გრიგოლ ლორთქიფანიძე მხედრობას მიმართავს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 5 მაისი
სამხედრო მინისტრისაგან
საქართველოს მხედრობავ, კომანდირებო, ჯარისკაცნო და გვარდიელებო.
მთელი ქვეყნიერება, მტერი და მოყვარე სულ განაბული შემოგყურებთ თქვენ. ველურობისა და ბარბაროსობის ორმა დიდმა ნაკადულმა თურქთა ფანატიკოსებმა და რუსთა ბოლშევიკებმა კავშირი შეკრეს. აოხრებული ოსმალეთი და განადგურებული რუსეთი ერთი მეორეს კავშირის ხელს უწვდის და ვინაიდან მათ შუაში საქართველო სდგას, ისინიც ჩვენს განადგურებას აპირებენ. ამ გაველურებულ ურდოებს უნდათ საქართველოს გვამზე სამეზობლო ხიდი გასდოს. დაბეჩავებული თათარი და გამურტალებული რუსი ბოლშევიკი ცდილობს ლახვარი ჩასცეს ქართველი ერის თავისუფლებას. ისინი ქართველ ხალხს დაპყრობითა და დამონებით ემუქრებიან. ეს შავი ძალები ვერ ინელებენ, მათ თვალის ეკლათ გადაექცათ, ისხარბისა და შურის საგნათ შეექმნათ ის საქართველო, რომელმაც შესძლო მტკიცე ხალხური რესპუბლიკა შეექმნა. ორი პოლიტიკური კოტორი ერთი მეორეს დაუძმობილდა. ევროპიდან გაძევებული და წყალ წაღებული ბოლშევიზმი თურქთა ფანატიზმს ეპოტინება, უკვე განწირული პანისლამიზმი უდღეურ კომუნიზმს დაუკავშირდა. ორი წყალ წაღებული ერთი მეორეს აეკიდა. მოსკოვის კომისრები და ოსმალეთის ფაშები, ლენინი და ქემალ ფაშა შეერთდენ ევროპისა და კულტურის წინააღმდეგ და მათი განზრახვაა პირველ ყოვლისა გაანადგურონ ევროპის ის ნაწილი, რომელიც შემოჭრილია აზიაში საქართველოს სახით. წამხდარმა მეზობლებმა ჩვენი გაფუჭებაც განიზრახეს. თქვენ იცით, რომ თქვენი რესპუბლიკა არავის არ ესხმის თავს, მას ყველასთან ძმური და კეთილმეზობლური განწყობილება სურს. ის არავის სჩაგრავს, მაგრამ არც არავის დააჩაგრინებს თავს.
საქართველოს მხედარნო! თქვენ მიერ შექმნილი თქვენი საყვარელი სამშობლო დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრი შეიქმნა. აქ სწყდება დიდი ისტორიული კითხვა: შესძლებს თუ არა ცივილიზაციისა და პროგრესის ორი შავი ძალა გადალახოს საქართველო და შეკრას კავშირი თუ არა. პატარა საქართველოს ისტორიამ დიდი მსოფლიო საქმე დააკისრა. ჩვენი სახელმწიფოს ბედი და იღბალიც აი ეხლა უნდა საბოლოოთ გაიჭედოს. მთელი მოწინავე კაცობრიობის, მთელი ევროპის დემოკრატიის თანაგრძნობა და დახმარება ჩვენს მხარეზეა. მთელი ქართველი ერი მტკიცეთ სდგას თქვენს ზურგს უკან. მაშ გაათკეცეთ თქვენი ენერგია და მუშაობა. მოღალატე იუდა თი შემოგეპარათ თქვენს წრეში არ დაინდოთ. მჭიდროთ შეკარით თქვენი რაზმები. გასწით სამშობლოს საზღვრებზე; ალესილი ხმალი ქარქაშში ეგოს, მხოლოდ ფარი მოიმარჯვეთ, ვინაიდან თქვენ არავის ესხმით თავს და თუ მუხანათმა მტერმა მახვილით შემოგიტიოს, მაშინ მახვილითავე განგმირე იგი და გასწი წინ, თვითონ ეკვეთე, ვიდრე მტერმა არ დაიჩქოს და ზავი არ გთხოვოს.
ზურგის სამხედრო დაწესებულებებს, შტაბებს, კანცელარიებს, სამნეო კომიტეტის განყოფილებას და სხვებს ახსოვდეთ, რომ ისინი არსებობენ ჯარისკანცებისათვის, ფრონტისათვის. ვუბრძანებ შეამცირონ კანცელიარული ფორმალობა და ვოლოკიტა. გაათკეცონ ენერგია და მუშაობა, დილას და საღამოს და თუ საჭირო იქნება ღამითაც. და ვაი იმ მოხელეს რომლის დაუდევრობით, ზარმაცობით ან ვერაგობის მიზეზით ჯარისკაცს ერთი დღით დაუგვიანდებათ სურსათი, და ტანსაცმელი.
გაერთსულოვნებული ფრონტი და ზურგი, გაათკეცებული და აღფრთოვანებული შრომა, ენერგია, ბრძოლა და გამარჯვება ჩვენია.
სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე
მაისის 4, 1920 წელი