აკაკი ჩხენკელი მესხეთსა და აჭარას ეწვია
გაზ. ერთობა, 1920 წლის 28 აპრილი, N94
დეპუტატი აკაკი ჩხენკელი მესხეთსა და აჭარაში
დეპუტატი აკაკი ჩხენკელი 25 აპრილს დაბრუნდა თფილისში თავის მოგზაურობიდან. ის და დეპუტატი გრიგოლ გიორგაძე ერთად გაემგზავრნენ 15 აპრილს მესხეთში. ახალციხისაკენ მიმავალნი ისინი შეჩერდნენ აწყურში, სადაც წააწყდნენ გლეხთა ყრილობას, რომელიც მოეწვია სამაზრო ერობის თავმჯდომარეს. საგანი ყრილობისა იყო აგრარული რეფორმა და მის ირგვლივ ატეხილი დავა. დეპუტატებმა მოისმინეს მოდავენი და აღუთქვეს მათ დახმარება. საღამოს 16 აპრილს ისინი წავიდნენ ახალციხეში, სადაც მათ ჰქონდათ ხანგრძლივი ბაასი ჯერ ჩვენი ჯარების სარდალთან და მის შტაბის უფროსთან, შემდეგ ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციასთან. მეორე დღეს გიორგაძე დაბრუნდა უკან, ხოლო ჩხენკელმა დაათვალიერა ჯარის და გვარდიის ბინები, დაწვრილებით გაეცნო მათ მდგომარეობას, ებაასა როგორც ჯარისკაცებს, ისე ოფიცრებს შემდეგ ჩხენკელი ესტუმრა იმავე მიზნით გვარდიის შტაბს, სამაზრო და საქალაქო დაწესებულებას. საღამოს 17 აპრილს ჩხენკელმა გააკეთა ქართულ და რუსულ ენაზე მრავალ-რიცხოვან კრების წინაშე ვრცელი მოხსენება თანამედროვე მომენტზე.
18 აპრილს დილით ჩხენკელმა ინახულა მაღალი ციხის გალავანში დიდი მეჩეთი, სადაც მას დახვდა მთელს მაზრაში ცნობილი მოლა ჰაჯი და მხურვალეთ მიესალმა მას. დეპუტატმა დაათვალიერა მეჩეთი, რომელიც ცუდ მდგომარეობაში ყოფილა უკანასკნელ ამბების გამო: კარები და ფანჯრები დაზიანებულა, შუშები ჩაუმტრევიათ და სხ.
ამავე დღეს დეპუტატი გაემგზავრა აბასთუმანს და დაათვალიერა ყველაფერი ღირსშესანიშნავი, გაეცნო სახელმწიფო შენობათა და აბანოების მდგომარეობას, მოისმინა ზოგიერთნი დაბრუნებულნი, რომელნიც შესდგომოდნენ თავიანთ სახლ-კარის აღდგენას. დეპუტატმა გამოიტანა ისეთი შთაბეჭდილება, რომ აბასთუმანი ამ წელსვე დაუბრუნდება თავის სააგარაკო ცხოვრებას, თუ მთავრობამ ყური ათხოვა მას. სამწუხაროა, რომ ძველი რეჟიმის ნაშთნი, ხოლო ერის თავგადასავალთა ისტორიისათვის საყურადღებო დიდი მთავრის ძეგლი და მის მიერ აშენებული ეკლესია დაუდევრობის გამო დღითი დღე ფუჭდება.
აბასთუმნიდან ჩხენკელი გაემგზავრა აჭარისაკენ. მაგრამ, ვინაიდან მთელი გზა მას ხვდებოდნენ მრავალი გლეხები, რომელნიც შესჩივლებდნენ მას თავიანთ ჭირ-ვარამს, ის იძულებული გახდა ღამე ადიგენში გაეთია. უმთავრესი საკითხები, რომელსაც გლეხები, რომელნიც შესჩივლებდნენ მას თავიანთ ჭირ-ვარამს, ის იძულებული გახდა ღამე ადიგენში გაეთია. უმთავრესი საკითხები, რომელსაც გლეხები სძრავდნენ, ეხებოდა სახელმწიფო ფონდში გადასულ სახნავ სათეს მიწების იჯარით გაცემის მოუწესრიგებლობას და უსამართლოდ დაჯარიმებას, სათესლე მასალის ნაკლებლობას, სასოფლო მილიციის მოუწყობლობას და სხვ. ჩხენკელმა მისცა შესაფერი რჩევანი მასთან მყოფ მაზრის კომისარს და აღუთქვა გლეხებს, რომ მათ გაჭირვებას მთავრობას გადასცემს.
საღამოს ჩხენკელი და სხვები წავიდნენ ცხენებით სოფ. ზარზმაში იმავე სახელის შესანიშნავ ტაძრის სანახავათ. ვისაც ეს ტაძარი არ უნახავს, მას გაუძნელდება ქართული ხუროთმოძღვრების სიდიადის ნათლად წარმოდგენა. ზარზმის მახმადიანმა გლეხებმა დიდი ამაგი დასდეს საქართველოს ამ ნაშთის ასე ჩინებულათ მოვლა პატრონობით, რისთვისაც ჩხენკელმა მადლობა გამოუცხადა მათ და დაჰპირდა, რომ მათ უანგარო ღვაწლს მთავრობა დააფასებს შესაფერათ. დეპუტატმა დაათვალიერა სამი კომლის მოსახლეობა: ერთი მთლად ღარიბის, მეორე საშუალო ღარიბის და მესამე ვითომ მდიდრის.
19-ს დილით ადრე ჩხენკელმა გასწია გოდერძის უღელტეხილისაკენ. გზა გაწმენდილია ქედის ძირამდი, იქით-აქეთ ძევს თოვლის ზვინი 2-3 საჟენი სიმაღლით, რაიც ამტკიცებს ჩვენი მესანგრეთა და ადგილობრივი ხალხის დიდს შრომას. აქ დეპუტატს დაუხვდა ორმოცამდე აჭარელი, რომელნიც გადმოსულან დანისპარაულიდან მის შესახვედრათ. აქვე დახვდნენ მას სანაპირო რაზმი და გვარდიელნი. მისალმების შემდეგ აჭარლებმა დასვეს ჩხენკელი მისთვის სპეციალურათ ჩამოტანილ მარხილზე და ოთხი ვერსის მანძილი ჩაარბენიეს გოდერძის, ანუ როგორც ისინი ეძახიან, ყანლის (სისხლის მთა) დაღმართი. მზგავსი რამ, ვეჭვობ, რომელსამე ევროპიელ სპორტსმენს გამოეცადოს ოდესმე!
ეს უდიდესი დაბრკოლება კიდევ 9 მარტს გადალახა ჩვენმა ნორჩმა ჯარმა და თან თავის ზურგით გადაიტანა იარაღი, ბარგი, სურსათი! დანის პარაულში დეპუტატს დაუხვდა ახალციხის გვარდიის ერთი გუნდი და მრავალი ხალხი. დეპუტატი ესაუბრა მათ, დაათვალიერა გვარდიის ბინა. ცოტა შესვენების შემდეგ დეპუტატი გაემგზავრა ხულოსაკენ, მაგრამ მას წინ გადაეღობენ დიაკვნისის მაცხოვრებნი და დაჟინებით მოითხოვეს მათი სტუმარი ყოფილიყო. ღამით ბევრი ესაუბრა დეპუტატი თავის მასპინძლებს და მათ მეზობლებს, რომლებმაც გამოიჩინეს უხვი და გულწრფელი სტუმართ მოყვარეობა. დილით გამოთხოვებისას მასპინძლის ხანუმმა და ქალიშვილებმა თავიანთი ხელით ნაქსოვი საგნები შემოუგზავნეს სტუმარს ოთახში და სთხოვეს თან წაეღო სამახსოვროთ. მეორე დღეს 20 აპრილს დეპუტატს ეწვია ხულოდან ჯარის უფროსი და რამდენიმე აჭარელი და მათთან ერთად გაუდგა გზას. ხულო სადღესასწაულოთ მორთულიყო ჩხენკელის შესახვედრათ. მთელი გზა, სადაც ჯერ და ხალხი მწყობრათ იყო ჩამწკრივებული, ხელოვნურ ხეივნიდან ექციათ ფიჭვის შტოებისაგან. შესავალთან კი არკა იყო გაკეთებული იმავე ფიჭვისა და ზედ ფოთლებისაგან გამოყვანილი ასოებით წარწერა: „გაუმარჯოს დემოკრატიულ რესპუბლიკას!
როცა მისალმება ჯართან და ხალხთან დასრულდა, მაღლა სერზე შეიყარენ ჯარი და ოფიცრები, ერთის მხრით, და ხალხი მეორეს მხრით. დეპუტატმა ჩხენკელმა წარმოსთქვა სიტყვა და განუმართა დამსწრეთ საქართველოს საერთაშორისო მდგომაროება, მეგობრული განწყობილება დიდ-ბრიტანეთთან, სამუსლიმანო საქართველოს დედა საქართველოსთან შემოერთების აუცილებლობა, მადლობა გადაუხადა ხალხს და ჯარს დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის სახელით და სხვ.
ამის შემდეგ დეპუტატი ხანგრძილვ ესაუბრა ზედა აჭარის სოფლების წარმომადგენლებს ცალკე დარბაზში, რითაც ისინი დიდათ მადლიერი დარჩნენ. გამოირკვა, რომ ჯარსა და მცხოვრებლებს შორის საუკეთესო მეგობრული განწყობილება დამყარებულა. შემდეგ დეპუტატს გაუმართეს ორი ბანკეტი: ერთი მცხოვრებლებმა, მეორე – აფიცრებმა. ორსავე ბანკეტს დაესწრნენ დიდი ბრიტანეთის აფიცრები და შესაფერი პატივი სცეს დეპუტატს.
მეორე დღეს 21 აპრილს დეპუტატმა დაათვალიერა ჯარის და აფიცრების ბინები და საავათმყოფო და შეკრიბა სათანადო ცნობები 26 ინახულა აგრეთვე გადამწვარი მეჩეთი და ესაუბრა ხალხის დასწრებით დიდათ პატივცემულ ადგილობრივ მოლას მგელაძეს, რომელსაც აღუთქვა დახმარება სკოლის ასაშენებლათ. დასასრულს დეპუტატი დაესწრო განმანთავისუფლებელი კომიტეტის ადგილობრივ ორგანიზაციის სხდომას და განმარტება მისცა შეკითხვებზე.
ნაშუადღეს დეპუტატი გაემგზავრა ქედისაკენ, ხოლო გზაში მას დახვდნენ ჭვანელნი, რომელთაც ცხადათ ეტყობოდათ ბოლშევიკების და ახალგაზრდა თურქების ზედ-გავლენა. აჭარისტანის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ, დეპუტატმა ურჩია ჭვანელებს ჯერ ბათუმი დაიბრუნონ და იქ გამოაცხადონ დამოუკიდებლობა, როგორც ქართველებმა თფილისში გამოაცხადეს. კითხვის ასე დასმამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე.
ქედაში დეპუტატს დიდძალი ხალხი დახვდა, რომელმაც მოითხოვა ინგლისელ აფიცრის თანდასწრებით ქართული ჯარის ქედა-აჭარაშიც გამოგზავნა და მთელი სამუსლიმანო საქართველოს ჩქარა შემოერთება საქრისტიანო საქართველოსთან. დეპუტატმა შესაფერი სიტყვით მიმართა დამსწრეთ. ქედელები უხვათ გაუმასპინძლდნენ მას, დაესწრენ ინგლისელებიც, წარმოითქვა ბევრი საყურადღებო ტექსტი.
საღამო ხანს დეპუტატმა განაგრძო გზა ბათუმისკენ. ხულოში იმყოფება დეპუტატი ვლასა მგელაძე, რომელიც ენერგიულათ იღწვის ძმობა მეგობრობის განსამტკიცებლათ.
X