პროპორციულ სისტემაზე გადასვლის სახალხო განხილვის კომისიებმა პირველი სხდომა გამართეს
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიებმა, რომელთა შექმნასაც პარლამენტმა მხარი 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დაუჭირა, პირველი სხდომა 4 სექტემბერს გამართეს. სხდომაზე სახალხო განხილვის ვადები და ფორმატი განსაზღვრეს.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტების განსახილველად შექმნილ ორ კომისიას ერთი და იგივე 13 წევრი ეყოლება. ორი იდენტური კომისიის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, ლევან კობერიძე, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები – სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ხათუნა გოგორიშვილი, (ევროპული საქართველო), თინათინ ბოკუჩავა (ნაციონალური მოძრაობა), ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.
4 სექტემბერს პარლამენტში გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ კომისიები საყოველთაო-სახალხო შეხვედრებზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტებზე იმსჯელებენ, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება.
შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისიებსაც ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრა-განხილვა გაიმართება. განხილვის ჩატარების გრაფიკი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. პირველი შეხვედრა 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, კახეთში გაიმართება.
„შევეცდებით, განხილვების დროს, ჩვენმა საზოგადოებამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს და ასევე, ჩვენც მივიღოთ საზოგადოებისგან მოსაზრებები, ხედვა, თუ როგორ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები ამ მნიშვნელოვან ცვლილებას. ეს არის პრინციპული, ძალიან პოზიტიური ცვლილება, რომელიც თვისობრივად ცვლის საქართველოში პოლიტიკურ სისტემას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტში გამართულ სხდომას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს, სამოქალაქო პროტესტის პასუხად მიიღო. გადაწყვეტილება საზოგადოებას 24 ივნისს პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააცნო. მმართველმა პარტიამ პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტი პირველ ივლისს წარადგინა.
ამბის წინაისტორია
მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, რაც გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლის ყოლას ყველა ის პარტია შეძლებს, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მოაგროვებს. მმართველი პარტიის წარმოდგენილი ცვლილებების ვერსიით, ე.წ. ბუნებრივი ბარიერი ერთჯერადი იქნება, ყოველი მომდევნო არჩევნები კი 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.
მანამდე, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, ლეიბორისტულმა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, 13 ივნისს პარლამენტში 200 000-ზე მეტი ხელმოწერა წარადგინეს. ოპოზიციის ინიციატივის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 3%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. ოპოზიციის პროექტი პარტიების ბლოკებად გაერთიანებასაც ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)