ჩრდილოეთ არტაანის მკვიდრნი საქართველოსთან შეერთებას ითხოვენ

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 16 ოქტომბერი, N233

ჩრდილოეთ არტაანის მცხოვრებთა დეპეშა

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს შემდეგი დეპეშა მოუვიდა არტაანიდან.

„ჩრდილოეთ არტაანის მცხოვრებთა წარმომადგენლობის კრებამ სოფელ ხანახში ამა წლის 8 ოქტომბერს, დავადგინეთ სალამი უძღვნათ საქართველოს დამფუძნებელ კრებას და ვამცნოთ მას, რომ ჩრდილოეთ არტაანის მუსულმანობა რაცხავს თავის ქვეყანას (მხარეს) საქარველოს განუყოფელ ნაწილათ, იმედოვნებს რომ ქართველი ხალხი ყოველ ღონეს იხმარს მთელი არტაანის საქართველოსთან შესაერთებლათ, რომელიც ისტორიულათ, ეთნოგრაფიულათ და ეკონომიურათ საქართველოს ნაწილს შეადგენდა. ოლქის მთელი მუსულმანობა დარწმუნებულია თქვენს გულწრფელ თანაგრძნობაში და ვისურვებთ გამარჯვებას გაერთიანებულ საქართველოს საკეთილდღეოდ.

ხელს ვაწერთ იუფ აღა სულემან ოღლი, ალი აბირ ოღლი, მამედ უსეინ ოღლი, გურო უსეინ ოღლი, მუსა მამად ოღლი, მუსა ბეთმან ოღლი, ისმაილ აღა ფერგატ ოღლი, უსეინ მამედ ოღლი, მოლლა რუფი შარიფ ოღლი, შააბან ყადირ ოღლი, ასლან შაქარ ოღლი, სუფი მამედ ოღლი, საფარ ჰუსეინ ოღლი, მოლა იბრაგიმ ოღლუ, ასლან ახმედ ოღლი, ადგიუზარ ველი ოღლი, მოლა გარხადინ ხურშუტ ოღლი, შუქრი ჯამარ ოღლი, ჯერემ მუსტაფა ოღლი, ალი ახმედ ოღლი და ბაქრიმან იბრაგიმ ოღლი“.