აქციის მე-17 დღე – „თავისუფლების მარში“ ივანიშვილის რეზიდენციამდე
6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის მე-17 დღეს, მოქალაქეები პარლამენტის წინ ტრადიციულად კვლავ შვიდ საათზე შეიკრიბნენ და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
დაახლოებით საღამოს 8 საათისათვის, რამდენიმე ათასი მანიფესტანტი პარლამენტის შენობიდან პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისაკენ მსვლელობით გაემართა.
„თავისუფლების მარში“ – სწორედ ასე უწოდეს მომიტინგეებმა მსვლელობას, რომელიც რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა და რომლის მიზანიც იყო ბიძინა ივანიშვილისთვის შეეხსენებინა, რომ გიორგი გახარიამ 20-21 ივნისს აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობიდან გადადგეს.
ივანიშვილის რეზიდენციასთან მისულმა მანიფესტანტებმა თავიანთი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს და ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ის „უნდა ემსახურებოდეს საქართველოს და არა გავრილოვს“ და რომ ხელისუფლება ქართველი ხალხისა და საზოგადოების დაკვეთას უნდა ასრულებდეს.
აქციის ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებზე „გამოცხადებულ ნადირობას“ თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და იქვე დასძინეს, რომ „სანამ გახარია არ წავა“, ისინი „საქართველოს სადარაჯოზე ყოველ დღე“ იდგებიან.
მათივე თქმით, რუსთაველის გამზირი გახდება „ახალი ეროვნული მოძრაობის, ახალი სამოქალაქო საზოგადოების ადგილი“, სადაც იქამდე, სანამ გახარია არ გადადგება, პროტესტი გაგრძელდება და სხვადასხვა სახის ღონისძიებით, იგი „მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა“.
საკუთარ მოთხოვნათა კიდევ ერთხელ გაჟღერების შემდეგ, აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დაემშვიდობნენ და შეახსენეს, რომ ყოველ დღე, პარლამენტის წინ, ისინი ზუსტად 7 საათზე „საქართველოს სამსახურისთვის“ იკრიბებიან.
აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პროტესტის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი აირითა და წყლის ჭავლით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, აქციის ძალისმიერ მეთოდით დაშლისას, 240 მოქალაქე დაშავდა, მათგან რამდენიმე მძიმედ. 20-21 ივნისის მოვლენების დროს, პოლიციელებმა აქციის 305 მონაწილე დააკავეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)