ბორის ჯონსონის არჩევა ცხადყოფს, ტორებს ზღაპრები ურჩევნიათ ფაქტებს
ენ ეპლბაუმი (Anne Applebaum)
გასულ კვირას, შიდაპარტიული საარჩევნო კამპანიის დასასრულისას, სიტყვით გამოვიდა ბორის ჯონსონი (Boris Johnson), რომელმაც ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობისათვის 40 წლიანი ბრძოლა დააგვირგვინა. არახალია, რომ ბორის ჯონსონი წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე ლაპარაკობს. ამჯერად, მან ხელს ცელოფანში დაფასოებული შებოლილი თევზიც გამოაყოლა.
თევზშემართული ჯონსონის დანახვამ პარტიის დამსწრე აქტივისტები გააცინა. ეს თევზიო, უთხრა ჯონსონმა მსმენელებს, მენის კუნძულზე (Isle of Man) მაცხოვრებელი მეთევზის შებოლილიაო და ისიც აუხსნა, რომ ეს მეთევზე ახლა ძალიან გაბრაზებული ყოფილა. რატომო, იკითხავთ.
„ათწლეულების განმავლობაში მეთევზე თავის საქონელს ასე აფასოებდა და მომხმარებლებთან ფოსტით აგზავნიდა, მაგრამ ბრიუსელში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა გადაწყვიტეს, რომ თითოეულ თევზს პლასტიკისაგან დამზადებული გამაგრილებელი ყინულის ფირფიტა უნდა ემაგრებოდეს,“ დასჭექა ჯონსონმა, ხელში ახლა ეს პატარა ყინულის ფირფიტა შეათამაშა და განაგრძო: „უაზრო, უაზრო, ძვირი და გარემოს დამაბინძურებელი რამ!“ , რასაც დაპირება მოაყოლა – „მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ჩვენს შებოლილ თევზს დავიბრუნებთ! განა გატყუებთ?!“
რა მშვენიერი გამოსვლაა, იუმორის მართლაც რა გასაოცარი გრძნობა!
არადა, ამ გამოსვლის ყოველი სიტყვა სრული ტყუილია. ევროკავშირი ბრიტანეთს შიგნით საკვების გადაზიდვებს არ არეგულირებს. შებოლილ თევზზე გამაგრილებლის მიმაგრების რეგულაცია ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო. ეს მეორე დღეს, ევროკომისიის სრულიად არასასაცილო მოხელემაც დაადასტურა. “ბატონი ჯონსონის მიერ აღწერილი შემთხვევა ევროკავშირის კანონმდებლობის რეგულირების ჩარჩოებს სცდება და მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ეროვნული კომპეტენციაა,” განაცხადა მან.
ვის აინტერესებს ეს დეტალები?! არავის. ჯონსონმა კონსერვატორების პარტიულ არჩევნებზე 66%-ით გაიმარჯვა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც გახდება.
თუმცა, ვგონებ არა ვარ მართალი. ტორებმა (როგორც ბრიტანელები კონსერვატორებს უწოდებენ) ჯონსონი მისი ტყუილებისა და შებოლილი თევზების, პრეზერვატივების, ხამანწკისგემოიანი კარტოფილის ჩიპსებზე გამოგონილი ისტორიების მიუხედავად კი არ აირჩიეს, არამედ სწორედ იმიტომაც უყვართ იგი, რომ ის ამგვარ ისტორიებს იგონებს. ბრიტანელ კონსერვატორებს გამოგონილი ამბების მოსმენა ურჩევნიათ სიმართლეს.
არცაა გასაკვირი: მაისში ჩატარებულ ევროკავშირის არჩევნებში კონსერვატორები – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე წარმატებული პარტია – ბრიტანეთში მეხუთე ადგილზე გავიდა. ისინი არა მხოლოდ თავიანთ ტრადიციულ მოწინააღმდეგესთან, ლეიბორისტებთან დამარცხდნენ, არამედ ხმები ახლადდაარსებულ ბრექსიტის პარტიას გადაულოცეს და თანაც, პრო-ევროპელ ლიბერალ დემოკრატებთან და მწვანეებთანაც დათმეს. თუ ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში იგივე განმეორდა, შეიძლება კონსერვატორები პარლამენტს მიღმა დარჩნენ.
პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტა ბრექსიტის დასრულებაა. თუმცა როგორც აქამდეც არაერთხელ დამიწერია, ბრექსიტის განხორციელება ბრიტანეთისაგან გადამჭრელი და არასასიამოვნო ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რომელთათვისაც კონსერვატორები მზად არ არიან. მაგალითისთვის, ადრე იქნება თუ გვიან, შემდეგ პრემიერ-მინისტრს მოუწევს სამიდან ერთი აირჩიოს: ან ის დარჩება ევროპის საბაჟო კავშირში; ან ჩრდილო ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვარი უნდა აღდგეს; ანდა საბაჟო საზღვარი უნდა აღდგეს ჩრდილო ირლანდიასა და დანარჩენ ქვეყანას შორის. ამ ვარიანტებიდან თითოეული – სხვადასხვა მიზეზებით – აბსოლუტურად მიუღებელია პოლიტიკურად საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯგუფებისათვის. ტერეზა მეი, ყოფილი პრემიერი, შეეცადა თავიდან აერიდებინა ეს პრობლემები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების გაჯანჯლებისაგან კარგი არაფერი გამოვიდა. როგორც ჩანს, ალტერნატივა არც ჯონსონსა აქვს, გარდა გამამხნევებელი ფრაზებისა, რომ საკმარისია, ბრიტანეთმა “შემქმნელი” სულისკვეთება აღიდგინოს და ყველაფერი კარგად იქნება.
ირლანდიის წარმოუდგენლად რთული პრობლემა რომც არ იყოს, ბრექსიტი მაინც უაღრესად რთული განსახორციელებელია. თუ რამე დრამატულად არ შეიცვალა, თემთა პალატაში (პარლამენტის ქვედა პალატაში) ბრექსიტის არც ერთი ვარიანტისათვის არაა ხმების უმრავლესობა: არც ევროკავშირში დასარჩენად, არც ტერეზა მეის მიერ მიღწეული არასრულყოფილი შეთანხმებით გასასვლელად და არც შეთანხმების გარეშე გასასვლელად – ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ბრიტანეთს მაინც მოუწევს ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ მეიზე ბევრად უფრო უარეს გარემოებებში.
რასაკვირველია, ამ პრობლემათა მოგვარება შეიძლება დემოკრატიული მეთოდითაც – მაგალითად ვადამდელი არჩევნების, რეფერენდუმის ან ორივე ამ მეთოდის გამოყენებით. თუმცა, ტორები მაინც იმავე პრობლემას ეჯახებიან: პარტია ღრმად არაპოპულარულია და რაც არ უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს, მაინც წააგებენ.
ჰოდა, ასეთ ვითარებაში რომ იყოთ, არ ამჯობინებდით შებოლილი თევზის შესახებ გამოგონილი სასაცილო ზღაპრის მოსმენას? ან რაიმე სხვა მსგავსი მონათხრობისას, რომელიც თქვენს პატივმოყვარეობას ელამუნება, ბრიტანულ მეობას განამტკიცებს და სულელი უცხოელების დაცინვის საბაბს გაძლევთ? მხარს არ დაუჭერდით ვინმეს, ვინც ყველაფრისდა მიუხედავად, ოპტიმისტურად გამოიყურება?
პარტია გადაშენების პირასაა. ცუდი გადაწყვეტილებები – გარდაუვალია. ყველა გზა კატასტროფისკენ მიდის. საშველი არსაითაა – ჰოდა, გავერთოთ მაინც, სანამ გემი იძირება.