სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორიიდან ბარიკადები აიღო

17:01

გაფრთხილების მიცემიდან 30 წუთის შემდეგ, სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეეობის დაშლა, ბარიკადების აღება და პიკეტირების მოხსნა დაიწყო. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ხელებაწეულები დახვდნენ.

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

აქციის დაშლას წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება უსწრებდა. უწყებამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების მოხსნისკენ მოუწოდა, წინააღმდღეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება დააანონსა.

მანამდე სამართალდამცველებს კანონიერი ქმედებების გამოყენებისკენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც მოუწოდეს.

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს და მათთვის გზის ჩაკეტვის მიზნით, სავალ ნაწილზე დასხდნენ. მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. ისინი ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ და პროტესტი გაგრძელდება.

მცირეხნიანი დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცველებემა, წყლის ჭავლის გამოყენებით, მომიტინგეებისგან ქუჩის გათავისუფლება შეძლეს. ასევე აიღეს ბარიკადებიც. სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

17:30

სპეცრაზმის დამატებითი რაზმები, რომლებიც ოპერის შენობის სიახლოვეს იყვნენ განლაგებულები, რუსთაველის გამზირიდან პარლამენტისკენ დაიძრნენ. ასევე, სპეცრაზმელები პარლამენტის შენობას თითქმის ყველა მხრიდან უახლოვდებიან. მომიტინგეები მათ შეჩერებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე, წყლის ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის შენობის წინ, სავალ გზაზე განლაგებული კარვებიც აიღეს,  თუმცა უშუალოდ პარლამენტის წინ განთავსებულ სცენას და კარვებს არ შეხებიან.

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

17:55

სამართალდამცველების ნაწილი რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე არიან განლაგებულები. დასუფთავების სამსახურმა ადგილის მოსუფთავება უკვე დაიწყო.

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

18:20

სპეცრაზმმა მომიტინგეების ნაწილს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილს იკავებდა, თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება აიძულა.

18:47

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის ჩვეულ ადგილას ნელ-ნელა იკრიბებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)