1920 წ. მაისი, გენშტაბის ცნობა: ბოლშევიკები საქართველოს მოადგნენ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 6 მაისი, N99
სამხედრო ცნობა
კონტექსტისათვის: 1920 წლის 27 აპრილს წითელი არმიის ნაწილებმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი ბაქო აიღო და ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. აზერბაჯანის საჯარისო ნაწილებს ფაქტობრივად წინააღმდეგობა არ გაუწევია ბოლშევიკებისათვის. ამიერკავკასიელ ბოლშევიკთა მეთაურის სერგო ორჯონიკიძის წინასწარი პროგნოზით, აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში წითელი არმიის ნაწილები თბილისსაც აიღებდნენ. სამხედრო მოქმედებების პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საბჭოთა რუსეთის მთავრობასათან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ. 1920 წლის მაისის პირველ დღეებში წითელი არმიის ნაწილები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს მოადგა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო.
ოპერატიული ცნობები გენერალური შტაბისა, 5 მაისი, 1920 წელი.
- გაგრის ფრონტზე ჩვენ წინ პოზიციები დაიკავეს წითლებმა და აღმართეს წითელი დროშა წარწერით: „გაუმარჯოს საბჭოთა რუსეთს“
- ბათუმის და არტაანის მიმართულებით არავითარი ცვლილება არ მომხდარა.
- ინგლისელების თანხმობით ჩვენმა ჯარმა დაიკავა ქალაქი ართვინი.
- წითელ ხიდის მიდამოებში სწარმოებს ბრძოლა ადერბეიჯანის რეგულარულ ჯარებთან
- ფოილოს მიმართულებით 4 მაისს დაღამებისთანავე მტრის ძალა რიცხვით ერთი გუნდი შემოცვივდენ ჩვენ მოდარაჯეებს ფოილოს ხიდის ყურში წინ შთაბეჭდილებით თითქოს იერიში მოიტანეს ჩვენ დარაჯებზე, მხოლოდ უცეცხლოდ. ჩვენი დარაჯები ადგილიდან არ დაიძრენ, რომელთაც დახევას ლამობდნენ ან მათი ხელში ჩაგდებას. 5 მაისს დილის ოთხის ნახევარზე ხიდს მოადგა მტრის ჯავშნიანი მატარებელი, წინ ჰქონდა პლატფორმა, უკან მობმული ვაგონები ხალხისთვის და დაუწყეს ჩვენს მოდარაჯე გუნდს სროლა ზარბაზნების ტყვიისფრქვევლებიდან. ჩვენმა წინა მოდარაჯეებმა თანახმად ბრძანებისა დაიხიეს უკან ხიდს ქვეშ გამართული ბოგირით და ჩვენებმა მეორე მხრიდან დაუშინეს ტყვიის მფრქვევლებით, არტილერიით და თოფებით. ამასთანავ ერთად იძულებული ვიყავი აგვეფეთქებინა ხიდი.
- დარიალის, როკის და მამისონის უღელტეხილზედ სიმშვიდეა.