ოჯახური ვახშამი, ევროპულად

წინა წერილში ევროპარლამენტში მიმდინარე გარიგებების შესახებ გესაუბრეთ და ამ ამბის შუა გზაში მიტოვება არ იქნება. სამშაბათს, სანამ ახლადარჩეული პარლამენტარები პირველობისთვის ბრძოლაში გადაეშვნენ, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები ვახშამზე შეიკრიბნენ, საქმეების მშვიდად და დარბაისლურად გასარჩევად.

ევროპული კულტურის ქვეყანა იმადაც ვართ, რომ პირის გემო და სუფრის პატივისცემა არ გვესწავლება, ჰოდა, ვიდრე პოლიტიკურ მენიუზე გადავიდოდეთ ნურც ნუგბარსა და სანოვაგეს დავივიწყებთ: ლიდერებმა მადა ნესვითა და ლეღვის ჩირის ჩაროზით მოიდინეს, მერე სატაცურის სოუსიანი გოჭის სუკით დაიმაგრეს გული და ბოლოს მარწყვით ჩაიკოკლოზინეს ყელი. პირველ, მეორესა და მესამეს შორის კი, აი, რა გადაწყვიტეს:

რკინის ქალამანი დონალდ ტუსკისთვის

ლიდერებმა თავიანთი საბჭოს მეთაურს, პრეზიდენტ დონალდ ტუსკს დაავალეს, ივნისში დაგეგმილ მომავალ შეხვედრამდე მოიაროს ყველა ევროპული დედაქალაქი, ეწვიოს ევროპარლამენტსაც და დაზვეროს, თუ ვინაა ევროკომისიის თავმჯდომარის მისაღები კანდიდატურა.

ტუსკმა თქვა (თუ დაიმუქრა…) 21 ივნისისთვის ყველა უმაღლეს თანამდებობაზე წარსადგენი კანდიდატების სია მექნება და, თუ საჭირო შეიქნა, კენჭისყრაზეც დავაყენებო.

ამ სუფრაზე “კენჭისყრის” ხსენებაზე ალბათ ბარე ორი ძირს დავარდნილი დანა-ჩანგლის რეჩხიც გაისმა და დრამატული ჩურჩულიც “გაძლიერებული კვალიფიციური უმრავლესობა!” რას ნიშნავს ეს უხერხული ფორმულა?! იხილეთ ქვემოთ:

მშვიდობა კაცთა შინა

წინა სტატიაში ვამბობდით, რომ ევროპარლამენტარები და კანცლერი მერკელი “წამყვანი კანდიდატის” სისტემას ემხრობიან, რომლითაც პარტიული ალიანსების პირველი ნომერი ავტომატურად ხდება ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი. ევროპელი ლიდერების ნაწილი – ემანუელ მაკრონის თამადობით – ამის წინააღმდეგია და თვლის, რომ მათთვის სასურველი კანდიდატის არჩევა ლიდერებს პარლამენტარების მიერ დაწესებული წინაპირობების გარეშე შეუძლიათ.

ვახშამზე ეს საკითხი ვერ გადაწყდა – ლიდერებს თავიანთი აზრები აქვთ და პარლამენტარებს თავისი. ლიდერებმა ნათელ-ჰყვეს, რომ არც ერთ წამყვან კანდიდატს მხარს ავტომატურად არ დაუჭერენ, ხოლო პარლამენტმა – რომ არავის დაუჭერს მხარს, ვინც წამყვანი კანდიდატი არ ყოფილა.

ერთი რამ ცხადია: გამარჯვებულ კანდიდატს მოუწევს არც სცილა დაწვას და არც ქარიბდა…

თავად ევროპელი ლიდერები თავიანთი შიდა უთანხმოებების საჯაროდ გამოტანას იმდენად უფრთხოდნენ, რომ ვახშმის დროს არც ასისტენტები დაისწრეს და მობილური ქსელი და ინტერნეტიც მოაშთეს. (ბოროტი ენები ამბობენ, ამასობაში კარგი ბურგუნდიული დაილიაო.)

მერკელი და მაკრონი

მერკელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) კვლავაც თავის მოწინავე კანდიდატს, მანფრედ ვებერს (Manfred Weber) უჭერს მხარს და იმ კრიტიკოსების საპასუხოდ, ვინც ამბობს ვებერს მთავრობაში მუშაობის გამოცდილება არა აქვსო, განაცხადა, პარლამენტში მუშაობის გამოცდილება მისთვის ასევე გამოსადეგიაო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ჟურნალისტებს უთხრა, კომისიის თავმჯდომარემ “უნდა იცოდეს როგორ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება” და “ქარიზმატული” უნდა იყოსო – რაც ნამდვილად არაა ის სიტყვა, რომელიც ვებერზე საუბრისას მოუვა ადამიანს თავში.

მაკრონის სკეპტიციზმის მიუხედავად, მერკელი ცდილობს თავისი პარტიის კანდიდატს წაეხმაროს. ბრიუსელში ყოფნისას მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ტუსკთან, მაკრონთან, ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესთან, მარკ რუტტესა და ბელგიის პრემიერ შარლ მიშელთან (Charles Michel). სწორედ რუტტე და მიშელი იქნებიან ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) წარმომადგენლები უმაღლესი თანამდებობების გადანაწილების მოლაპარაკებებზე. მაკრონის პარტით ზურგგამაგრებული ALDE ცდილობს EPP-ს ჩამოართვას კომისიის პრეზიდენტის შერჩევის პრივილეგია.

სოციალისტები და დემოკრატები (S&D) – მეორე უდიდესი პარტია – პარლამენტის შესუსტებას კი ცუდი თვალით უყურებენ, მაგრამ წინა არჩევნებისას, 2014 წელს, EPP-ს ქედმაღლობა და უკომპრომისობაც ცუდად აქვთ გულში ჩარჩენილი. ამიტომაც ვებერის კანდიდატობას მხოლოდ ცალყბად ეთანხმებიან.

ჯერ-ჯერობით ისე ჩანს, რომ ერთმანეთის წამყვანი კანდიდატების შესაკავებლად საჭირო ხმები ყველა პარტიულ ალიანსს აქვს, გამაერთიანებელი კანდიდატი კი ჰორიზონტზე არა ჩანს. თუ ასე გაგრძელდა, რაც უფრო მოახლოვდება 21 ივნისი – ტუსკის დაწესებული ბოლო ვადა კანდიდატების წარსადგენად – მით უფრო შეიქმნება ცდუნება “წამყვანი კანდიდატების” პირველობის იდეას პარლამენტმა მოუთავოს ხელი, ოღონდაც ევროკომიის თავმჯდომარის არჩევის საქმეში გავლენა შეინარჩუნოს.

ეს საძულველი, საჭირო კომპრომისი

ასეთია ევროკავშირის ბუნება – ის ლიდერებსა და პოლიტიკოსებს კომპრომისებისკენ უბიძგებს, შეიძლება ითქვას, აიძულებს კიდეც მათ, რომ მორიგდნენ. ევროპის იდეაც ისაა, რომ დაპირისპირებული მხარეები ისეთ გარემოში მოაქციოს, სადაც წესების ჩარჩოებიდან გამოსვლა ყველას უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე თუნდაც არასასიამოვნო თანამოსაუბრესთან გაწელილი მოლაპარაკებები.

ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ვებერის კანდიდატურა სუსტად გამოიყურება, მაგრამ ლიდერები მერკელს იმდენ პატივს მაინც სცემენ, რომ მხარდაჭერილი კანდიდატი ერთბაშად არ ჩაუძირონ. გამოსვლებისას კი გადაუკრეს სიტყვა და ბევრმა ახსენა “აღმასრულებელი გამოცდილების” აუცილებლობა, რაც ვებერს არა აქვს. 1985 წლიდან მოყოლებული, ევროკომისიის ყველა თავმჯდომარე ამ მთავრობის თავმჯდომარე ანდა რომელიმე ქვეყნის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ხელისუფალი იყო.

“მე გაგაფრთხილებდით, რომ პარლამენტს არ უნდა ვუთხრათ, რომ კანდიდატს, ვისაც პარლამენტში უმუშავია არა აქვს საკმარისი გამოცდილება, ხოლო კანდიდატს, ვინც ევროკომისიაში მუშაობდა – აქვს. მემგონი ამგვარი კატეგორიებით არ უნდა ვივაჭროთო,” მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადა მერკელმა.

გამოცდილი ტუსკი ყურადღებით გადადგამს ნაბიჯებს, რომ 21 ივნისისთვის კანდიდატურა შეთანხმდეს, ოღონდ ისე, რომ ევროპულ ოჯახში შედარებითი ჰარმონია შენარჩუნდეს.

იმავე მერკელმა ისიც აღიარა, “წინ რთული ამოცანა გვაქვს, [კომისიის პრეზიდენტის ნომინირებისათვის] კვალიფიციური უმრავლესობა დაგვჭირდება, მაგრამ იმათაც უნდა გავუგოთ, კანდიდატურას ვერ დაეთანხმება, თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგ საშუალოვადიანი ბიუჯეტის ერთხმად დამტკიცება დაგვჭირდებაო.”

ევროკავშირში ბევრი პროცედურა ერთმანეთთანაა გადაჭვული და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ტუსკმაც ამიტომ გაუსვა ხაზი, რომ კომპრომისების ძებნის პროცესში “წამყვანი კანდიდატების” სახელებს კი იქონიებს მხედველობაში, მაგრამ “ეფექტიანი ევროპისთვის” აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად მხოლოდ ამ კანდიდატურებით თავს არ შეიზღუდავს.

თუ ეს ასეა, ვებერის ტორტმანის მიუხედავად, EPP-ს კვლავაც აქვს თავისი კანდიდატის გაყვანის შანსები. წინა სტატიაშიც ვახსენეთ მიშელ ბერნიე (Michel Bernier), რომელიც ჯერ ერთი, ვებერზე უფრო ცენტრისტია, რაც ALDE-ს ესიამოვნება, მეორე მხრივ კი ფრანგია – რაც მაკრონს მოეფონება გულზე.

არიან სხვებიც: მაგალითად ფინეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ალექსანდრე სტუბი (Alexander Stubb), რომელიც EPP ლიდერობისთვის ბრძოლაში სწორედ ვებერთან დამარცხდა და მასზე ნაკლებად კონსერვატორია.

კიდევ ერთი სერიოზული კანდიდატია მარგრეტ ვესტაგერი (Margrethe Vestager), დანიელი პოლიტიკოსი სოციალ ლიბერალური პარტიიდან, რომელიც 2014 წლიდან ევროკომისარია კონკურენციის საკითხებში. ჯერ-ჯერობით მის კანდიდატურას აქტიურად არ განიხილავენ, რადგან პარტიის “წამყვანი კანდიდატი” არ ყოფილა, თუმცა იგი პოპულარული, ქარიზმატული პოლიტიკოსია აღმასრულებელი გამოცდილებით. თანაც – ქალი კანდიდატია. მაკრონმაც ხომ თქვა, ევროკავშირის ოთხ უმაღლეს თანამდებობებზე ორი ქალისა და ორი მამაკაცის დამტკიცებას მივესალმებიო.

ტუსკი ევროპული დედაქალაქების დავლას ოპტიმისტური განწყობით იწყებს. მისი თქმით, ამომრჩევლების მაღალი აქტიურობა ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი მაღალი ლეგიტიმურობით ხასიათდება. თანაც – ულტრამემარჯვენეების გაძლიერებისდა მიუხედავად – ახლადარჩეულ ევროპარლამენტში პრო-ევროპულ პარტიებს დიდი უმრავლესობა გააჩნიათ.

“ეს ამტკიცებს, რომ ევროკავშირი ძლიერი, ევროპის მასშტაბით პოპულარული დემოკრატიული ინსტიტუტიაო,” თქვა ტუსკმა და დაამატა – “ვინც არ უნდა გაუძღვეს ევროპულ ინსტიტუტებს, მას ამომრჩევლის რეალური მანდატი ექნებაო.”

იმედია, მისი ოპტიმიზმი გამართლებულია და 21 ივნისს შეთანხმებული კანდიდატურის სახელი ევროპელი ლიდერების მაგიდაზე დაიდება.

ამავე თემაზე: