წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახლანდელი დანიშნულება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 24 ივლისი, N162.

წ.-კ. საზოგ. საყურადღებოდ.

ამ დღეებში გაზეთებში ცნობა იყო მოთავსებული იმის შესახებ, რომ წერა-კითხვის საზოგადოებამ რამდენიმე თანხა გამოსთხოვა მთავრობას სახელმძღვანელოების და სხვა წიგნების გამოსაცემათ.

დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მთავრობა შესაძლებლობების ფარგლებში უთუოდ დააკმაყოფილებს საზოგადოების თხოვნას (მთავრობამ დააკმაყოფილა საზოგადოების თხოვნა, რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა).  სახელმძღვანელოებისა და სხვა წიგნების გამოშვების საქმის მოგვარება უდიდესი კითხვაა ჩვენი შკოლისთვის. სახელმძღვანელოების შესახებ ამას წინად ვსწერდი და ეხლა სიტყვას არ გავაგრძელებ მათ შესახებ. მე მინდა შევეხო სხვა საჭირო წიგნების გამოცემის აუცილებლობას. ასეთ წიგნათ რიცხვში პირველ ყოვლისა უნდა ჩაითვალოს ჩვენი მხატვრული ლიტერატურა, მისი კრიტიკა და ჩვენ მწერალთა ბიოგრაფიები.

უკვე ვერსად იპოვით, აკაკისა და ილიას ნაწერებს სასყიდლად, აგერ-ეგერ თუ შეხვდებით მათ თითო-ოროლა ბროშურებს, თორემ წ.-კ. საზოგადოების მიერ უკვე კაი ხნის უკან გამოცემული ტომები კარგა ხანია გაყიდულია, თან ეს ტომებიც, როგორც ვიცით, სრულებით არ წარმოადგენს ამ მწერალთა თხზულების სრულ კრებულებს. ილიას თხზულებანი, რომელიც ერთ ტომად გამოუცია, ჯერ ერთი, რომ არ არის სრული და მეორეც ტეხნიკურად ძნელი სახმარია ბიბლიოთეკებში. ამიტომ  მოუცილებელ საჭიროებას შეადგენს დასახელებული მწერლების ნაწერების, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე ნაწარმოებებათ გამოცემა. ამიტომ მოუცილებელ საჭიროებას შეადგენს დასახელებული მწერლების ნაწერებს, როგორც ერთად, ასე ცალკ-ცალკე ნაწარმოებებთა გამოცემა.

გაყიდულია და ვერსად იშოვით გიორგი ერისთავის ნაწერებს, რაც ასეა საჭირო დღეს ჩვენს საშუალო სკოლისთვის. სანთლითა და საკმეველით ვერ იპოვით ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, არდაზიანის, გ. წერეთლის, ნინოშვილის ნაწერების ხომ სულ ორიოდე მოთხრობაღა თუ შეგხვდებათ აგერ-ეგერ, მისი სრული თხუზულება ხომ კარგა ხანია აღარ მოიპოება, საჭიროა ხელმეორედ გამოიცეს. უდიდეს დანაკლისს შეადგენს ჩვენი სკოლისა და ბიბლიოთეკებისთვის ყაზბეგის თხზულებათა ცალკ-ცალკე უქონლობაც.

უმწეო მდგომარეობაში ვართ ჩვენ მწერალთა ნაწერების კრიტიკულად განხილვის მხრივაც. მართალია, მოგვეპოვება განსვენებულ კიტა აბაშიძის ორი ტომი „ეტიუდები ქართულ ლიტერატურის შესახებ“, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო ჩვენის ღრმა რწმენით ეს თხზულებანი უფრო მეტ სადაო დებულების განვითარებიდან შესდგება, ვინემ ბევრისთვის მისაღებ შეხედულებებისგან. ამიტომ შემდეგში დიდის სიფრთხილით უნდა იხმარებოდეს. ჩვენი ლიტერატურის სუსტად მცოდნე მასწავლებელი ბევრ შეუსაბამო აზრებს შეითვისებს კიტა აბაშიძის „ეტიტუდების“ ხელმძღვანელობით.

ხომლელს, გომართელს, ზანგს და სხვებს საკმაოდ უწერიათ ჩვენი მწერლობის შესახებ და მათი ნაწერებიც უნდა თავდაყრილ იქნას და ცალკე გამოცემული. ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე ახალგაზრდა კრიტიკოსების მუშაობასაც.

კრიტიკასთან ერთად უნდა გამოიცეს ჩვენი მწერლების სერიოზული ბიოგრაფია და მათი შემოქმედების გამოკვლევანი. ამ მხრივ ქართული ლიტერატურა ყველაზე უფრო ღარიბია, სულ მოგვეპოვება რამდენიმე მწერლის ბიოგრაფია და ისიც ხშირად ერთობ სუსტი. ასეთად უნდა ჩაითვალოს გრიგოლ ორბელიანის ბიოგრაფია მეუნარგიას მიერ შედგენილი და ყაზბეგის ცხოვრების აღწერა. პირველი გენერალ ორბელიანის ხოტბაა, მეორე კუდმოკვეცილი და სწორეთ საინტერესო თვისება მოკლებულია – არ ვიცით ყაზბეგის გონებრივი განვითარების პირობები და მისი შემოქმედების  პროცესი.

ილიას, აკაკის, ნინოშვილის და სხვათა ბიოგრაფიები ხომ უბრალო თეეროლოგიებია და სხვა არაფერი. ორიოდე ცნობა გვაქვს ვაჟას, არდაზიანის, გ. წერეთლის, ჭონქაძის, კლდიაშვილის და მრავალ სხვათა შესახებ.

მშობლიურ ლიტერატურაზე არა ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ევროპის მწერალთა ნაწერებსაც:   ყოველივე ზომა უნდა იქნეს მიღებული, რომ ახლო მომავალში, მომავალ სამოსწავლო წლის დასაწყისში მაინც გამოვიდეს შექსპირის, შილლერის, გოგოლის, გრიბოედოვის და სხვათა დრამატიულ ქმნილებების ცალკ-ცალკე გამოცემანი. ყველა ამ მწერალთა შესანიშნავი დრამები ქართულად ნათარგმნია და ამ მხ[რ]ივ დიდი დარბკოლება არ შეგვხდება. თავსამტრევ კითხვას შეადგენს უთუოდ დანტეს, სერვანტესის (მეორე ტომი „დონკიხოტისა“), ბაირონის და სხვათა გადმოთარგმნა, მაგრამ საქმისადმი სიყვარული და შრომა ამასაც დასძლევს.

კარგად ვიცით, რომ ამ ძნელი საქმის მოგვარება არც ისე ადვილია ამ საშინელი სიძვირის დროს, მაგრამ ისიც უდაოთ ჭეშმარიტებაა, რომ უამისობა ჩვენ არ შეგვიძლია, – თუ გამომცემლობის კითხვა ასეთნაირად არ მოწესრიგდა, ჩვენი სკოლა ძლიერ ჩაიკოჭლებს.

ვარლამ რუხაძე