საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ „ბორდერიზაციას“ გმობს
რუსული საოკუპაციო ძალების მიერ 17 აპრილს ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ „უკანონო ბორდერიზაციის“ განახლებას საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება მოჰყვა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან – ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ 18 აპრილს პრესის კომუნიკე გაავრცელეს, სადაც დისკუსიების მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ „გვერდზე გადადონ უთანხმოებები და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც, შესაძლოა, მზარდი დაძაბულობა გამოიწვიოს“.
- საოკუპაციო ძალებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს
- ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები „გამყოფი ხაზების გასწვრივ მეტი თანამშრომლობისკენ“ მოუწოდებენ
თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მახლობლად რუსული საოკუპაციო ძალების მიერ „უკანონო ბორდერიზაციის“ განახლება „სავარაუდოდ ხელს უწყობს ადგილზე დაძაბული ატმოსფეროს შექმნას და ადგილობრივ მოსახლეობას საარსებო წყაროს გარეშე ტოვებს“.
„COVID-19-ის გლობალური გამოწვევის ფონზე, რაც ერთობლივ მიდგომებსა და თანამშრომლობას ითხოვს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს თავიდან აიცილონ პროვოკაციული ქმედებები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართონ ყურადღება“, – განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ რეგიონის მოსახლეობის სასიკეთოდ და საერთო საფრთხის COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყურადღება თანამშრომლობაზე უნდა გამახვილდეს.
გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან „რუსეთის მიერ მართული“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან განახლებული „აგრესიული „ბორდერიზაციის“ შესახებ ცნობების გამო შეშფოთება საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გამოხატა.
„ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩო მოუწოდებს „დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა“, რაც „ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო „ბორდერიზაციის” განმტკიცებასა თუ გაფართოებას“ ემსახურება.
„კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა“, – ვკითხულობთ განცხადებში.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მოუწოდა რუსეთისა და ცხინვალის უსაფრთხოების ძალებს, რომ თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომელთაც, შესაძლოა, რეგიონში სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ.
Further “borderisation” from Georgian breakaway region of South Ossetia is completely unacceptable. I call on South Ossetian and Russian security actors to immediately stop these activities and to refrain from any further steps that could escalate the situation.
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) April 17, 2020
„მკაცრად გმობს რა ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს“, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ასეთი პროვოკაციული ქმედებები რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის, ასევე ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესების თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაციის შორსმიმავალი გეგმების მიღწევას უზრუნველყოფს“.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, თავისუფლად გადაადგილების, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო და წყლის რესურსებზე წვდომის უფლების წართმევა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, დამატებით საფრთხეებს ქმნის“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა საქართველოში შემდგომი უკანონო „ბორდერიზაციის“ გამო. „ესტონეთი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ცალსახად არღვევს საერთაშორისო სამართალს და შეწყვიტოს სიტუაციის გაუარესება“, – დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „რუსეთისთვის კორონავირუსი საფარველია „ბორდერიზაციის“ გასაგრძელებლად. კატეგორიულად ვგმობთ მილიტარიზაციას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე“, – დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)