ქართველ მწერალთა კავშირი სალიტერატურო კრებულის გამოცემას გეგმავს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 2 აგვისტო, N170.

ქართველ მწერლებისადმი

ქართველ მწერალთა კავშირის გამგეობას განზრახული აქვს ამ მოკლე ხანში გამოსცეს დიდი ფორმატის ლიტერატურული კრებულის პირველი ნომერი.

ასეთი კრებულის გამოცემის აუცილებლობას საბჭო თავიდანვე გრძნობდა, მაგრამ მრავალი დამაბრკოლებელი მიზეზები, – ტექხნიკური, მატერიალური და სხვ., ხელს უშლიდნენ ამ აზრის განხორციელებას.

ამჟამად ეს დაბრკოლებანი თითქმის გადალახულია, ვინაიდან ხსენებულ კრებულის გამოცემის საქმე თავს იდვა ამიერ-კავკასიის კოოპერატივთა კავშირმა.

სდგას რა, ამგვარათ, მკვიდრ ნიადაგზე საქმე კრებულის გამოცემისა, კავშირის გამგეობა მიმართავს ქართველ მწერლებს, თხოვნით, გამოგზავნონ თავიანთი ნაწარმოებები კრებულში მოსათავსებლათ პირველ სექტემბრამდე. კრებულში იქნება შემდეგი განყოფილებანი: პოეზია, ბელეტრისტიკა, ესთეთიური მხატვრობა, (მუსიკა, თეატრი, მხატვრობა, ქანდაკება და სხვ.).

თანახმად მწერალთა კავშირის საბჭოს დადგენილებისა, უკვე არჩეულია სარედაქციო კოლეგია, რომელშიაც შედიან ბბ. ს. აბაშელი, აკ. პაპავა, გრიგოლ რობაქიძე და ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის წარმომადგენელი ბ-ნი ივ. ცაგარელი.

ვინაიდან მასალების გასაცნობათ და შესაფასებლად რედაქციას ერთი თვე მეტად მცირე დროთ მიაჩნია, საბჭო სთხოვს მწერლებს კრებულისათვის გამოგზავნონ მეტად შერჩეული მასალა. მასალები გამოიგზავნება შემდეგ მისამართით: ტფილისი, ქალაქის გამგეობა, გამგეობის წევრს აკაკი პაპავას, კრებულისათვის.

ქართველ მწერალთა კავშირის გამგეობა