ISFED-ი და „საია“ 2020 წლის არჩევნების ე.წ. „ნულოვანი“ ბარიერით ჩატარების შესახებ წინადადებას აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაცია“ (საია) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ე.წ. „ნულოვანი (ბუნებრივი)“ ბარიერით ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებულ წინადადებას ეხმიანებიან და მის უარყოფით და დადებით მხარეებზე საუბრობენ.

სამართლიანი არჩევნები

სამართლიანი არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივას „საზოგადოების მნიშვნელოვან მიღწევად“ აფასებს, თუმცა იქვე იმ რისკებზე მიუთითებს, რომელსაც ე.წ. „ნულოვანი“ ბარიერი შეიცავს.

ISFED-ის განმარტებით, ბარიერის გაუქმებამ შესაძლოა პარლამენტში დიდი რაოდენობის ძალიან მცირე მხარდამჭერის მქონე პარტიების მოხვედრა გამოიწვიოს, რაც ორგანიზაციის შეფასებით, „სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობაზე“, ამასთან შესაძლოა „გართულდეს მთავრობის ფორმირება“ და „პოლიტიკური კრიზისებისა და არასტაბილურობის საფრთხე“ დადგეს.

„არაგონივრულად დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება გაზრდის პარტიულ ფრაგმენტაციას და გამოიწვევს ისეთი პარტიების შექმნასა და პარლამენტში მოხვედრას, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში ადეკვატურად ჩართვის რესურსი და შესაძლებლობა არ ექნებათ“, – აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.

ორგანიზაციის განმარტებით, გონივრული ბარიერი პარტიების გაძლიერებას, ამომრჩეველთან მუდმივ მუშაობას ემსახურება და საკანონმდებლო ორგანოში „ანტისისტემური, რადიკალური ძალების შესვლას“ აზღვევს. ამასთან, ISFED-ში აცხადებენ, რომ ერთეულ ლიდერებზე ორიენტირებული პარტიების პირობებში, „პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა ინდივიდების ვიწრო ინტერესებს და ფინანსურ თუ სხვა სარგებელს დაეფუძნოს“.

სამართლიანი არჩევნები ვენეციის კომისიის 2010 წლის ანგარიშზეც მიუთითებს, სადაც ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებისთვის 3%-დან 5%-მდე საარჩევნო ბარიერის რეკომენდაციაა გაცემული. აღნიშნულის გათვალისწინებით, ISFED-ი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ბარიერთან დაკავშირებული დისკუსია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით განაგრძოს, რათა „გააზრებული იქნას ყველა შესაძლო რისკი და მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყოს ქვეყნისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებთან“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

„სამართლიანი არჩევნებისგან“ მსგავსად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“ მიიჩნევენ, რომ ბუნებრივი ბარიერი „ზრდის როგორც ფარდის უკან პარტიული გარიგებების, ისე გადაწყვეტილებების მიღების ტემპის შეჩერების ალბათობას“. თუმცა იქვე იმ უპირატესობებზეც საუბრობენ, რომელიც აღნიშნულ სისტემას აქვს. კერძოდ:

  • ამომრჩეველს ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, შედეგად „ჰაერში გაფანტული ხმების“ ოდენობა მინიმუმამდე მცირდება;
  • პარტიების მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა და მათი ელექტორალური მხარდაჭერა თითქმის სრულად ემთხვევა ერთმანეთს;
  • ამგვარად დაკომპლექტებული პარლამენტი მაქსიმალური სიზუსტით ასახავს ამომრჩევლის განწყობას დაიძლევა შესაძლებლობას, საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური სიზუსტით ასახოს ის პოლიტიკური შეხედულებები, რაც საზოგადოებას აქვს.

საია-ს შეფასებით, აღნიშნული კომპონენტები საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას ზრდის და სტაბილური პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, „საია მოუწოდებს ხელისუფლებას ფართო დისკუსიის საფუძველზე ბოლომდე მიიყვანოს დაანონსებული ცვლილებები“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ე.წ. „ნულოვანი“ ბარიერით ჩატარების შესახებ ინიციატივა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების პროტესტის ფონზე 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების ორგანიზატორებისა და მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. საპროტესტო აქციები თბილისში რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტს და ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს მოჰყვა.

პარლამენტის წინ აქციები უკვე ხუთი დღეა მიმდინარებს. რუსთაველის გამზირზე აქცია დღესაც არის დაგეგმილი. მათი ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და შს მინისტრს გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე 20-21 ივნისს მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტეს.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)