საპროტესტო აქციის მეხუთე დღეს „პირველი გამარჯვება“ აღნიშნეს
დღეს საღამოს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია ისევ ზუსტად შვიდ საათზე განახლდა. უამინდობის მიუხედავად, პროტესტის გამოსახატად და საკუთარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ გასახმოვანებლად კვლავ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.
აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას „პირველი, მცირე გამარჯვება“ მიულოცეს, რაც ხელისუფლების მიერ მათი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნის – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებაში გამოიხატა. ამის შესახებ დღეს დილით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„არ გაგვაჩეროს ამ ერთმა გამარჯვებამ, მივიღოთ მონაწილეობა ისტორიის შექმნაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და დასძინა, რომ ახლა პოლიტიკოსებმა უნდა გააგრძელონ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით კონსულტაციები.
აქციაზე კვლავ გააჟღერეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი და განაცხადეს, რომ მათი ეს მოთხოვნა ძალაში რჩება. მომიტინგეეები ასევე კვლავინდებურად ითხოვენ 20-21 ივნისის აქციის დარბევაში დამნაშავეების დასჯას და აქციის დროს დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას.
აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, თუმცა ტრიბუნასთან განცხადებებს ძირითადად სამოქალაქო აქტივისტები აკეთებედნენ. სატელევიზიო ჩართვებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებნენ, რომ ყველა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, უპირველეს ყოვლისა კი – შს მინისტრი უნდა გადადგეს.
აქციაზე გიორგი გახარიას ბიუსტიც მიიტანეს და 20 ივნისს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებით აქციის რამდენიმე მონაწილისთვის თვალის არეში სერიოზული დაზიანებების მიყენების გასაპროტესტებლად, მას სიმბოლურად ცალი თვალი აუხვიეს.
დღესვე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წერილობითი განცხადება შევიდა, რომელიც 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ მინისტრის ეს მოთხოვნა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ის უნდა გადადგეს. ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ კი, აქციაზე განაცხადა, რომ პარლამენტში შს მინისტრის მისვლის დროს საზოგადოებმა მას თავისი ხმა უნდა მიაწვდინოს და გააგებინოს მთავარი მოთხოვნა.
მინისტრი დეპუტატების წინაშე სავარაუდოდ 28 ივნისს წარსდგება.
დღის ბოლოს, აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს შესთავაზა, რომ ხელჩაკიდებულებს იმის დასტურად, რომ პარლამენტში საზოგადოების ნების გარეშე ვერავინ ვერც შევა და ვერც გამოვა, შენობისთვის „ალყა“ შემოერტყათ.
ამის შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა 25 ივნისს 7 საათზე იმავე მოთხოვნებით პარლამენტის შენობის წინ აქცია კვლავ დააანონსეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
სოლიდარობის აქციები წინა დღეების მსგავსად, რეგიონებში დღესაც გაიმართა. ამასთან, აქციის ორგანიზატორები გუშინ დაგეგმილი პერფორმანსის ფარგლებში, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან შს სამინისტროს შენობამდე ზუსტად ორ საათზე ავტოკოლონით და გაბმული სიგნალით გაემართნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)