იტალიური პრესის ცნობით, ბათუმი საქართველოს დაუბრუნდება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 16 აპრილი, N83
ბათუმს გვიბრუნებენ
იტალიური გაზეთის <Corriere della sera>-ში 27 მარტის ნომერში მოთავსებულია შემდეგი ცნობა ლონდონიდან: „ბათუმი საქართველოსთვის“! მინისტრთა საბჭო ძველ შეხედულებას ადგა ბათუმის და მის ოლქის შესახებ. ომის წინ ბათუმი შეადგენდა რუსეთის იმპერიის ნაწილს. მისი ბედის გადაწყვეტა იყო ფრიად სერიოზული საქმე, რადგან იგი გახდა ოსმალეთის ტერიტორიად. პირველად განზრახული იყო იგი დარჩებოდა საქართველოს, მაგრამ შემდეგ გაიმარჯვა პროექტმა , რომ ის შექმნილიყო თავისუფალ საერთაშორისო ქალაქათ, მის ირგვლივ ნეიტრალური ზონით, რათა იგი ყოფილიყო თავისუფალი პორტი საქართველოსთვის, აზერბეიჯანისათვის და სომხეთისთვის, იმ გარანტიით რომ შესაძლებელი ყოფილიყო თავისუფალი ვაჭრობა ნავთით, რომლიც გაიგზავნებოდა ბათუმზე აღმოსავლეთ ევროპის საზღვაო გზებით. მაგრამ ეხლა, მგონი, საბჭო დაუბრუნდა პროექტს, რომლითაც ბათუმი დარჩება საქართველოს იმ გარანტიით, რომ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ვაჭრობა სხვა ერთათვის, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი გზა ზღვაზე.
უეჭველია, საბოლოოდ გადაწყვეტა ამ საკითხისა, როგორც სხვა კუთხეებისა, რომელზედაც გარეშე საქმეთა მინისტრთა საბჭოს არა აქვს მტკიცე და ერთსულოვანი შეხედულება მიღებული იქნება სან-რემოს კონფერენციაზე, რომელზედაც მთავრობამ წარმომადგენელნი შეიკრიბებიან 10 ან 12 აპრილს და შეჰკრავენ ზავს ოსმალეთთან.