აჭარის მაუწყებლის დირექტორმა წამყვანს ეთერში გასვლა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა
აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა თურმანიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ეთერს დროებით ჩამოაშორა, ახლა უკვე ერთი წლის ვადით ეთერში გასვლა და რეპორტიორობა შეუზღუდა.
პირველ მაისს თურმანიძემ განაცხადა, რომ მას მენეჯმენტი ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის დარღვევას ედავება, რომლის მიხედვითაც დასაქმებული ვალდებულია „არ ჩაიდინოს სამსახურში ან მის გარეთ (მათ შორის, სოციალურ ქსელში) სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიმართულია თანამშრომლის ან დამსაქმებლის დისკრედიტაციისკენ“.
დღეს თურმანიძემ თქვა, რომ სანამ მენეჯმენტი მისდამი არსებულ პრეტენზიას გააცნობდა, იგი ფიქრობდა, რომ უფლებამოსილება სოციალურ ქსელში ქცევის ახალი წესების დარღვევისთვის შეუზღუდეს, რომელიც მაუწყებლის ვებგვერდზე 20 აპრილს აიტვირთა.
თურმანიძე ამბობს, რომ უფლებამოსილების შეზღუდვის ნამდვილი მიზეზი ეთერიდან მოხსნის შემდეგ, დაახლოებით ოთხ დღეში, მხოლოდ მისივე მოთხოვნის მერე გაიგო.
წამყვანობიდან დათხოვილი თურმანიძე ამბობს, რომ მუშაობას იმავე მაუწყებლის რადიოში, მენეჯმენტისთვის მის შეთავაზებულ გადაცემაში განაგრძობს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევას მაუწყებლის დირექტორი კიდევ ერთ თანამშრომელს – ტოქშოუ „ჰეშთეგის“ წამყვანს და აჭარის მაუწყებლის „ალტერნატიული პროფკავშირის“ ხელმძღვანელს მალხაზ რეხვიაშვილს ედავება, რომელიც თურმანიძეს გამოექომაგა. რეხვიაშვილმა 21 აპრილს, თურმანიძის ეთერიდან ჩამოშორების შემდეგ, Facebook-ზე დაწერა, რომ თეონა თურმანიძე ეთერიდან 20 აპრილს მიღებული ქცევის წესების დარღვევის საფუძველზე, სოციალურ ქსელში 13-14 აპრილს გამოქვეყნებული სტატუსების გამო მოხსნეს.
აჭარის მაუწყებლის დირექტორი 28 აპრილით დათარიღებულ წერილში რეხვიაშვილს სწერს, რომ თურმანიძისთვის საქმიანობის შეზღუდვის მიზეზი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქცევის წესები არ ყოფილა. შესაბამისად, იგი რეხვიაშვილისგან მის მიერ აღნიშნულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოხრეიძე ამბობს, რომ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.
- აჭარის მაუწყებლის გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ
- EMC-მ აჭარის ტელევიზიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების საქმეებზე სასამართლოს მიმართა
მაუწყებლის დირექტორის წერილს 29 აპრილს საჯარო წერილით უპასუხა მალხაზ რეხვიაშვილმა. მან კოხრეიძეს განუმარტა, რომ თურმანიძის საქმეზე ადმინისტრაციული მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა და მის სტატუსში „მოხსენიებული ვარაუდი“ „ვერ ჩაითვლება ტყუილად“.
რეხვიაშვილი წერილში მაუწყებელში „კრიტიკული ჟურნალისტების დევნაზეც“ საუბრობს.
მალხაზ რეხვიაშვილმა ტელევიზიის დირექტორს განუმარტა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება შრომის კოდექსის 37-ე მუხლით არის შეზღუდული, რადგანაც „ეს მუხლი არ ითვალისწინებს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო“.
მათივე განმარტებით, ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო მაუწყებლიდან უკვე რამდენიმე თანამშრომელი გაათავისულფეს, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. ამასთან, შტატი გაუუქმეს რამდენიმე თანამშრომელსაც ან ისინი სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს.
ასევე წაიკთხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)