გახარია: „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც მინისტრთა კაბინეტთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა, პრემიერი-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების „მნიშვნელოვანი გამკაცრების“ გადაწყვეტილება მიიღო. „ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილით რვა საათიდან დაიწყება“, – თქვა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადაწყვეტილება, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის „შემაშფოთბელი“ დინამიკით ახსნა და თქვა, რომ ბოლო მონაცემებით „ჩვენ საქართველოში გვყავს, უკვე 100 ინფიცირებული“.
„დღეს ჩვენ პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. როდესაც პირველი მსგავსი შემთხვვა იყო მარნეულში, ჩვენ მივიღეთ საგანგებო ღონისძიებები და მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. [აგრეთვე] სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი არის [ვირუსით] ინფიცირებული და ეს ყველაფერი, სხვა მოცემულობასთან ერთად, შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას გვაძლევს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით:
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის;
- დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს;
- ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით;
- იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია;
- ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება;
- აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში;
- იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს;
- საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი;
- პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები;
- ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პრემიერმა დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანად აღსრულების ნაწილში სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენ ის შედარებით წარმატებული პასუხი გამოწვევაზე, რომელიც აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ“.
„ამ ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი, რომელიც იქნება 24 საათის განმავლობაში მომუშავე უწყება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომელიც მიღებულ იქნება უწყებათაშორის საბჭოს ფარგლებში და ასევე მონაწილეობას მიიღებს ამ გადაწყვეტილებების საინფორმაციო და ანალიტიკური მასალებით მომზადებაში. მსგავსი შტაბი შეიქმნება ყველა რეგიონში“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, „იმისთვის“, რომ „მოქალაქეებს არ შეექმნათ სერიოზული პრობლემები, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას“.
„ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები“, – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა და იქვე დასძინა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა ფუნქციონირებაში“.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ეხება ყველას“. „ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს“. მისივე განმარტებით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათმადე მხოლოდ აფთიაქები იმუშავებს.
გიორგი გახარიამ მართლმადიდებლუ ეკლესიაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მათთან „კომუნიკაცია იყო“, რის შედეგადაც „ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები“. „ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოებში ხმის გამაძლიერებელი ტექნიკით აღჭურვა, იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იმყოფებოდეს“.
„ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ისევე როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – თქვა პრემიერმა.
ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა თქვა: „ჩვენ კონკრეტული გეგმის მიხედვით მივდვართ, სადაც სწრაფ ტესტებს თავისი დრო და ადგილი აქვს… დღეს გეტყვით, რომ სწრაფი ტესტების დროც მოვა. სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი… აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)