საქართველოს რეიტინგი 2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში
მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლება საქართველოში მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში უცვლელი დარჩა.
კვლევის თანახმად, საქართველოს 180 ქვეყანას შორის, შარშანდელის მსგავსად, 28.59 ქულით კვლავ მე-60 ადგილი უკავია. გასულ წელს საქართველოს 28.98 ქულა ჰქონდა.
ქულები გაანგარიშებულია 1-დან 100-მდე შკალაზე. ინდექსის თანახმად, რაც უფრო მეტია ქულა მით უარესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა და პირიქით.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა უსწრებს. სომხეთს 28.60 ქულით 61-ე ადგილი უკავია.
ანგარიშის შეფასებები
„ქართული მედია პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მედიის უფლებათა დამცველი ჯგუფის თქმით, „ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ქართული მედიის მფლობელობის გამჭირვალობა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მფლობელები კვლავ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“.
RSF-ი 2019 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც ეხება. „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავარი ოპოზიციური არხი „რუსთავი 2“ თავის ყოფილ მფლობელს დაუბრუნდა, რასაც შედეგად სარედაქციო პოლიტიკის სრული ცვლილება მოჰყვა* და ჟურნალისტების უმეტესობის ტელეკომპანიიდან წასვლა მოჰყვა“, – აცხადებს ორგანიზაცია და იქვე დასძენს, რომ „კონფლიქტის შედეგად ორი ახალი ოპოზიციური ტელეარხი გაჩნდა“.
„იმავდროულად, „აჭარის მაუწყბელი“, რეგიონული საზოგადოებრივი ტელეარხი, გამუდმებით იმყოფება ზეწოლის ქვეშ, რათა კონკრეტულ პარტიას დაუჭიროს მხარი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
- „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია ნათია ზოიძის „ზეწოლის“ გამო გადადგომით
- „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს
ანგარიშის თანახმად, „პოლიციის მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ნაკლებად ხშირია, თუმცა მაინც გრძელდება და საფრთხეებიც ისევ არსებობს“.
კვლევაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების და აზერბაიჯანში დაკავების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნა, რომ „გამოძიებას ჯერ არ წარმოუდგენია რაიმე სარწმუნო განმარტება იმისა, თუ როგორ მოხდა ეს“.
2013 წლის კვლევაში საქართველოს ამავე ანგარიშში მე-100 ადგილი ეკავა.
თვისებრივი ანალიზი შეჯერებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის აქტების შესახებ რაოდენობრივ მონაცემებთან, რომელთა შეგროვება ცალკეულ ქვეყნებში კორესპონდენტების ქსელის მიერ ხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)