ოცდაათამდე სოც. მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს – პოზიციები
სოციალური სამსახურის რეორგანიზაცია კითხვებს ბადებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციისას, პირველი თებერვლიდან სამსახურიდან 30-მდე სოციალური მუშაკი გათავისუფლდება მთელი საქართველოს მასშტაბით. სამინისტროს ცნობით, მათ კომპენსაციის სახით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება გადაეცემათ.
ეს სოციალური მუშაკების გაფიცვიდან თითქმის ერთი წლის თავზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ შარშან, 2019 წელს სოც. მუშაკები 24 მარტიდან გაიფიცნენ, მაგრამ გაფიცვა 4 აპრილს შეწყვიტეს იმ იმედით, რომ პრობლემურ საკითხებს სამინისტროსთან კოლექტიური მოლაპარაკებით გადაწყვეტდნენ.
სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პირველად 29 იანვარს სოციალური მუშაკების პროფკავშირის წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, სამინისტროს სოციალური მუშაკებისათვის გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი არ განუმარტავს.
„ერთადერთი არგუმენტი იყო რეორგანიზაცია. სხვა მიზეზი დასაბუთებული არ ყოფილა, თუმცა დასაბუთების ვალდებულება ჰქონდათ, რომ განემარტათ, რა ნიშნით შეარჩიეს ეს ადამიანები“, – განაცხადა მან „ნეტგაზეთან“ საუბარში.
გათავისუფლებული სოციალური მუშაკები ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მათ სისტემაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ ამის შედეგად უმუშევარი დარჩებოდნენ და არც ის იციან, რა კრიტერიუმით მოხდა სწორედ მათი შერჩევა. გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, შესაძლოა, სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყონ.
რას ამბობენ სამინისტროში?
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია 2019 წლის პირველი მარტიდან მიმდინარეობს და სოციალური მუშაკებისთვის „ყველა ეტაპზე სრულყოფილი ინფორმაცია იყო მიწოდებული“.
„ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ისინიც არაერთხელ ყოფილან ჩემთან და მეც არაერთხელ გამიცია ამ კითხვაზე პასუხი და იმ წერილებშიც, რომლებიც მათ დაეგზავნათ თავიდან-ბოლომდე არის ახსნილი, თუ რატომ გათავისუფლდნენ ისინი… პირადად რამდენჯერმე მაქვს ახსნილი ის ვითარება, რა ვითარებაც შეიძლება დამდგარიყო, ამ რეორგანიზაციის ფარგლებში“, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, „ეს გათავისუფლება არის დროებითი“ და რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურის საშტატო განრიგს დაემატება თანამდებობები, რომლებზეც კონკურსი გამოცხადდება და გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
რას გულისხმობს რეორგანიზაცია?
სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქცია გამოეყოფა და ის ახალ სააგენტოს – „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს“ დაეკისრება, რომელიც სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ დაქვემდებარებაში გადავა.
ფონდის დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განმარტებით, ამგვარი ცვლილებებით სერვისის მიმწოდებელი ყველა უწყება ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება, რაც „დადებითი იქნება“. მისივე თქმით, სოციალური მუშაკების საერთო რაოდენობა „არამც და არამც“ არ შემცირდება და პირიქით, რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება ახალი ვაკანსიები, რომლებზეც შესაბამისი კონკურსები გამოცხადდება.
„ასევე, ემატება სხვადასხვა ფუნქციები მათ [სოციალური მუშაკების] გასაძლიერებლად. ეს რეფორმა წამოიწყო ამ ფუნქციის პრიორიტეტად წამოწევისთვის. ჩვენი სამსახურისთვის ეს იქნება წამყვანი ფუნქცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს მიმართულება, რომელსაც ბავშვზე ზრუნვა ჰქვია“, – უთხრა მერი მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს.
სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამოხმაურება
სოციალური მუშაკების გათავისუფლებას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გამოეხმაურა და ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის მიზნით, ოფიციალური უწყებებისგან შემდეგ კითხვებზე პასუხებს ელის:
- რა გეგმა აქვს სააგენტოს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (რომელიც შესაძლოა ორი თვე გაგრძელდეს) აწ უკვე დათხოვნილი სოციალური მუშაკების მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით? როგორ გაუმკლავდება დარჩენილი პერსონალი საქმეების ოდენობას? რამდენად იქნება შესაძლებელი ბენეფიციარებისთვის, განსაკუთრებით კი, კრიზისულ და გადაუდებელ შემთხვევებზე მომსახურების დროული და ხარისხიანი მიწოდება?
- რა კრიტერიუმებით მოხდა სოციალური მუშაკების დათხოვნა? მოხდება თუ არა სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა, სოციალური მუშაობის შესახებ კანონის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა მასობრივი გაფიცვების (2019 წ) შემდეგ დაპირების შესაბამისად?
- რა მოთხოვნები/კრიტერიუმები იქნება ვაკანტურ ადგილებზე სოციალური მუშაკების შერჩევისას?
ასოციაციაში იმედს იტოვებენ, რომ აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ პირებს თითოეული უწყება პასუხს დროულად მიაწვდის. ისინი იქვე დასძენენ, რომ შესაბამის რეაგირებას განსაკუთრებით სოციალური მუშაობის აქტიური მხარდამჭერის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოციალური მუშაობის კანონის ინიციატორის სოფიო კილაძისგან ელიან.
არასამთავრობოების გამოხმაურება
სოციალური მუშაკების გათავისუფლებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“.
ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის მიუღებელია „რეორგანიზაციის საბაბით და ბუნდოვანი დასაბუთებით, კვალიფიციური სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი“, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „ბევრი გამოწვევის წინაშე მდგარ სოციალური მომსახურების სისტემას გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი“.
ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, „რატომ დაითხოვეს სამსახურიდან კვალიფიციური და გამოცდილი სოციალური მუშაკ[ები]“. მათთვის „ასევე, გაურკვეველია რა კრიტერიუმით მოხდა ადამიანების შერჩევა და რა გახდა მათი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი“.
ხელმომწერი ორგანიზაციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მოითხოვენ:
- უწყებამ დაასაბუთოს რეორგანიზაციის დროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების საჭიროება და განმარტოს გათავისუფლების კრიტერიუმები;
- უზრუნველყოს რეორგანიზაციის პროცესის გამჭირვალობა და მასში სოციალური მუშაკებისა და პროფესიული კავშირების ჩართულობა;
- რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს 2019 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად და სოციალურ მუშაკთა დანიშვნა სააგენტოში მოხდეს უკონკურსოდ;
- დაუყოვნებლივ დაიწყოს სოციალური სერვისებისა და სოციალური მუშაობის გადააზრება, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობითა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით დაგეგმოს ამ სფეროს რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები, მათ შორის ახალი სერვისების შექმნის მიმართულებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)