საქართველოს შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო შეტაკებები დროებით შეჩერდება
გაზ. ერთობა, 1920 წლის 19 აპრილი, N86
კონფერენციის პირველი ნაბიჯები
ამიერ-კავკასიის ყველაზე სუსტი და მტკივნეული ალაგია სომხეთი და მუსულმანთა ურთიერთობა, რომელმაც დღეს გამწვავების უმაღლეს ხარისხს მიაღწია. ამ ორი ერს შორის შუღლი ერთნაირი სტიქიური მოვლენაა, რომელთანაც ბრძოლა ყველა სახელმწიფოთა ძალის მოკრებას და შეერთებას მოითხოვს. ამ მიზნით არის მოწვეული თფილისში ამიერ-კავკასიის წარმომადგენლების კონფერენცია, რომელმაც თავის მუშაობის აუცილებელ პირობათ მიიჩნია დაუყონებლივ შეწყვეტა ომისა მუსულმანთა და სომეხთა შორის. მართლაც და რანაირად შეიძლება ლაპარაკი „შეთანხმებაზე“ რაიმე, თუნდაც სულ უმნიშვნელო საკითხებში ომის ატმოსფეროში, იმ დროს, როდესაც ამიერკავკასიაში თოფის წამლის სუნი ტრიალებს? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ თავაზიან სიტყვებს, რომელსაც კონფერენციაზე მოსული სომხეთი და ადერბეიჯანის წარმომადგენლები ეუბნებიან ერთმანეთს. ცარიელი სიტყვებია მათი რწმუნება, რომ ორივე მებრძოლი სახელმწიფო ჩხუბის და მტრობის მოძულეა და კეთილმეზობლობის მოსურნე, მანამ ყველა ეს საქმით არ იქნება დამტკიცებული, მანამ ორივე მხარე საქმეში არ გამოიჩინეს მშვიდობიანობის სიყვარულს და მანამ მთელის თავის ძალ-ღონით, რითაც უნდა დაუჯდეს ეს, არ შეეცდება ომის დაუყონებლივ შეჩერებას, რომ სადავო საკითხები გადასწყვიტონ მშვიდობიანი მოლაპარაკებით, კულტურულ საშუალებებით, დაწყნარებულ სულიერ განწყობილებით, დამშვიდებულ გულით.
პირველსავე თავის სხდომაზე კონფერენციამ მაგრა მოჰკიდა ხელი ამ საკითხს. პირველსავე სხდომაზე მან შეადგინა ორი დელეგაცია, რომლებიც უნდა წავიდენ იმ ადგილებში, სადაც მუსულმანთა და სომეხთა ომი ყველაზე მეტათ არის განწვავებული, და უნდა დაუყონებლივ შესწყვიტონ სისხლის ღვრა. დელეგაციებში ორივე მებრძოლ მხარეს ჰყავთ თავისი წარმომადგენლები და მესამე პირებად იქ შედიან საქართველოს წარმომადგენლები.
დაუყონებლივ შეჩერება სისხლის ღვრისა, – ეს არის ამიერ-კავკასიის სამივე რესპუბლიკის მთავარი საზრუნავი, რადგან ეს სისხლის ღვრაა ყველა მათი უბედურების წყარო, იგია მათი სისუსტის უმთავრესი მიზეზი. სომეხთა და მუსულმანთა ომია, რომ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას საფრთხეში აგდებს. მეზობელთა შორის ომი უსუსტებს ამიერ კავკასიის რესპუბლიკებს თავდაცვის უნარს გარეშე მტრებთან ბრძოლაში. ეს ომი იმავე დროს მათს საერთაშორისო მდგომარეობას არყევს, მათ უკარგავს ძლიერ სახელმწიფოთა თვალში ყოველს პატივისცემას და უცხო ძალას აიძულებს ამიერ-კავკასიის საქმეებში ჩასარევათ. რაც უფრო გრძელდება ეს ომი, მით უფრო და უფრო ხშირდება ძლიერ სახელმწიფოთა ნოტები, მით უფრო მაგარი ხდება მათი ხმა, მით უფრო დაჟინებითია მათი მოთხოვნა. ამას წინათ „შეთანხმების“ სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ცალ-ცალკე ნოტა გაუგზავნეს სომხეთის და ადერბეიჯანის მთავრობას. დღეს ინგლისის, საფრანგეთის და იტალიის წარმომადგენლები უკვე შეერთებულ ნოტას გგზავნიან მათ. მიუხედავათ იმ თავაზიანი კილოსი, რომლითაც ელაპარაკებიან ეს სახელმწიფოები ომში ჩართულს სახელმწიფოებს, მათს ნოტებში ისმის ერთნაირი მოთმინებიდან გამოსვლა.
„დიპლომატიურ წარმომადგენლებს, – ვკითხულობთ ნოტაში, – სურთ დაუყონებლივ მიიღონ იმის გარანტია, რომ ერთმა მაზრემაც და მეორემაც ნამდვილად გასცეს ბრძანება სისხლის ღვრის შესაჩერებლად“. ანტანტის წარმომადგენელები, ამნაირად, იძულებული არიან ერთნაირი კანტროლი გაუწიონ ომში ჩართულ მეზობლებს. და რაც უფრო გაგრძელდება ეს ომი, რაც უფრო აშკარა გახდება, რომ ამიერ-კავკასიის სახელმწიფოებს საკუთარი ძალა არ შესწევთ მშვიდობიან, კულტურულ ურთიერთობის დასამყარებლად და ველურობის მოსასპობათ, მით უფრო ბუნებრივი ხედვა ამიერ-კავკასიის საქმეებში ჩარევა ძლიერ სახელმწიფოებისა, მით უფრო ფაქტიურად ირყევა ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.