ციხელაშვილი „ბორდერიზაციასა“ და ოკუპირებულ ცხინვალში სამედიცინო სერვისების ნაკლებობაზე
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 20 მაისს განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ოკუპირებულმა ცხინვალმა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების ჩაკეტვა დაიწყო, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო უკვე 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ციხელაშვილი ახალგორის მკვიდრის, 63 წლის ჯუმბერ მილაძის გარდაცვალებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გარდაცვლილი ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობდა. მის ოჯახს ოკუპირებული ცხინვალი პაციენტის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაზე უარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეუბნებოდა.
სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ „ამ შეფერხებამ“ პაციენტის ჯანმრთელობაზე „მძიმე“ გავლენა იქონია და საბოლოოდ, როდესაც იგი წითელი ჯვრის მეშვეობით მაინც გადმოიყვანეს, „საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“.
- ახალგორელი პაციენტი გზაში გარდაიცვალა
- საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აფხაზეთსა და ცხინვალში COVID-19-ზე რეაგირებას აფასებს
ქეთევან ციხელაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ „ბორდერიზაციის“ პროცესიც შეაფასა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, იქ „ამ მომენტისთვის“ ახალი ინსტალაციების მშენებლობა არ მიმდინარეობს.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, კოვიდ-19-ის ფონზე „ბორდერიზაციის“ პროცესი „კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო აშკარად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომელიც არის „არალეგალური“, „სრულიად უკანონო“, „არაჰუმანური“ და „დამატებით პრობლემებს უქმნის მოსახლეობას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)