიდია ალბათობა, რომ მემარჯვენე-მოპულისტური ძალებმა იმ რაოდენობით ხმის მიღება ვერ მოახერხონ, რასაც გეგმავდნენ. წინასწარი გამოკითხვებით ვარაუდობენ, რომ ევროსკეპტიკოსები 126 დეპუტატს გაიყვანენ, ნაკლებად რადიკალური პოპულისტები კი 124-ს. პრო-ევროპული უმრავლესობა სავარაუდოდ 448 დეპუტატს მიითვლის.

გამოცხადებული ცვლილების ქრონიკა

როგორი შედეგებიც არ უნდა დადგეს, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით მთავარი ცვლილება ორი უდიდესი ევროპული პარტიული ჯგუფის – ევროპის სახალხო პარტიის (EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) – გავლენის განუხრელი ვარდნაა. სავარაუდოდ, ევროპარლამენტის არჩევნების ისტორიაში პირველად, ამ ორი ჯგუფიდან არჩეული დეპუტატები პარლამენტარების რაოდენობის ნახევარზე ნაკლებს გაიყვანენ.

განსაკუთრებით მძიმეა ვარდნა ევროპის სახალხო პარტიისათვის, რომელიც ბოლო ხანებში ევროპარლამენტში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. გამოკითხვების მიხედვით EPP-სთან ასოცირებული პარტიები მოსახლეობის მიხედვით ევროპის უდიდესი ათი ქვეყნიდან მხოლოდ ორში ლიდერობენ.

თუმცა გამოკითხვებით, მემარჯვენე ფრთა შედარებით ლიდერობას შეინარჩუნებს: EPP-ს დანაკარგის ნაწილს სავარაუდოდ მემარჯვენე-ცენტრისტული, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) შეავსებს, თუმცა ბევრი რამ საფრანგეთზეა დამოკიდებული, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია სწორედ ALDE-ს რიგებშია.

არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადება, კვირას, 25 მაისს, საღამოს 6 საათზე  ევროპარლამენტის მიერ შედგენილი სპეციალური სიის რიგითობის მიხედვით მოხდება.

ამავე თემაზე: