საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის ზავი დაიდო
გაზ. ერთობა, 1920 წლის 16 ივნისი, N133
ზავი ადერბეიჯანთან
ჩვენ ვიცით ომი, მაგრამ უფრო გვიყვარს ზავი. ჩვენ ვიცით მტრის დახვედრა ხიშტით და ცეცხლით, მაგრამ უფრო მეტათ ვაფასებთ მოლაპარაკებას და მშვიდობის ჩამოგდებას. ადერბეიჯანთან ზავიც ამიტომ ჩვენთვის დიდათ სასიამოვნოა. საქართველოს დემოკრატიაც ამ სიხარულს სავსებით გაიზიარებს.
როგორია ზავის პირობები?
ამ ჟამათ ჩვენს ხელთ არ არის მთელი ტექსტი ამ ხელშეკრულებისა, ვიცით მხოლოდ, რომ ზავის პირობებით უზრუნველყოფილია ჩვენი სტრატეგიული საზღვრები და ამ რიგათ გვაქვს ერთგვარი გარანტია მოულოდნელი თავდასხმისაგან.
ტერიტორიალურ შემატებას საქართველო სხვის ხარჯზე არასოდეს არ ცდილობდა. ამ ჟამათ ჩვენს დელეგაციას სიხარბე არ გამოუჩენია. ზავის გულისთვის მას კიდევაც დაუთმია დროებით მაინც ისეთი ადგილები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მაგრამ, რომელთა საკითხი შეიძლება შემდეგში მშვიდობიანი გზით, უსისხლოთ მოგვარდეს. ასეთი საკითხია ზემო ყარაიაზის და ზაქათალის ოლქი. პირველი ამათგანი დღესაც აზერბაიჯანის ხელქვეით არის დარჩენილი. მეორე კი ნეიტრალურ ადგილათ გამოცხადებული, სანამ შერეული კომისია არბიტრთან ერთათ გადაწყვეტდეს მის ბედს.
მართალია ზაქათალის მცხოვრებლებმა თვით მოითხოვეს ჩვენი ჯარის შეყვანა, და საქართველოსთან შემოერთება, მაგრამ ზავის გულისათვის, სისხლის ღვრის ასაცილებლათ, ჩვენმა დელეგაციამ შესვლას ამჯობინა საკომისიოთ საკითხის გადაცემა.
რომ ზავი არა, ეჭვი არაა ამ პატარა კუთხეს კვლავ შემოადგებოდა გამარჯვებული ჯარი კომუნისტების, რომელნიც წინადღით დამარცხებულნი გაბრძანდნენ აქედან და წვითა და დაგვით მოივლიდნენ ამ პატარა კუთხეს, რომელიც უდაოთ საქართველოს ნაწილს შეადგენს. ზავმა იხსნა ეს კუთხე შემოსევისაგან და ამით უდიდესი მნიშვნელობა ქონდა მას. მოღერებული ხმალი შეჩერდა ზაქათალის საზღვარზე. და თუნდაც ჩვენ სრული იმედი გვქონდა, რომ ამ ხმალს მტერს თავზე გადავატეხდით, მაგრამ მაინც ზავი სჯობია, რადგან ომი გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ერთნაირათ იძლევა მსხვერპლებს და უმიზნოთ დაღვრილ სისხლს.
ამრიგათ ზავმა შეაჩერა აღმოსავლეთის ფრონტი და გამოარკვია ჩვენი საზღვრები ადერბეიჯანთან. საქართველო ჩამოყალიბდა ამ მხრივ.
ნუ დაგვაფიქრებს ის გარემოება, რომ ისტორიული საზღვრები, რომელიც უფრო გამოსადეგი იყო სტრატეგიულათ, არ იქნა აღდგენილი. ამ საზღვრებამდე მისვლა იქნებოდა მრავალი უცხო ელემენტის შემოყვანა ჩვენს სახელმწიფოში, რაც დიდ დადებით ღირსებათ ვერ ჩაითვლება ეროვნულ სახელმწიფოსთვის.
ჩვენთვის ყველა საზღვარზე უმეტესი მნიშვნელობა აქვს მეზობელთან კეთილგანწყობილებას.
ადერბეიჯანის ხალხი, მასსა მუსულმანების არასოდეს არ ყოფილა ჩვენთან მტრულად განწყობილი. მხოლოდ გაბოროტებულმა ბოლშევიკურმა კომისრებმა შექმნეს აქ ფრონტი რუს წითელ არმიელების საშუალებით. და თუ დღეს ამ არმიელებმა იგრძნეს, რომ საქართველო არ არის ადვილათ წასაჯეკნი და ფეხქვეშ არავის გაეთელვინება – ეს რულიად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას შექმნის ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე. რუსეთთან ზავს მოყვა ადერბეიჯანთან მორიგება. ამ რიგათ მშვიდობიანობის რკალი თანდათან ფართოვდება ჩვენს გარშემო.
და ჩვენ სიამოვნებით ვამბობთ – გაუმარჯოს ზავს!
გაუმარჯოს ერთა შორის მშვიდობიანობას!