თავადი თომა დადიანი დენიკინის რუსეთს საქართველოს დასაპყრობად ეპატიჟება
საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 23 ივლისი, N161.
თქვენო აღმატებულებავ!
ჩემს მამას, ბრწყინვალე თავადს სამეგრელოსას, ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს, მჭიდროთ ეჭირა ხელში დიდი რუსეთის კვერთხი, როდესაც ის (რუსეთი) ეროვნების განურჩევლათ თავის მამაცი შვილების, გულმკერდით ცდილობდა გაეკვლია გზა კავკასიის ერების კულტურის, ჭეშმარიტ თავისუფლების და ნათელ მომავლისაკენ. დიდმა ხელმწიფემ ალექსანდრე II-მ თავის მაღალი წყალობით ღირს ჰყო ნიკოლოზ დადიანი თავის მადლობისა. მუსულმანების მონობის უღლიდან განთავისუფლებული კავკასია რამოდენიმე ათი წლის განმავლობაში ისვენებდა ყველას დედის, დიდი რუსეთის კალთის ქვეშ.
მაგრამ დადგენ დღენი უბედურებისა, როდესაც ღალატმა და შურმა გაიკვლია გზა რუსეთის დაავადებულ გულისკენ და დაიკვნესა მძიმეთ. ავატმყოფმა დახარა ძირს ნაციონალური კვერთხი, მაგრამ მაინც არ გადააგდო იგი დასუსტებულ ხელიდან. რუსეთის დიდი ბელადები გუშაგათ დაუდგენ მრავალტანჯულ სამშობლოს. ერთი მეორეზე წყდებოდა იმ ჯაჭვის რგოლები, რომელიც აერთიანებდა კავკასიის დიდ დედასთან…
როგორც სასიკვდილო შხამით მოწამლულნი დაიკარგენ კაპეიკიან აგიტატორების იდეათა უღრან ტყეში. იღუპებოდა კულტურა, რომელიც მძიმე შრომით აითვისეს კავკასიის ბნელ მთებში და ტყეებში. კავკასიის ყველა ნამდვილ გულშემატკივარ შვილებს სდევნიდნენ და იძახოდენ „ჯვარს აცვი იგი“. მე, ნიკოლოზ დადიანის უფროსი შვილი, ამ ვაკხანალიით ძარღვებ აშლილი, დაავადმყოფებული, იძულებული ვიყავი გავქცეულიყავი მშობელ სამეგრელოდან და შევფარებოდი რუსეთის ძლიერ კალთას.
მაგრამ ამ დროს რუსეთის გულს გლეჯდა მთვრალი მატროსის ჭუჭყიანი ხელი, და მე არა ერთხელ ვიყავი სიკვდილის პირზე, არა ერთხელ მიპირებდნენ დახვრეტას.
მაგრამ, მიუხედავათ ამისა, მე ერთი წუთითაც არ დამიკარგავს რწმენა, რომ დადგება დრო, როდესაც დიდი და აღორძინებული რუსეთი მძლავრი ხელით აღმართავს ძველ ხმას თავდაცვის და სამართლიანობისას.
დრო დადგა, თქვენ, თქვენო აღმატებულებავ, ბრძანდებით ერთი იმ ბელადთაგანი, რომლის სახელი დაწერილი იქნება ისტორიის ფურცლებზე, რომლებმაც გაიარეს ზეკაცური სატანჯველი, რომ მალამო მოეცხოს რუსეთის ავადმყოფ გულისთვის.
მოგესალმებით თქვენ, თქვენო აღმატებულებაც, წმინდა გულით გეტყვით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“. სულით და გულით მინდა გითხრათ ჯერ ისევ მღელვარე კავკასიის სახელით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდო ბელადო“, მარადის ჟამს დალოცვილი იყოს თქვენი სახელი!