პროკურატურამ გვარამიას „რუსთავი 2“-სათვის ზარალის მიყენების საქმეში ბრალი დაუმძიმა
გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 6 სექტემბერს ბრალის წარდგინების ფორმულირება დაუმძიმა, რის მიხედვითად კომპანიისათვის განზრახ ზარალის მიყენებას სდებს ბრალად. კერძოდ, პროკურატურის თქმით, გვარამიას გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ შპს ,,ინტერ მედია პლიუსს“ სარეკლამო დროში შეღავათიან ფასს ახდევინებდა.
პროკურატურა გვარამიას ბრალს სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში, რამაც პროკურატურის თქმით, ტელეკომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. პროკურატურამ გვარამიას შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციშიც დასდო ბრალი.
პროკურატურამ ბრალი საქმის სხვა მონაწილეებსაც წარუდგინა. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიას ბრალი ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება. ამასთან, პროკურატურა შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილსაც ედავება და ბრალს კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში სდებს.
სამივე პირი დღეს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების გაცნობის მიზნით დაიბარეს. ამის შემდეგ, პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
ბრალდების არსი
პროკურატურა ამბობს, რომ 2015 წლის 16 იანვარს, ნიკა გვარამიამ შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ,,რუსთავი 2“-მა ,,ინტერ მედია პლიუსს“ საკუთარი არხების – ,,რუსთავი 2“-ის, ,,კომედი არხისა“ და ,,მარაოს“ – ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მისცა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, იმავე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ნიკა გვარამია „ინტერ მედია პლიუსისგან“ ტელეკომპანიის სარეკლამო დროის საფასურის 90-95%-ს ითხოვდა, დანარჩენ თანხას კი, „ინტერ მედია პლიუსს“ მომსახურების სანაცვლოდ უტოვებდა, მედიაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად.
თუმცა, მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში დავის დაწყების შემდეგ საქალაქო სასამართლომ „რუსთავის 2 -ის პარტნიორების წილები და და კომპანიის ქონება დააყადაღა, პროკურატურის თქმით ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ „მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა განიზრახეს“.
კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ,,ნიკა გვარამია შეუთანხმდა შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს და ყოველთვიურად მხოლოდ […] ,,რუსთავი 2“-ის არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო“.
თუკი 2014 წელს „ინტერ მედია პლიუსმა“ სარეკლამო მომსახურებაში 43 230 509 ლარი გადაიხადა, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში, იგივე მომსახურებაში მხოლოდ 36 467 000 მოსთხოვეს. ამ გზით, პროკურატურის აზრით, გვარამიამ და დამენიამ “მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება“, ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ, გვარამიამ “ინტერ მედია პლიუსს” ეს თანხა არ გადაახდევინა.
სანაცვლოდ, პროკურატურის თქმით, გვარამიამ, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მეშვეობით, აღნიშნული კომპანიისგან მუხაძის ქუჩაზე ორი ბინა მიიღო, რომელიც ფიქტიური ფინანსური მაქინაციით გადაიფორმა საკუთარ სახელზე, მოგვიანებით კი გაყიდა და 602 522 ლარის შემოსავალი მიიღო.
ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ამავე საქმეზე პირველად ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება შეუზღუდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.
გვარამიას პასუხი
დღესვე, პროკურატურის განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ნიკა გვარამია გამოეხმაურა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ პროკურატურა უკვე „ბოლო სტადიაშია“ და ახსნა-განმარტებას „აზრი არ აქვს“.
„როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს… დანარჩენი სხვებს ჰკითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა“, – დაწერა გვარამიამ.
ამბის წინაისტორია მოკლედ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელევიზიის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის გადაწყვეტილების წყალობით, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც „რუსთავი 2“-ისათვის სამართლებრივი დავა 2015 წელს დაიწყო, ტელეკომპანია გადაიფორმა და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორად ნიკა გვარამია პაატა სალიათი შეცვალა.
არხის ახალი მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკისა და „რუსთავი 2“-ის გუნდის უცვლელად დატოვების პირობის მიუხედავად, გენერალური დირექტორის ცვლილებიდან ერთი თვის თავზე არხზე საკადრო ცვლილებები დაიწყო. „რუსთავი 2“-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე პოლიტიკური და გასართობი ტოქ-შოუების წამყვანები გაუშვეს. ამის შემდეგ, არხი საინფორმაციო გამოშვების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. შედეგად საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ ეთერში ამ დრომდე აღარ გასულა.
პარალელურად, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა, რომელიც მაუწყებლობის დაწყებას 9 სექტემბრიდან გეგმავს. „რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტების ნაწილი სწორედ ამ არხზე გააგრძელებს მუშაობას.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: Русский (რუსული)