ვალერი ბგანბა ბჟანიას ჯანრთელობის მდგომარეობის თაობაზე რუს დიპლომატს შეხვდა
აფხაზეთის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა“ ვალერი ბგანბამ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის წარმომადგენელი ალექსეი დვინიანინი დაიბარა და შეშფოთება გამოხატა „რუსული მედიასაშუალებების დაუფარავი მცდელობების“ გამო, რომ ასლაბ ბჟანიას მოწამვლის თაობაზე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებით, რეგიონში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
ბგანბამ რუსეთის ფედერაციას მოსთხოვა, რომ „დაუყონებლივ გადასცეს აფხაზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს მოცემული გამოცემების ხელთ არსებული ყველა ფაქტი, სამედიცინო დასკვნები წინასაგამოძიებო შემოწმების ჩასატარებლად“. მან ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრას ბჟანიას სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიების დაწყების თაობაზე აფხაზეთის ხელისუფლების თხოვნას „რუსეთის ხელისუფლება სათანადოდ გააანალიზებს“.
იმავდროულად, ადგილობრივი მედიასაშუალებამ „აფსნიპრესმა“ 4 მარტს ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბჟანიას ფილტვების ორმხრივი ანთება დაუდგინდა.
56 წლის ასლან ბჟანია, 2 მარტს საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მოსკოვიდან სოხუმისკენ მიმავალი, გზად სოჭში გაჩერდა, სადაც „თავი შეუძლოდ იგრძნო“. მოგვიანებით, იგი კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ბჟანია კრასნოდარის საავადმყოფოში ინტენსიურ მკურნალობას გადის. და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. რუსული მედია მანამდე იტყობინებოდა, რომ 3 მარტს ბჟანია კომიდან გამოვიდა.
ბჟანიას მხარდამჭერთა ნაწილს სჯერა, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს, რათა 22 მარტს დაგეგმილ განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის საშუალება არ მისცენ. მათი თქმით, ბჟანიას მონაწილეობის გარეშე, რომელიც განმეორებით არჩევნებში მთავარ კონკურენტად ითვლება, არჩევნები არ ჩატარდება.
საბჭოთა KGB-ის სკოლის კურსდამთავრებული ასლან ბჟანია, 2019 წლის არჩევნების დროს, აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატისა და მოქმედი ლიდერის – რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა მძიმე ლითონებით მოწამვლის გამო, მან კენჭი ვეღარ იყარა.
აფხაზეთის წინა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ „პრეზიდენტის“ პოსტი მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების ფონზე, 12 იანვარს დატოვა. ადგილობრივმა სასამართლომ კი – 2019 წლის სექტემბრის მეორე ტურის შედეგები გაბათილების გადაწყვეტილება მიიღო.
- აფხაზეთის „პრეზიდენტობისთვის“ სამი კანდიდატი იბრძოლებს
- ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“ გადადგომას ითხოვენ
3 მარტს, ბჟანიას ასობით მხარდამჭერმა სოხუმში „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობაზე იერიში მიიტანა და „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“ ვალერი ბგანბას გადადგომა მოითხოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- ასლან ბჟანია კავკასიაში რუსულ ინტერესებსა და თბილისთან ურთიერთობებზე
- ჯანყი აფხაზეთში: ექსპერტთა თვალით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)