მმართველი გუნდი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდელო ცვლილებების ხელახლა ინიცირებას არ გეგმავს და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას განიხილავს.

15 ნოემბერს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2024 წლამდე საქართველოში ის საარჩევნო სისტემა დარჩება, რომლითაც მოქალაქეები ხელისუფლებას „ბოლო ათწლეულებში ირჩევდნენ“. მანვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას „სამწუხარო“ უწოდა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს „ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს“, როგორც „ამის წარმოჩენა მმართველი გუნდის ოპონენტებს სურთ“.

„2020 წლის არჩევნები, მინდა დაგარწმუნოთ, დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა: „ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს“.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანას განვითარებისთვის მშვიდობიანი და სტაბილური გარემო სჭირდება და იქვე ოპონენტებს მოუწოდა, რომ „აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობის ნაცვლად, კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ“. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდება და „ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ იქნება“.

პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობიდან წასულ აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელების საკითხსაც შეეხო და მათ მიერ უმრავლესობის დატოვების გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აუცილებლად მოიკრებს ძალას და მომალვაზეც აიღებს პასუხისმგებლობას.

გუშინ პარლამენტმა 101 ხმით სამის წინააღმდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირიებული კანონპროექტი ჩააგდო. საკანონმდებლო ცვლილებებს ქართული ოცნების 12 დეპუტატის ხმა დააკლდა.

კანონპროექტის ჩაგდებას ოპოზიცისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტიც მოჰყვა. ორი დღის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მცირერიცხოვანი პროტესტი, გუშინ საღამოს ფართომასშტაბიან აქციაში გადაიზარდა. გუშინვე, კონსულტაციები შედგა საპარლამენტო და არასაპარალმენტო ოპოზიციას შორის.

ისინი სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ერთობლივ სამოქმედო გეგმასა და მოთხოვნებზე შეთანხმდნენ, რომელიც გარდამავალი მთავრობის პირობებში ვადამდელი პროპორციული საპარალმენტო არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი მათ მიერ გაჟღერებული მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ და მასტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. მათ გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე კარვებიც გაშალეს. პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ნაწილი კვლავ რჩება. საპროტესტო აქცია საღამოს შვიდი საათისთვის განახლდება.

2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდების გამო, საპარლამენტო უმრავლესობა ოცნების უკვე 12-მა დეპუტატმა დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)