რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება
სპეცრაზმის მიერ საპროტეტსო აქციის დაშლისა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ბარიკედებისგან გათავისუფლების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე აქცია კვლავ განახლდა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. სამართალდამცავების ნაწილი პარლამენტის შენობის წინ არის განლაგებული.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ და აქციებს იქამდე განაგრძობენ, სანამ პროპორციული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
შეკრებილებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მიმართა და თქვა, რომ აქციები და პიკეტირება გაგრძელდება და მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.
„ივანიშვილი ქართველ ხალხს ძალის დემონსტრირებით აშინებს. ეს არის დღევანდელი რეალობა… არ მოგცემთ ამ ქვეყანას… არ არსებობს მისი [ივანიშვილის] დარჩენა. ის ან წავა თავისით, ან წავა ცუდად. მეტი არჩევანი მას აღარ აქვს“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა: „ ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ გავიმარჯვებთ“.
ერთიანი ნაცინალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით კი, ხელისუფლების მხრიდან დღევანდელი ქმედება იყო „შიშისა და პანიკის“ დემონსტრირება. მისივე შეფასებით, დღეს ხელისუფლების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მანიფესტაციებსა და პროტესტს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ“, – თქვა მანვე.
ამასთან, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ ოპოზიციის ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბებიან და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის განკუთვნილ მიმართვის ტექსტს შეიმუშავებენ.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, ადგილზე, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, აქციის ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ მათ მშვიდ ვითარებაში პროტესტის გამოხატვის სრული უფლება აქვთ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)