ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს
ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 1 სექტემბერს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. გეგიძე პარტიის პოლიტიკურ საბჭოს წევრთა სიაში ამ დრომდე რჩება.
პარტიის გადაწყვეტილებაზე კომენტარი უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, დაგროვდა საკითხები, სადაც ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა.
მან ამის ერთ-ერთ მაგალითად ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხები დაასახელა.
ბიძინა გეგიძემ მისი გარიცხვის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი ქართული ოცნების სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა მისთვის კოლეგების გადაწყევტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე თქმით, იგი რადიკალური განცხადებების გაკეთებას მომავალშიც გააგრძელებს.
„მოკვლევა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები პოლიტიკურ პროცესებზე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი… ლოგიკურია, რომ ეს პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და სამართლებრივად მოიძებნა ჩემი წინასამსახურებრივი თემა”, – განაცხადა მან 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
ბიძინა გეგიძე პარლამეტის წევრი 2016 წელს, საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებიდან გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)