ლე მონდი: “მოსკოვი და პეკინი ვერ აცნობიერებენ, რომ რაც მათ ლიბერალური დემოკრატიების სისუსტედ მიაჩნიათ, სინამდვილეში მათი სიძლიერეა”
სილვი კაუფმანი (Sylvie Kaufmann), ფრანგული “ლე მონდის” სარედაქციო სტატიით ეხმიანება მოძრაობას “Black Lives Matter”.
უკვე ორი კვირაა, რაც სააგენტოებს Russia Today და Global Times დღესასწაული უდგათ. მართლაც, თუკი რუსეთის ანდა ჩინეთის პროპაგანდის საშუალება ხარ, ამაზე მეტი გასახარი რა უნდა მოხდეს – ამერიკის დიდი ქალაქები ამბოხის ქარცეცხლშია ჩაძირული. ჰოდა, წინ რა უდგას ღამის ფონზე ცეცხლმოდებული შენობის გამოცემის პლაკატად გაშვებას, მით უფრო, თუკი ამ ცეცხლის გარშემო კანის ყველა ფერის მანიფესტანტები სიხარულით ცეკვავენ… როგორ გინდა, თავი შეიკავო ბოროტი ქირქილისაგან, როცა პროტესტის მოძრაობა, მოულოდნელად, ევროპულ ქალაქებსაც გადაედება?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი, მარია ზახაროვა, თურმე შოკირებულია ამერიკაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენებით. მართლაც, რუსეთში ხომ მანიფესტაციებს ისე ახშობენ, ცრემლმდენი გაზი არც კი სჭირდებათ. ჰოდა, შოკირებული ზახაროვა 7 ივნისს მიმართავს ამერიკელებს: “დრო მოვიდა ადამიანის უფლებებს პატივი სცეთ და დემოკრატიის წესები დაიცვათო.” “მოვიდა დრო, პოზიორობას თავი ანებოთ და სარკეში ჩაიხედოთო,” უმატებს ზახაროვა. მსგავსი ტონითვე მეტყველებს პეკინიც, რომელმაც, ამავე დროს, ყოველი ზომა იხმარა, რათა კორონავირუსის საბაბით ჰონგ-კონგში ტიანანმენის მოედანზე 1989 წლის 4 ივნისს მომხდარი სისხლისღვრის აღნიშვნა აეკრძალა.
რუსული და ჩინური რეჟიმების მეხოტბეები ვერ ამჩნევენ, რომ ის, რასაც ისინი ლიბერალური დემოკრატიების სისუსტედ სახავენ – წინააღმდეგობის მოძრაობისა და არეულობის წარმოშობის უნარი – სინამდვილეში დემოკრატიული ქვეყნების ძლიერების წყაროცაა; რომ რუსი თუ ჩინელი ახალგაზრდები ახლა საპროტესტო მოძრაობებს ალბათ შურით შესცქერიან; რომ მოძრაობამ, რომელმაც ატლანტიკის ოკეანე უკვე გადალახა, თითქოს ხელახლა გააერთიანა ის დასავლეთი, რომელიც ტრამპის “უპირველესად – ამერიკა” დოქტრინამ ასე საფუძვლიანად დააქუცმაცა.
მოწამლული ურთიერთობა
მართლაცდა, თუკი ზედაპირულად შევხედავთ, ის თანამეგობრობა, რასაც ცივი ომის დროს “დასავლეთს” ვუწოდებდით (რათა საბჭოთა კავშირის ბატონობის მყოფი “აღმოსავლეთის” ბლოკისაგან გამოგვერჩია), დღეს ფრიად დაქუცმაცებულია. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დღევანდელი სავალალო მდგომარეობა უკვე ისტორიკოსების შესწავლის საგნად იქცა, ევროპელი ლიდერები კი ცდილობენ აშშ-სთან კავშირები შეაყოვნონ 3 ნოემბრამდე, იმ თარიღამდე, როცა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები – მათი მოლოდინით – ან უკეთესობას მოიტანს, ანდა უარესობისაკენ დაღმასვლას გააგრძელებს.
კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს დიდი შვიდეულის სამიტი ჩაუშალა იმ საბაბით, რომ პანდემიის პირობებში ვერ ვიმოგზაურებო. ამერიკის პრეზიდენტმა მუქარით უპასუხა (და აღასრულა კიდეც), გერმანიაში განლაგებული 34.500 კაციანი კონტინგენტიდან 9.500 სამხედროს გამოვიყვანო. უკვე აქამდეც მოვედით.
აშშ-სთან ურთიერთობის სირთულე თავად ევროკავშირის შიგნითაც სთესავს შუღლს: ჯერ ამერიკას ჯარების გამოყვანა ოფიციალურად არ დაედასტურებინა, როცა პოლონელმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკვე ცნობილი გახადა, რომ მისი ქვეყანა ძალიანაც დიდი სიამოვნებით უმასპინძლებდა გერმანიიდან გამომავალ ამერიკელებს. ეს ყოველივე ნათლად გვიჩვენებს, თუ რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს ტრამპის მეორე საპრეზიდენტო მანდატმა ევროპას: ნატო-ს შესაძლო დასასრული, ევროპულ სახელმწიფოებს შორის რუსეთისა და ჩინეთის საკითხზე უთანხმოების გაღრმავება, ჩინურ-ამერიკული დაპირისპირების გაუარესება და გლობალური პრობლემების – კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა თუ პანდემიების – საკითხების გადაჭრის გართულება, თუკი ევროპის აშშ-სთან ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.
თუმცა ეს ზედაპირულად. ფუნდამენტურად, ვითარება სხვაგვარია. ამომრჩეველთა მზარდი პოლარიზაციის მიუხედავად, რაც პოპულიზმის აღმავლობასაც უკავშირდება, დასავლური დემოკრატიების საერთო ღირებულებები კვლავაც ქმნის ამ ქვეყნების გამაერთიანებელ საძირკველს. რასიზმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლები სწორედ თანასწორობისა და თავისუფლების სახელით – განმანათლებლობიდან, ამერიკული და ფრანგული რევოლუციებიდან მომდინარე ღირებულებების სახელით ხდება და სწორედ ამიტომაც მოახერხა ამ მოძრაობამ იმათი სიმპატიაც მოეხვეჭა, ვინც თავად არაა ძალადობის მსხვერპლი – მათ შორის თავად პენტაგონის ელიტისაც კი.
ავტორიტარული რეჟიმები ამ მოძრაობაში მხოლოდ მის დამანგრეველ პოტენციალს ხედავენ, ძარცვისა და ძალადობის სცენებს. მათთვის უმჯობესია, არ დაინახონ მეორე განზომილება – გამოხატვის თავისუფლება და კანონის უზენაესობაზე დამყარებული სახელმწიფოების ქმედება, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად აირიდონ თავიდან რეპრესიები. მართალიც არიან, მოსკოვსა და პეკინში, როცა ამაზე თვალის დახუჭვას ამჯობინებენ – განა სწორედ თავისუფლებისაკენ სწრაფვამ არ დაამხო საბჭოთა იმპერია, აგერ 30 წლის წინათ?
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ 5 ივნისს, ინტერნეტით გამართული შეხვედრისას, დემოკრატმა სენატორმა ქრის მერფიმ აღიარა, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ამტყდარი არეულობა შეერთებული შტატების ჯერაც შეუხორცებელი ისტორიული იარების გამოძახილია. თუმცაღა, იქვე აღნიშნა, რომ ეს მოძრაობა “ამავე დროს იმაზეც მიუთითებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ძველ ტრავმებს ღიად გავუსწოროთ თვალი ისე, რომ აღშფოთებამ რეალური ცვლილებებისაკენ გვიბიძგოსო”.
სამოქალაქო საზოგადოება
ეს კომენტარი ევროპულ ქვეყნებსაც ეხება, სადაც მრავალმა გააპროტესტა ამერიკაში მომხდარი ინციდენტი, იმავე ლოზუნგით – Black Lives Matter (“შავკანიანთა სიცოცხლეც ღირებულია”). როგორც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და ქალებისა და მამაკაცების თანასწორობისათვის ორი წლის წინათ წამოწყებული მოძრაობა #metoo, ეს ტალღაც ქვემოდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან მოდის და ცვლილებებისკენ უბიძგებს მთავრობებსა და კანონმდებლებს. მოხდა ისე, რომ ორივე ეს მოძრაობა აშშ-დან დაიწყო. მათი ზემოქმედების ტალღის აგორებას სოციალურმა ქსელებმა შეუწყო ხელი, რომლებიც ასევე აშშ-ში იშვა. შემთხვევითი არაა, რომ ავტორიტარული მმართველები ახლა სწორედ სოციალური ქსელების მკაცრად გაკონტროლებას ლამობენ.
თუ ასე შევხედავთ, ამერიკის პირველობა შეიძლება დადებითი კუთხითაც გამოჩნდეს. ვერ დავმალავთ, რომ ამ მოძრაობებს თავიანთი ზედმეტობები ახლავს, ისინი ხშირად პოლიტკორექტულობის მძლავრი კულტურითაა ნასაზრდოები, რომლებიც სწორედ სოციალური ქსელების მიერაა წახალისებული და საწინააღმდეგო აზრს უარყოფს. არც ისაა დასამალი, რომ ხშირად ასეთი მიდგომებიც “გადის ექსპორტზე”.
თუმცა მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დასავლეთის დაღმასვლაზე, ჯერ არც ჩინეთის აღმავლობას და არც რუსეთის გეოპოლიტიკურ პრეტენზიებს არ შეუქმნიათ ისეთი ღირებულებები, რომლებიც მათი საზღვრების მიღმა მძლავრი სოციალური მოძრაობების შთამაგონებელი გახდებოდა.