„რუსთავი 2“-დან საინფორმაციოს უფროსს და რამდენიმე ტელესახეს უშვებენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო, არხიდან რამდენიმე სახეს უშვებენ. მათ შორის არიან ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანები ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია, ასევე გასართობი გადაცემა „ნანუკას შოუს“ ავტორი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
პაატა სალიას ბრიფინგი
დღეს ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საფუძვლად აღნიშნული ჟურნალისტების მხრიდან არხის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები დაასახელა და განმარტა, რომ, „არ შეიძლება ადამიანს, რომელიც დასაქმებულია არხზე, სურდეს შეიცვალოს მესაკუთრე და ამის მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებდეს“.
პაატა სალიამ ინტერესთა კონფლიქტის კიდევ ერთ არგუმენტად ხსენებული ჟურნალისტების მიერ მენეჯმენტისგან არასახელფასო შემოსავლის სახით მიღებული დივიდენდებიც დაასახელა და დასძინა: „ადამიანები, რომლებიც დავალებულები არიან სხვისგან და მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან ამ არხის ერთგული“. „შესაბამისად, ამ ეტაპზე, მივიჩნევთ, რომ ასეთი ადამიანები ვერ იმუშავებენ არხზე“, – აღნიშნა მანვე.
„არ გვჭირდება შიდა ომები კომპანიაში. გვინდა რომ კომპანია იყოს შეკრული ერთ გუნდად, ყველამ აკეთოს თავისი საქმე და არ იყოს შიგნიდან მცდელობა, რომ როდესაც იქნება ცხელი სატელევიზიო სეზონი, მოხდეს ამ არხიდან კადრების გადინება. შესაბამისად, შევხვდებით თითოეულ თანამშრომელს, ვისაუბრებთ ხელშეკრულების ახალ პირობებზე, და ეს არ იქნება იმაზე უარესი პირობები, რაც არის დღეს“, – განმარტა არხის გენერალურმა დირექტორმა.
პაატა სალიამ განაცხადა, რომ ნოდარ მელაძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკვე ეცნობა, რაც შეეხება გასაშვებთა სიაში მყოფ სხვა დასახელებულ ჟურნალისტებს, სალიას განმარტებით, ისინი შვებულებაში არიან და არხს საშვებულებო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებენ.
სალიას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ შეცვლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე ნოდარ მელაძეს, თუმცა განმარტა, რომ ის აუცილებლად „რუსთავი 2“-ის გუნდისთვის მისაღები ადამიანი იქნება. „ამ გუნდისთვის მიუღებელ ადამიანს ჩვენ აქ არ მოვიყვანთ“, – განაცხადა მან.
სალიამ ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის მმართველების მიზანი არხის მუშაობის გაგრძელებაა. მისივე თქმით, „კურიერმა [უნდა] შეინარჩუნოს კრიტიკულობა, თუმცა კრიტიკა აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული“.
სალიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „რუსთავი 2“ მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ვეღარ შეასრულებს, თუმცა იქვე პირობა მისცა ჟურნალისტებს, რომ მათ საქმიანობასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა არ მოხდება.
ნოდარ მელაძის პასუხი
„რუსთავი 2“-დან გათავისუფლებას, დღესვე, არხის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილების შესახებ პაატა სალიას ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობეს.
ნოდარ მელაძის თქმით, „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშზე გადაფორმებიდან ზუსტად ორ კვირაში, მას „ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი“ შეხვდა, რომელმაც, თანამდებობაზე დარჩენის სანაცვლოდ, გარკვეული გარიგება შესთავაზა.
კერძოდ, მას განუმარტეს, რომ „რუსთავი 2“-ისგან „იმედის“ გაკეთება არ სურდათ და „კურიერში“ კრიტიკის რაღაც დოზა უნდა დარჩენილიყო, თუმცა მელაძეს სიუჟეტების თემატიკა ივანიშვილთან დაახლოებული პირისთვის უნდა შეეთანხმებინა და გადაცემებიც შესაბამისად დაეგეგმა.
„მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს, თუმცა იყო რაღაცა თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით“, – განაცხადა მან.
მელაძისვე განცხადებით, შეთავაზებაზე უარის შემდეგ, მასზე ზეწოლა დაიწყო და ტელეკომპანიის ახალმა მმართველებმა მისი ხელფასი გაყინეს.
მან „ბოდვა“ უწოდა არხის მოქმედი ხელმძღვანელის პაატა სალიას განცხადებას, სადაც ის მელაძის გათავისუფლების საფუძვლად 2016 წელს ტელეკომპანიის იმდროინდელი დირექტორისგან ნიკა გვარამიასგან ბუნისის მიღებას ასახელებს.
მელაძის თქმით, „რუსთავი 2“-ზე „საკადრო წმენდის“ დაწყების გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნა მიღებული.
„რას ნიშნავს ხელისუფლებასთან ფლირტში მყოფი „კურიერი“ მაყურებელი ხვალ, რა თქმა უნდა, ვერ ნახავს იმიტომ, რომ ამას გააკეთებენ ეტაპობრივად და 2020 წლის იანვრიდან, სამწუხაროდ, თავისუფლების ტერიტორია, როგორიც იყო „კურიერი“ და როგორიც იყო „რუსთავი 2“, ნელ-ნელა იქნება განადგურებული“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ნიკა გვარამიას გამოხმაურება
„რუსთავი 2“ – ში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს Facebook-ის საშუალებით არხის ყოფილი გენერალური დირექტორი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. „გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს“, – წერს იგი და „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მის მიერვე ახლადდაფუძნებულ ტელევიზიაში – „მთავარ არხზე“ ეპატიჟება.
ხალვაშმა მის უპირველეს ვალდებულად ტელევიზიის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან გათავისუფლება, ხალხის სამსახურში ჩადგომა და მისთვის ნდობის დაბრუნება დაასახელა.
ქიბარ ხალვაშმა, „რუსთავი 2“-ისთვის სამართლებრივი დავა 2015 წელს დაიწყო, ტელევიზიის წილები მიმდინარე წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გადაიფორმა. მანვე იმავე დღეს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამიას ნაცვლად, თავისივე ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.
„რუსთავი 2“-ის იგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)